ანგელოზები ვინ არიან ისინი?
ძლიერი იმპერიის მმართველი საკუთარ თვალებს არ უჯერებს. სამი ადამიანი, რომლებსაც სიკვდილი მიუსაჯა და გახურებულ ღუმელში ჩაყარა, ცოცხალია. ვინ იხსნა ისინი? მეფე თავად ეუბნება გადარჩენილებს: „კურთხეულია [თქვენი] ღმერთი . . . რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ“ (დანიელი 3:28). ორ ათასწლეულზე მეტი ხნის წინათ, ბაბილონის მმართველი იმის თვითმხილველი გახდა, თუ როგორ იხსნა ანგელოზმა სამი ადამიანი. წარსულში მილიონობით ადამიანს სჯეროდა, რომ ანგელოზები არსებობდნენ. დღესაც, მრავალს არა მარტო სჯერა, რომ ანგელოზები არსებობენ, არამედ გრძნობენ კიდეც მათ დახმარებას. ვინ არიან ანგელოზები და საიდან გაჩნდნენ ისინი?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ანგელოზები, ღვთის მსგავსად, სულიერი პიროვნებები არიან (ებრაელები 1:13, 14; იოანე 4:24). ზეციერი ოჯახი მილიონობით ანგელოზისგან შედგება (გამოცხადება 5:11). ყოველი მათგანი „ძალით ძლიერია“ (ფსალმუნები 102:20). თუმცა ანგელოზებს, ადამიანების მსგავსად, ნების თავისუფლება აქვთ, მათ არ ჰქონიათ ისეთი დასაწყისი, როგორც ადამიანებს. ღმერთმა ანგელოზები დედამიწის დაარსებამდე დიდი ხნით ადრე შექმნა. როდესაც ღმერთმა დედამიწა დააფუძნა, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „გალობდნენ დილის ვარსკვლავები [ანგელოზები], და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ“ (იობი 38:4, 7). ვინაიდან ანგელოზები ღვთის ქმნილებები არიან, მათ „ღვთის ძენი“ ეწოდებათ.
რატომ შექმნა ღმერთმა ანგელოზები? რა როლი ითამაშეს მათ ადამიანთა ცხოვრებაში? ერევიან ისინი დღეს ჩვენს ცხოვრებაში? რადგან ნების თავისუფლება აქვთ მიცემული, სატანა ეშმაკის მხარე ხომ არ უკავიათ ზოგიერთებს და ხომ არ ეწინააღმდეგებიან ღმერთს? ბიბლია ნათელ პასუხს გვცემს ამ კითხვებზე.