საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w05 11/15 გვ. 10-12
  • სიყვარულით მოსმენის ხელოვნება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიყვარულით მოსმენის ხელოვნება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მნიშვნელოვანი ფაქტორი
  • მოვუსმინოთ, რათა გავიგოთ, რას გრძნობენ სხვები
  • სიყვარულით მოსმენა ადვილი არ არის
  • მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ისმინეთ და ისწავლეთ
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • როგორ მოვუსმინოთ ღმერთს?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
w05 11/15 გვ. 10-12

სიყვარულით მოსმენის ხელოვნება

„მადლობა, რომ მომისმინე“. უთქვამს ამ ბოლო დროს ვინმეს თქვენთვის ასეთი სიტყვები? თუ დიახ, ეს ნიშნავს, რომ შეგაქეს! კარგ მსმენელს თითქმის ყველა აფასებს. ჩვენ შეგვიძლია გავამხნევოთ გულგატეხილი და პრობლემებით დამძიმებული ადამიანები, თუ ყურადღებით მოვუსმენთ მათ. და განა სხვებისთვის კარგად მოსმენა არ გვეხმარება, რომ გვიყვარდეს ისინი? ქრისტიანულ კრებაში სიყვარულით მოსმენა ‘სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის ერთმანეთის წახალისების’ განუყოფელი ნაწილია (ებრაელები 10:24).

მაგრამ მრავალი ადამიანი არ არის კარგი მსმენელი. მათ მოსწონთ რჩევის მიცემა, საკუთარ თავზე ლაპარაკი ან თავიანთი თვალსაზრისის გამოთქმა, ნაცვლად იმისა, რომ ყური დაუგდონ, რის თქმა უნდათ სხვებს. მოსმენა მართლაც რომ ხელოვნებაა. როგორ შეგვიძლია სიყვარულით მოსმენა ვისწავლოთ?

მნიშვნელოვანი ფაქტორი

იეჰოვა ჩვენი „დიდებული მოძღვარია“ (ესაია 30:20, აქ). მას შეუძლია მრავალი რამ გვასწავლოს მოსმენის შესახებ. განვიხილოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა წინასწარმეტყველ ელიას. იზებელის მუქარით შეშინებულმა ელიამ უდაბნოში გაქცევით უშველა თავს და სიკვდილიც კი ინატრა. იქ ღვთის ანგელოზი ელაპარაკა მას. როდესაც წინასწარმეტყველმა თავისი შიშის შესახებ უთხრა, იეჰოვამ მოუსმინა და შემდეგ თავისი უდიდესი ძალა დაანახვა. როგორი იყო შედეგი? ელიას შიშის გრძნობა გაუქრა და თავისი დავალების შესასრულებლად დაბრუნდა (3 მეფეთა 19:2—15). რატომ ხარჯავს იეჰოვა დროს, რომ მოუსმინოს, რა აწუხებთ მის მსახურთ? იმიტომ, რომ ის ზრუნავს მათზე (1 პეტრე 5:7). ადამიანი კარგი მსმენელი რომ გახდეს, ამისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ზრუნავდეს სხვებზე და ნამდვილად შესტკიოდეს მათზე გული.

როდესაც ერთმა ბოლივიელმა მამაკაცმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მადლობელი იყო თანამორწმუნეებისა, რომლებმაც ასეთი მზრუნველობა გამოავლინეს. ამ მამაკაცმა თქვა: „ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო. ვეჭვობ, იეჰოვას მსახურებაში დავრჩენილიყავი, ერთ ძმას ჩემთვის მოსასმენად დრო რომ არ გამოეყო. ის ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ იმის დანახვამ, რომ ის ყურადღებით მისმენდა, ძალები შემმატა. მე რჩევა არ მჭირდებოდა, რადგან ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მე მხოლოდ იმის დანახვა მჭირდებოდა, რომ ვიღაცას აღელვებდა ის, თუ რას ვგრძნობდი. მოსმენით მან გულგატეხილობისგან მიხსნა“.

სიყვარულით მოსმენის ხელოვნების უდიდესი მაგალითი იესო ქრისტემ დაგვიტოვა. იესოს სიკვდილიდან მალევე მისი ორი მოწაფე იერუსალიმიდან 11 კმ-ით დაშორებულ სოფელში გაემგზავრა. ცხადია, ისინი დამწუხრებულები იყვნენ. მათ გზაში მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე დაემგზავრათ. ის დიდი სიფრთხილით შერჩეულ კითხვებს უსვამდა მათ, რათა მათი საწუხარი გაეგო და მოწაფეებიც პასუხობდნენ. მათ იესოს თავიანთი იმედის შესახებ უამბეს და ისიც უთხრეს, რომ ახლა იმედგაცრუებულები და დაბნეულები იყვნენ. იესომ მზრუნველობა გამოავლინა და სიყვარულით მოუსმინა მათ; ამან განაწყო ორივე მოწაფე, რომ მისთვისაც მოესმინათ; იესომ კი „განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“ (ლუკა 24:13—27).

თუ ინიციატივას გამოვავლენთ და პირველები მოვუსმენთ სხვებს, ამით სიყვარულს გამოვავლენთ და ამგვარად განვაწყობთ მათ, რომ ჩვენც მოგვისმინონ. „ჩემსა და ჩემი ქმრის მშობლებს არ მოსწონდათ, თუ როგორ ვზრდიდი შვილებს“, — ამბობს ერთი ბოლივიელი ქალი. — მწყინდა მათი შენიშვნები, მაგრამ, როგორც მშობელი, საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი. ამ დროისათვის ერთმა იეჰოვას მოწმემ მომაკითხა. ის ღვთის დაპირებების შესახებ მელაპარაკა. მაგრამ ჩემი თვალსაზრისითაც დაინტერესდა, რითაც დამანახვა, რომ მზად იყო, ჩემთვის მოესმინა. მე ის სახლში შევიპატიჟე და მალე ჩემი პრობლემის შესახებ გული გადავუშალე. მან მოთმინებით მომისმინა, შემდეგ კი მკითხა, რა მსურდა ჩემი შვილებისთვის და რას ფიქრობდა ჩემი მეუღლე ამის შესახებ. რამხელა შვება ვიგრძენი ამ ადამიანთან, რომელიც მზად იყო, ჩემთვის გაეგო. როდესაც მან დამანახვა, რას ამბობს ბიბლია ოჯახური ცხოვრების შესახებ, მივხვდი, რომ ველაპარაკებოდი ადამიანს, რომელსაც ნამდვილად აღელვებდა ჩემი მდგომარეობა“.

„სიყვარული . . . თავისას არ ეძებს“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორინთელები 13:4, 5). ამგვარად, სიყვარულით მოსმენა ნიშნავს, ჩვენი ინტერესები უკანა პლანზე გადავიტანოთ. ეს შეიძლება მოითხოვდეს ტელევიზორისა და ტელეფონის გამორთვას ან გაზეთის გვერდზე გადადებას მაშინ, როცა სხვები სერიოზული პრობლემების შესახებ გვიყვებიან. სიყვარულით მოსმენა იმას ნიშნავს, რომ მთელი გულით დავინტერესდეთ, თუ რას ფიქრობს მოსაუბრე. ამისათვის საჭიროა, მოვერიდოთ საკუთარ თავზე საუბრის გადატანას შემდეგი სიტყვებით: „მახსენდება, რომ მეც იგივე დამემართა რამდენიმე ხნის წინ“. მეგობრულ საუბარში ასეთი რამ მისაღებია, მაგრამ ვინმე თუ სერიოზულ პრობლემაზე გვესაუბრება, ჩვენი ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ. სხვებისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა სხვა სახითაც არის შესაძლებელი.

მოვუსმინოთ, რათა გავიგოთ, რას გრძნობენ სხვები

იობის მეგობრებმა იობს სულ მცირე ათჯერ მაინც მოუსმინეს. მიუხედავად ამისა, იობმა წამოიძახა: „ნეტავ ვინმე მომისმენდეს მე!“ (იობი 31:35). რატომ? იმიტომ, რომ მისმა მსმენელებმა არ ანუგეშეს ის. ისინი არ ზრუნავდნენ იობზე და არც მისი გრძნობების გაგებას ცდილობდნენ. ისინი ნამდვილად არ იყვნენ თანამგრძნობი მსმენელები. მოციქული პეტრე გვირჩევს: „ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი“ (1 პეტრე 3:8). ჩვენ როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის გამოვლენა? სხვა ადამიანის ტკივილის გულთან ახლოს მიტანით და იმის მცდელობით, რომ გავუგოთ მათ. ჩვენი დაინტერესება ადამიანს შეიძლება თანაგრძნობით აღსავსე ისეთი სიტყვების თქმამაც დაანახვოს, როგორიცაა: „გულსატკენია“ ან „ალბათ, ადვილი არ იქნებოდა“. კიდევ ერთი საშუალებაა, ჩვენი სიტყვებით გადმოვცეთ ის, რაც მან გვიამბო, რითაც დავანახვებთ, რომ გავიგეთ მისი ნათქვამი. სიყვარულით მოსმენა ნიშნავს, ყურადღებით მოვისმინოთ არა მარტო სიტყვები, არამედ შევნიშნოთ ისიც, თუ რა გრძნობით არის ეს სიტყვები ნათქვამი.

რობერტიa იეჰოვას მოწმე და გამოცდილი სრული დროით მსახურია. ის მოგვითხრობს: „იყო დრო, როცა ჩემი მსახურებით უკმაყოფილო გავხდი. ამიტომ, მიმომსვლელ ზედამხედველთან დალაპარაკება ვითხოვე. მან მართლაც კარგად მომისმინა და შეეცადა, ჩემთვის გაეგო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის იმასაც კი მიმიხვდა, მეშინოდა, ჩემი აზროვნების გამო არ გავეკრიტიკებინე. ძმამ დამარწმუნა, რომ ჩემი გრძნობების გაგება შესაძლებელი იყო, რადგან მასაც იგივე ჰქონდა განცდილი. ეს ნამდვილად დამეხმარა მსახურების გაგრძელებაში“.

შეგვიძლია, ისე მოვუსმინოთ ადამიანს, რომ არ დავეთანხმოთ მის ნათქვამს? შეგვიძლია მას მადლობა ვუთხრათ, რომ თავისი გრძნობები გაგვიზიარა? რა თქმა უნდა. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენმა ვაჟმა სკოლაში იჩხუბა ან მოზარდი გოგონა მოდის სახლში და გვეუბნება, რომ შეყვარებულია? განა კარგი არ იქნებოდა, რომ მშობლებს მოესმინათ შვილებისთვის და გაეგოთ, რას ფიქრობენ ისინი მანამ, სანამ აუხსნიდნენ, თუ რა არის სწორი საქციელი და რა — არასწორი?

„ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, — ნათქვამია იგავების 20:5-ში, — ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას“. თუ გონიერი და გამოცდილი ადამიანი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა რჩევებს, შესაძლოა, მისგან ჩვენთვის საჭირო რჩევის „ამოხაპვა“ დაგვჭირდეს. მსგავსადვეა, როცა სიყვარულით ვუსმენთ სხვას. ადამიანის ასალაპარაკებლად გონიერებაა საჭირო. კითხვების დასმა დამხმარეა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი შეკითხვებით მის პირად საქმეებს არ შევეხოთ. შეიძლება დამხმარე იყოს იმის შეთავაზება, რომ ლაპარაკი ისეთი რამის მოყოლით დაიწყოს, რის შესახებაც საუბარი არ ეუხერხულება. მაგალითად, თუ ქალს თავის ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა ლაპარაკი, შეიძლება საუბარი იმით დაიწყოს, თუ როგორ შეხვდა პირველად თავის მეუღლეს და როგორ დაქორწინდნენ. ადამიანმა, რომელიც არააქტიური გახდა ქრისტიანულ მსახურებაში, შეიძლება საუბარი იქიდან დაიწყოს, თუ როგორ გაიგო ჭეშმარიტება.

სიყვარულით მოსმენა ადვილი არ არის

ჩვენზე განაწყენებული ადამიანის მოსმენა შეიძლება ძალიან რთული იყოს, რადგან ჩვეულებრივ თავდაცვისკენ ვართ მიდრეკილნი. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ ამ დროს? „ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას“, — ნათქვამია იგავების 15:1-ში. ტკბილად პასუხის გაცემის ერთ-ერთი საშუალებაა, გულთბილად აღვძრათ ადამიანი ლაპარაკისკენ და შემდეგ მოთმინებით მოვუსმინოთ ბოლომდე და გავიგოთ, თუ რამ ატკინა გული.

გაცხარებული კამათის დროს, უბრალოდ, ორი ადამიანი ხშირად იმეორებს იმას, რაც უკვე თქვეს. თითოეული მათგანი გრძნობს, რომ მეორე არ უსმენს. რა კარგი იქნებოდა, თუ ერთ-ერთი გაჩუმდებოდა და ნამდვილად მოუსმენდა მეორეს! რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავშეკავების გამომუშავება და საკუთარი აზრის სიფრთხილითა და სიყვარულით გამოხატვა. ბიბლია გვეუბნება: „ვინც აკავებს თავის ბაგეებს, ჭკვიანია“ (იგავები 10:19).

სიყვარულით მოსმენის უნარი თავისთავად არ ჩნდება. მაგრამ, ეს არის ხელოვნება, რომლის სწავლაც შესაძლებელია მცდელობისა და თვითდისციპლინის შედეგად. უდავოა, რომ ღირს მოსმენაში დახელოვნება. სხვებისთვის ნამდვილად მოსმენით სიყვარულს ვავლენთ. ამასთან, ეს ჩვენც გვანიჭებს ბედნიერებას. რა გონივრულია სიყვარულით მოსმენის ხელოვნების განვითარება!

[სქოლიოები]

a  სახელი შეცვლილია.

[სურათი 11 გვერდზე]

მოსმენის დროს ჩვენი ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ.

[სურათი 12 გვერდზე]

განაწყენებული ადამიანის მოსმენა შეიძლება ძალიან რთული იყოს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება