ღვთის სიტყვის შესრულებას ბედნიერება მოაქვს
„ჩვენ გვესმის, რომ ეს კონგრესი წარმოადგენს იეჰოვას კიდევ ერთ ღონისძიებას, რომლითაც ის სამეფოსთან დაკავშირებული შემდგომი საქმიანობისთვის გვამზადებს“, — აღნიშნა დასაწყისში ერთმა მომხსენებელმა იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე — „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“. მან განაგრძო: „ჩვენ განწყობილი ვართ, მოვისმინოთ რჩევა-დარიგებები ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შესახებ, გავმხნევდეთ, რათა ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვას ორგანიზაციასთან, აღვიძრათ სამეფო მსახურებაში გულმოდგინების შესანარჩუნებლად და შეხსენება მივიღოთ სიფხიზლის აუცილებლობის შესახებ“.
ორიათასი წლის მაისის ბოლო რიცხვებიდან მოყოლებული, ღვთის სიტყვის მილიონობით შემსრულებელმა, მეგობრებითურთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადგილას მოიყარა თავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიბლიური განათლების მისაღებად. რა ისწავლეს მათ ამ სამდღიანი კონგრესის დროს?
პირველი დღე — ნუ დაივიწყებთ იეჰოვას ყველა ქმედებას
შესავალ მოხსენებაში თავმჯდომარემ მსმენელებს მოუწოდა, დაენახათ ის კურთხევები, რომლებიც მოაქვს კონგრესების დროს გამაერთიანებელ თაყვანისმცემლობას იეჰოვას მიმართ. ყველა დამსწრე დაარწმუნეს იმაში, რომ გაძლიერდებოდნენ რწმენაში და იეჰოვასთან მათი ურთიერთობა განმტკიცდებოდა.
„ბედნიერმა ღმერთმა“ იცის, რა არის საჭირო თითოეული ჩვენგანის ბედნიერებისთვის (1 ტიმოთე 1:11, აქ). ამიტომ მოხსენებაში „ღვთის ნების შესრულებას ბედნიერება მოაქვს“ ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, რომ იეჰოვას სიტყვაში, ბიბლიაში, აღწერილია ცხოვრების საუკეთესო გზა (იოანე 13:17). იეჰოვას დიდი ხნის მოწმეებისგან აღებულმა რამდენიმე ინტერვიუმ ცხადყო, სხვადასხვა ვითარებაში ღვთის ნების შესრულება როგორ მატებს აზრს ჩვენს ცხოვრებას. მომდევნო მოხსენებაში „სიხარულით გაბრწყინდით იეჰოვას სიკეთის გამო“ ხაზგასმული იყო ის, რომ ქრისტიანებს, როგორც ‘ღვთის მიმბაძველებს’, სურთ ‘ყოველგვარი სიკეთე’ თესონ თავიანთ ცხოვრებაში (ეფესელთა 5:1, 9, სსგ). ამის შესანიშნავად გაკეთება კეთილი ცნობის ქადაგებითა და მოწაფეების მომზადებით არის შესაძლებელი (ფსალმუნი 144:7).
მოხსენებამ „მუდამ ხედავდეთ მას, ვინც უხილავია“ დაგვანახვა, როგორ გვეხმარება ძლიერი რწმენა უხილავი ღვთის „დანახვაში“. მომხსენებელმა განმარტა, როგორ ეცნობიან სულიერი ადამიანები ღვთის თვისებებს; ამავე დროს, როგორ ათვითცნობიერებენ იმას, რომ ღმერთს შესწევს უნარი, ისიც კი იცოდეს, თუ რას ვფიქრობთ (იგავნი 5:21). და-ძმებისგან აღებულ ინტერვიუებში აღინიშნა, თუ რა ნაბიჯები გადადგეს იმისათვის, რომ უფრო ძლიერი რწმენა განევითარებინათ და ცხოვრებაში პირველ ადგილზე სულიერი ინტერესები დაეყენებინათ.
დილის პროგრამა დასრულდა მთავარი მოხსენებით „განადიდეთ იეჰოვა — სასწაულებრივი საქმეების მოქმედი“. ეს დაეხმარა მსმენელებს იმის გაგებაში, რომ, რაც უფრო მეტს ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო მეტი საფუძველი გვაქვს მის, როგორც სასწაულებრივი საქმეების მოქმედის, განსადიდებლად. მომხსენებელმა თქვა: „როცა ვფიქრობთ ღვთის შემოქმედებით სასწაულებრივ საქმეებსა და იმ სასწაულებზე, რასაც ის ახლა ახდენს ჩვენთვის, აღძრული ვართ, განვადიდოთ ღმერთი გულითადი მადლიერებით. როცა ვფიქრობთ იმ სასწაულებრივ საქმეებზე, რომლებიც მან წარსულში თავისი ხალხისთვის გააკეთა, მისი განდიდების სურვილი გვიჩნდება. როცა ვუფიქრდებით იეჰოვას დაპირებებს, რომ მომავალში სასწაულებრივ საქმეებს მოიმოქმედებს, ჩვენ ასევე ვეძებთ საშუალებებს მადლიერების გამოსახატავად“.
ნაშუადღევის პროგრამა დაიწყო მოხსენებით „სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ“, რომელიც ყველა დამსწრეს შეახსენებდა, რომ ამ წუთისოფლის ზეგავლენა აღსასრულის სიახლოვეზე მეტყველებს (2 ტიმოთე 3:1). მაგრამ იმით, რომ არ ვთმობთ ჩვენს პოზიციებს, შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ‘მორწმუნენი ვართ სულის სახსნელად’ (ებრაელთა 10:39).
რა ბიბლიური რჩევა იყო შემოთავაზებული ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით? კონგრესის პირველი მოხსენებათა სერიის „დაემორჩილეთ ღვთის სიტყვას“ პირველი ნაწილი დაიწყო მოხსენებით „მეუღლის არჩევისას“. ცხოვრების თანამგზავრის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებაა. ამიტომ ქრისტიანების სურვილია, დაქორწინდნენ მაშინ, როცა მოწიფულები გახდებიან და ‘მხოლოდ უფალში’ იქორწინონ (1 კორინთელთა 7:39). მოხსენებათა სერიის მომდევნო ნაწილში განხილული იყო ის, რომ იეჰოვას სურვილია, ყველა ქრისტიანულმა ოჯახმა წარმატებებს მიაღწიოს როგორც სულიერად ძლიერმა ერთეულმა, და შემოთავაზებული იყო პრაქტიკული წინადადებები ამის განსახორციელებლად. დასკვნით ნაწილში მშობლებს შეახსენეს იმის თაობაზე, რომ ასწავლონ თავიანთ შვილებს, უყვარდეთ ღმერთი, და პირველ რიგში თავად მშობლებმა გამოავლინონ ღვთისადმი სიყვარული.
მოხსენებაში „ერიდე ხმების გავრცელებასა და ჭორაობას“ წარმოდგენილი პუნქტები ყველას დაეხმარა იმის დანახვაში, რომ, თუმცა შეიძლება ჩვენ გარშემო საკვირველი ამბები ხდება, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და როცა სენსაციურ ინფორმაციას ვიგებთ, ადვილად არ უნდა დავიჯეროთ. ქრისტიანები უპირატესობას ისეთ საკითხზე საუბარს ანიჭებენ, რის შესახებაც იციან, რომ ჭეშმარიტებაა — მაგალითად, სამეფოს შესახებ კეთილ ცნობაზე. ბევრისთვის ძალიან მანუგეშებელი და გამომაცოცხლებელი იყო მომდევნო მოხსენება «გავუმკლავდეთ „ეკალს სხეულში“». ეს დაეხმარა მათ იმის გაგებაში, რომ დღეს არსებული სირთულეების მიუხედავად, რომლებსაც შესაძლოა ვაწყდებოდეთ, იეჰოვას შეუძლია თავისი სულიწმიდის, სიტყვისა და ჩვენი ქრისტიანული საძმოს საშუალებით გაგვაძლიეროს. ამ მხრივ შეიძლებოდა ძალიან გამხნევებულიყავით პავლე მოციქულის პირადი გამოცდილებიდან (2 კორინთელთა 12:7—10; ფილიპელთა 4:11, 13).
პირველი დღე დასრულდა მოხსენებით „ფეხდაფეხ მიჰყევით იეჰოვას ორგანიზაციას“. განხილული იყო სამი სფერო, რომლებშიც ღვთის ორგანიზაციამ განსაკუთრებით წინ წაიწია: 1) იეჰოვასგან მომდინარე სულიერი სინათლის შესახებ უფრო მეტის გაგება, 2) მსახურება, რომელიც იეჰოვამ მოგვანდო, და 3) ორგანიზაციული საქმეების დროულად მოწესრიგება. ამის შემდეგ მომხსენებელმა მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ დიდი ინტერესით შევყურებთ მომავალს“. მან ასეთი კითხვა დასვა: „ნუთუ უნდა დავეჭვდეთ იმაში, რომ მრავალი საფუძველი არსებობს ჩვენი რწმენის ბოლომდე მტკიცედ შესანარჩუნებლად?“ (ებრაელთა 3:14). პასუხი ნათელი იყო. ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ გამოვიდა ახალი ბროშურა — „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“. ეს ბროშურა, როგორც საუკეთესო დამხმარე სახელმძღვანელო, იეჰოვას გაცნობის საშუალებას მისცემს შეზღუდული განათლების მქონე ადამიანებს ან მათ, ვინც კარგად ვერ კითხულობს.
მეორე დღე — მუდამ ილაპარაკეთ ღვთის სასწაულებრივ საქმეებზე
ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ კონგრესის მეორე დღე გაგრძელდა მოხსენებათა სერიით „ღვთის სიტყვის მსახურები“. პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ დღეს ჩვენი გლობალური სამქადაგებლო საქმიანობა წინ მიიწევს. მაგრამ ამ საქმეში ჩვენი სიმტკიცე იმით იცდება, რომ უმრავლესობა სამეფოს ცნობას უარყოფს. რამდენიმე დიდი ხნის მორწმუნე მაუწყებელმა ახსნა, საკუთარი გულისა და გონების გამაგრებით როგორ შეინარჩუნეს სიხარული მსახურებისას გულგრილობისა თუ წინააღმდეგობის ასატანად. მეორე ნაწილში კონგრესის დელეგატებს შეახსენეს ის, რომ იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, როგორც ოფიციალურად, ისე არაფორმალურად, ყველგან ხმა მიაწვდინონ ადამიანებს. დაბოლოს, ნაწილში აღწერილი იყო ის სხვადასხვა სფერო, რომლებშიც ყველა ქრისტიანს შეუძლია გააფართოოს თავისი მსახურება. მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის შესასრულებლად პირველ ადგილზე ღვთის სამეფო უნდა დავაყენოთ მაშინაც კი, თუ ამისთვის სირთულეების ატანა და თავგანწირვის გამოვლენაა საჭირო (მათე 6:19—21).
რამდენადაც უღვთო წუთისოფელში ვცხოვრობთ, რომელიც დაუცხრომლად ისწრაფვის სიმდიდრისკენ, მოხსენება „განავითარეთ ღვთისადმი ერთგულება კმაყოფილებასთან ერთად“ ძალიან დროული იყო. მომხსენებელმა 1-ლი ტიმოთეს 6:6—10, 18, 19-ზე დაყრდნობით გაკეთებული რამდენიმე კომენტარით ცხადყო, როგორ ეხმარება ქრისტიანებს ღვთისადმი ერთგულება, მოერიდონ ფულის სიყვარულს, რომელსაც შეუძლია გზა აუბნიოს მათ და ბევრი ტკივილი მიაყენოს. მან ყურადღება შეაჩერა იმაზე, რომ, როგორიც უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, ბედნიერება დამოკიდებულია იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასა და ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე. ბევრის გულს ძალიან შეეხო აზრები მოხსენებიდან „არ შეარცხვინოთ ღმერთი“. ამ მოხსენებაში ყურადღება იყო გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ იეჰოვა არასდროს ივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს. შეუდარებელი მაგალითი იესო ქრისტესი, რომელიც „იგივეა გუშინ და დღეს, და უკუნისამდეც“, ბევრს დაეხმარება სიცოცხლისთვის რბოლის მოთმინებით გაგრძელებაში (ებრაელთა 13:8).
პროგრამის ბოლო ნაწილში წარმოითქვა მონათვლასთან დაკავშირებული მოხსენება, რომელიც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა იეჰოვას მოწმეების დიდ შეხვედრებზე. რა სასიხარულო იყო ახალმონათლულთა დანახვა, რომლებიც წყალში მონათვლით იესოს ნაკვალევს მიჰყვებიან! (მათე 3:13—17). ყველამ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, როგორც ღვთის სიტყვის შემსრულებელმა, უკვე ბევრი რამ გააკეთა. გარდა ამისა, როდესაც ისინი მოინათლნენ, კეთილი ცნობის მსახურებად დაინიშნენ და უზომოდ გახარებულნი იყვნენ იმის გამო, რომ მონაწილეობას იღებდნენ იეჰოვას სახელის განწმენდაში (იგავნი 27:11).
მოხსენებაში «მოწიფულობა გვესაჭიროება „კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“» მოცემული იყო კონკრეტული რჩევა. წუთისოფლის ნორმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სწორი და არასწორი, შემაძრწუნებლად არასრულფასოვანია. ამიტომ ამ მხრივ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იეჰოვას პრინციპების სრულფასოვნებაში (რომაელთა 12:2). ყველა ჩვენგანს მოუწოდეს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზუსტი ცოდნა მივიღოთ ღვთის პრინციპების შესახებ და მოწიფულები გავხდეთ. შემდეგ კი პრაქტიკულად გავწაფოთ საკუთარი გრძნობები „კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ (ებრაელთა 5:11—14).
ამას მოჰყვა მოხსენებათა სერია, სათაურით „მძიმედ იშრომეთ სულიერობის განვითარებისთვის“. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სულიერობის განვითარება და შენარჩუნება. ამისთვის მძიმედ შრომა — კითხვა, შესწავლა და დაფიქრება — მოითხოვება (მათე 7:13, 14; ლუკა 13:24). სულიერი ადამიანები ‘ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებასაც’ წარმოთქვამენ (ეფესელთა 6:18). ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ ჩვენი ლოცვებიდან ჩანს, თუ რამდენად ძლიერი რწმენა გვაქვს, რამდენად ერთგულები და სულიერი ადამიანები ვართ და ამავე დროს ის, თუ რა წარმოადგენს ჩვენთვის ‘უფრო მნიშვნელოვანს’ (ფილიპელთა 1:10, აქ). აგრეთვე ხაზგასმული იყო, რომ, მნიშვნელოვანია იეჰოვასთან ახლო, სიყვარულით აღსავსე ურთიერთობის განვითარება, ისევე როგორც მორჩილი ბავშვი ავითარებს გულკეთილ მამასთან ურთიერთობას. ჩვენ არა მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგია გვაქვს, არამედ სურვილიც, ისე გავძლიერდეთ რწმენაში, რომ ‘თითქოს უხილავს ვხედავდეთ’ (ებრაელთა 11:6, 27).
სულიერ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხი განხილული იყო მომდევნო მოხსენებაში „ყველასთვის ცხადი გახადეთ თქვენი წარმატება“. ძმამ მიმოიხილა ასეთი წინსვლის ხელშემწყობი სამი ფაქტორი: 1) უფრო მეტი ცოდნისა და სიბრძნის შეძენა და გაგების უნარის განვითარება; 2) ღვთის სულის ნაყოფების გამომუშავება და 3) ჩვენი, როგორც ოჯახის წევრების, მოვალეობების შესრულება.
ბოლოს მოხსენების — „ღვთის სიტყვის სინათლით თანდათანობით განათებულ ბილიკებზე სიარული“ — დასასრულს კონგრესის დელეგატები ძალიან გაახარა ახალი წიგნის მიღებამ, სახელწოდებით „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“. ეს არის იმ ორტომიანი წიგნის პირველი ტომი, რომელიც წიგნ „ესაია წინასწარმეტყველის“ თავებს თანმიმდევრულად განიხილავს. „ესაიას წიგნი დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის,— შენიშნა მომხსენებელმა. შემდეგ განაგრძო,— მართალია, ბევრი მისი წინასწარმეტყველება ესაიას დღეებში. . . შესრულდა. . . მაგრამ ბევრი მათგანი ჩვენს დროში სრულდება და ზოგიც ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში შესრულდება“.
მესამე დღე — იყავით იეჰოვას სიტყვის შემსრულებლები
კონგრესის ბოლო დღე ყოველდღიური მუხლის განხილვით დაიწყო. ამას მოჰყვა მოხსენებათა სერია „სოფონიას მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება ღვთის ნების შემსრულებლებისთვის“. ამ სერიის სამმა მოხსენებამ ცხადყო, რომ, როგორც თავნება იუდაელთა დღეებში, ისე დღესაც იეჰოვა უბედურებას დაატეხს თავს მათ, ვინც ყურად არ იღებს მის გაფრთხილებას. რადგან ასეთი ადამიანები ღვთის წინაშე ცოდვას სჩადიან, უმწეო ბრმებივით ივლიან, რომლებიც ვერ გადარჩებიან. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელი გულით ეძებენ იეჰოვას და ისინი დაცული იქნებიან ღვთის რისხვის დღეს. უფრო მეტიც, ისინი უკვე ახლა იღებენ მრავალ კურთხევას. მათ აქვთ ბიბლიური ჭეშმარიტების ‘სუფთა ენით’ ლაპარაკის შესანიშნავი შესაძლებლობა (სოფონია 3:9). მომხსენებელმა აღნიშნა: „სუფთა ენით ლაპარაკი არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება გვწამდეს და მას სხვებს ვასწავლიდეთ, არამედ იმასაც, რომ ჩვენი საქციელი შევუთანხმოთ ღვთის კანონებსა და პრინციპებს“.
კონგრესის დელეგატები მოუთმენლად ელოდებოდნენ დრამის „გამაფრთხილებელი მაგალითები ჩვენი დროისთვის“ დაწყებას. ამ კოსტიუმირებულ დრამაში ნაჩვენები იყო, აღთქმული ქვეყნის საზღვართან როგორ დაიღუპა ათასობით ისრაელი იმის გამო, რომ დაივიწყეს იეჰოვა და წარმართ ქალებს დართეს ნება, მრუშობითა და ცრუ თაყვანისმცემლობით შეეცდინათ ისინი. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, იამინი, თავდაპირველად არჩევნის წინაშე დადგა — ცდუნდებოდა ის მოაბელი ქალების სილამაზით თუ იეჰოვას ერთგული დარჩებოდა? ამავე დროს, ცხადი გახდა უღვთო ზიმრის არასწორი მსჯელობა და შეცდომაში შემყვანი აზროვნება და ფინხასის რწმენა და ერთგულება. დრამაში ცოცხლად იყო აღწერილი, რა საშიშროების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს იმ ადამიანებთან ურთიერთობამ, რომლებსაც არ უყვართ იეჰოვა.
ამ დრამამ მსმენელები მომდევნო მოხსენების „ნუ გახდებით დამვიწყებელი მსმენელები“ მოსასმენად განაწყო. 1-ლი კორინთელთა 10:1—10-ის გარჩევამ ცხადყო, რომ იეჰოვა სცდის ჩვენს მორჩილებას, რათა განსაზღვროს, გავხდებით თუ არა მემკვიდრეობის მიღების ღირსნი ახალ ქვეყნიერებაში. ზოგს ახლაც კი, როცა სადაცაა შევალთ ახალ სისტემაში, ხორციელი გულისთქმები აბრკოლებს სულიერი მიზნების მიღწევაში. ყველას მოუწოდეს, რომ არ დაეკარგათ ‘იეჰოვას სიმშვიდეში შესვლის’ შესაძლებლობა (ებრაელთა 4:1).
ამის შემდეგ წარმოითქვა საჯარო მოხსენება თემაზე „რატომ უნდა დავაკვირდეთ ღვთის სასწაულებრივ საქმეებს“. იეჰოვას „სასწაულებრივი საქმეები“ მისი სიბრძნისა და ჩვენ გარშემო არსებულ ფიზიკურ ქმნილებებზე მისი ძალაუფლების შესახებ მეტყველებს (იობი 37:14). იეჰოვას მიერ დასმული რამდენიმე დამაფიქრებელი კითხვა ყოვლისშემძლე ღმერთის ძალასთან დაკავშირებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა იობზე. იეჰოვა მომავალშიც მოიმოქმედებს „სასწაულებრივ საქმეებს“ თავის ერთგულ მსახურთა სასარგებლოდ. მომხსენებელმა ასეთი სიტყვებით დაასრულა: „ჩვენ მრავალი მიზეზი გვაქვს, დავაკვირდეთ იეჰოვას სასწაულებრივ საქმეებს — იმას, რაც მან წარსულში მოიმოქმედა, რასაც დღეს აკეთებს ჩვენ გარშემო არსებულ ქმნილებებთან დაკავშირებით და რის გაკეთებასაც გვპირდება ახლო მომავალში“.
„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის მოკლე მიმოხილვის შემდეგ წარმოითქვა კონგრესის ბოლო მოხსენება „დიდად დააფასეთ ღვთის სიტყვის შემსრულებლად ყოფნის უპირატესობა“. ამ ამაღელვებელ მოხსენებაში ხაზგასმული იყო, რომ დიდი პატივია, იყო ღვთის სიტყვის შემსრულებელი (იაკობი 1:22). მსმენელებს შეახსენეს, რომ ჩვენ, როგორც ღვთის სიტყვის შემსრულებლებს, შესანიშნავი უპირატესობა გვაქვს და, რაც უფრო დიდი ხნის განმავლოაბაში შევასრულებთ ღვთის სიტყვას, მით უფრო დავაფასებთ ამას. ყველა დამსწრეს მოუწოდეს, ეფიქრათ იმაზე, თუ რაოდენ გამამხნევებელი იყო ეს საოლქო კონგრესი, რომელმაც სურვილი აღუძრა მათ, რაც კი შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ ღვთის სიტყვის შესასრულებლად. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ადამიანს, მიაღწიოს უდიდეს ბედნიერებას.
[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]
შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
პარასკევს, ნაშუადღევს, გამოცხადდა, რომ გამოვიდა ახალი ბროშურა „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“. მსოფლიოს მრავალ კუთხეში ბიბლიური შემეცნების გამარტივებული სახით მიღების აუცილებლობაა და ეს ბროშურა სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. მისი საშუალებით ის ადამიანები, რომლებსაც შეზღუდული განათლება აქვთ ან კარგად ვერ კითხულობენ, ნამდვილად კურთხეულნი იქნებიან.
[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]
„ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“
კონგრესის დელეგატები აღფრთოვანებული იყვნენ იმით, რომ მიიღეს ორტომიანი წიგნის „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“ პირველი ტომი. ამ პუბლიკაციაში ხაზი ესმება იმას, თუ რა პრაქტიკული ღირებულება აქვს ესაიას წინასწარმეტყველებას ჩვენს დღეებში.