როგორ შეგიძლიათ ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება?
შეერთებულ შტატებში ერთი მამაკაცი 25 000 დოლარიანი ჩეკით ბანკში მივიდა. მას სურდა ამ თანხის დეპოზიტზე დადება. მაგრამ ბანკის თანამშრომელმა ურჩია, რომ ფული საფონდო ბირჟაზე დაებანდებინა, რადგან ეს უფრო საიმედო იყო. მამაკაცმა გადაწყვიტა, გაეთვალისწინებინა მისი რჩევა. ამ შემთხვევიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მის მიერ შეძენილ აქციებზე ფასი საკმაოდ დავარდა.
ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ გონივრული გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის. რა შეიძლება ითქვას სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ? ბევრ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული იქნება ჩვენი წარმატება ან წარუმატებლობა და, ადრე თუ გვიან, თვით სიკვდილ-სიცოცხლეც კი. როგორ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ?
„აი გზა“
ჩვენ ყოველდღიურად ვწყვეტთ, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ, სად წავიდეთ და ასე შემდეგ. ზოგ გადაწყვეტილებას, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, თუ ადამიანი ერთი ღერი სიგარეტის მოწევას გადაწყვეტს, სიგარეტის წევას შეიძლება მან მთელი ცხოვრება ვეღარ დაანებოს თავი. ჩვენ არასდროს უნდა მოვეკიდოთ ზერელედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებებსაც კი.
რით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ გადაწყვეტილებების მიღების დროს, მაშინაც კი, თუ ისინი უმნიშვნელო გვეჩვენება? რა კარგი იქნებოდა, რთული გადაწყვეტილების მიღებისას საიმედო მრჩეველი გვყოლოდა! თქვენ შეგიძლიათ ასეთი მრჩეველი გყავდეთ. ერთ ძველ წიგნში, რომელიც დღესაც პრაქტიკულია, ვკითხულობთ: «შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით“, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ» (ესაია 30:21). ვინ ამბობს ამ სიტყვებს? როგორ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ მისი რჩევები საიმედოა?
ზემოხსენებული სიტყვები ჩაწერილია ბიბლიაში, რომელსაც მილიონობით ადამიანი სწავლობს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის შთაგონებით არის დაწერილი (2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვამ იცის, როგორ ვართ შექმნილნი. ამიტომ მას შეუძლია საუკეთესო რჩევები მოგვცეს. მას აგრეთვე შეუძლია განჭვრიტოს მომავალი, რადგან იეჰოვას შესახებ ბიბლიაში წერია: „ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება“ (ესაია 46:10). ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას სიტყვისადმი ნდობა ამგვარად გამოხატა: „სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნები 118:105). მაგრამ, როგორ წარმართავს იეჰოვა ჩვენს სავალს ამ წუთისოფლის აბობოქრებულ წყლებში? როგორ შეგვიძლია ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება?
გამოიყენეთ ბიბლიური პრინციპები
იეჰოვა ღმერთმა ქრისტიანებს მისცა პრინციპები, რათა სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლებოდათ. ბიბლიური პრინციპების სწავლა და გამოყენება ენის სწავლასა და ამ ენაზე საუბარს შეიძლება შევადაროთ. მას შემდეგ, რაც ადამიანი ენას კარგად დაეუფლება, ხშირად ამჩნევს სხვების გრამატიკულ შეცდომებს, რადგან მათი ნათქვამი არასწორად ჟღერს. შეიძლება მან ზუსტად ვერ თქვას, თუ რომელი გრამატიკულ წესი ირღვევა, მაგრამ ნამდვილად იცის, რომ შეცდომა იყო დაშვებული. როდესაც ადამიანი ბიბლიურ პრინციპებს სწავლობს და ცხოვრებაში იყენებს, ჩვეულებრივ, მას შეუძლია თქვას, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება არ შეესაბამება ღვთიურ პრინციპებს.
მაგალითისთვის ავიღოთ შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა ვარცხნილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არც ერთი ბიბლიური კანონი არ კრძალავს ვარცხნილობის რომელიმე კონკრეტულ სტილს. მაგრამ გასათვალისწინებელია ბიბლიური პრინციპი. პავლე მოციქულმა დაწერა: „ასევე მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან, კერძოდ, კარგი საქმეებით“ (1 ტიმოთე 2:9, 10). მიუხედავად იმისა, რომ პავლე ქალების შესახებ ლაპარაკობს, ეს პრინციპი ეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. რა პრინციპზეა აქ საუბარი? ჩვენს გარეგნობაში უნდა ჩანდეს მოკრძალება და საღი აზროვნება. ასე რომ, კარგი იქნებოდა, ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა: „იქნება ჩემი ვარცხნილობა მოკრძალებული, ისე როგორც ქრისტიანს შეშვენის?“
ახალგაზრდა მამაკაცს კიდევ ერთი პრაქტიკული პრინციპის დანახვა შეუძლია მოწაფე იაკობის სიტყვებში: „მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). ქრისტიანებს სძულთ ღვთისგან გაუცხოებულ ქვეყნიერებასთან მეგობრობის იდეაც კი. ახალგაზრდა თუ თანატოლების მოსაწონ ვარცხნილობას გაიკეთებდა, ეს ღმერთთან მეგობრობის მაჩვენებელი იქნებოდა თუ ქვეყნიერებასთან? ბიბლიაზე დაფუძნებული ასეთი პრინციპები გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ვარცხნილობასთან დაკავშირებულ საკითხზე ფიქრობს. დიახ, ღვთიური პრინციპები გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. როდესაც ღვთიურ პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ჩვევად გვექცევა, გვიადვილდება სწორი დასკვნების გამოტანა, რომლებიც არასასურველ შედეგებს აგვარიდებს.
ღვთის სიტყვაში მრავალი პრინციპია მოცემული. ცხადია, შეიძლება ვერ ვიპოვოთ ისეთი ბიბლიური მუხლი, რომელიც უშუალოდ ჩვენს სიტუაციას ეხება. თუმცა ბიბლიაში შეგვიძლია წავიკითხოთ იმის შესახებ, თუ როგორ დაემორჩილა ზოგიერთი ადამიანი ღვთიურ ხელმძღვანელობას და როგორ უგულებელყვეს სხვებმა ღვთის გაფრთხილებები (დაბადება 4:6, 7, 13—16; მეორე რჯული 30:15—20; 1 კორინთელები 10:11). ასეთი ბიბლიური მონაკვეთების კითხვითა და შედეგების გაანალიზებით ჩავწვდებით ღვთიურ პრინციპებს, რომლებიც ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.
მაგალითისთვის ავიღოთ მოკლე საუბარი, რომელიც იესო ქრისტესა და მოციქულ პეტრეს შორის შედგა. ერთმა მამაკაცმა, რომელიც გადასახადებს კრეფდა, პეტრეს ჰკითხა: „თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის ორ დრაქმას?“ პეტრემ უპასუხა: „როგორ არა“. ცოტა ხანში იესომ პეტრეს ჰკითხა: «„როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“ როცა უპასუხა, უცხოებისგანო, იესომ უთხრა: „ესე იგი, ვაჟები თავისუფლები არიან გადასახადებისგან, მაგრამ ისინი რომ არ დავაბრკოლოთ, მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“» (მათე 17:24—27). რა ღვთიური პრინციპების ნახვა შეგვიძლია ამ ბიბლიურ მონაკვეთში?
რამდენიმე კითხვის დასმით იესომ პეტრე სწორ დასკვნამდე მიიყვანა: როგორც ღვთის ძე, იესო თავისუფალი იყო გადასახადისგან. პეტრე თავიდან ვერ მივიდა ამ დასკვნამდე, მაგრამ იესო სიყვარულით დაეხმარა მას. როცა სხვების შეცდომებს ვხედავთ, ჩვენ ვბაძავთ იესოს და შეცდომაზე უხეშად მითითების ან განსჯის ნაცვლად, მათ თანაგრძნობით ვეპყრობით.
ასეთი დახმარების შემდეგ პეტრემ დაინახა სულადობრივი გადასახადის გადახდის მიზეზი — არ დაებრკოლებინათ სხვები. ამ ბიბლიური მონაკვეთიდან კიდევ ერთი პრინციპის დანახვაა შესაძლებელი — სხვების სინდისის გათვალისწინება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი უფლებების დაჟინებით დაცვა.
რა აღგვძრავს ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, საიდანაც ჩანს, რომ სხვების სინდისს ვითვალისწინებთ? მოყვასის სიყვარული. იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ საკუთარი თავივით მოყვასის სიყვარული მნიშვნელობით მხოლოდ მთელი სულით ღვთის სიყვარულს ჩამოუვარდება (მათე 22:39). მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ეგოიზმით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში და, როგორც ცოდვილი ადამიანები, ჩვენც მიდრეკილნი ვართ ამისკენ. ამიტომ, თუ ადამიანს უნდა, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უყვარდეს, მან უნდა შეიცვალოს აზროვნება (რომაელები 12:2).
მრავალი ამგვარად იქცევა და დიდი თუ პატარა გადაწყვეტილებების მიღებისას სხვების სინდისს ითვალისწინებს. პავლემ დაწერა: „თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად კი ნუ გამოიყენებთ, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც მონებმა“ (გალატელები 5:13). როგორ შეგვიძლია ამ სიტყვების შესაბამისად მოქმედება? განვიხილოთ ახალგაზრდა ქალის შემთხვევა, რომელიც ხალხისთვის ღვთის სიტყვის სასწავლებლად ერთ პროვინციულ ქალაქში გადავიდა. ხალხთან საუბრისას მან შენიშნა, რომ მისი ჩაცმულობა, რომელიც დიდი ქალაქისთვის საკმაოდ მოკრძალებული იყო, ამ ქალაქში სალაპარაკო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც მოკრძალებულად გამოიყურებოდა, მან გადაწყვიტა, შეეცვალა თავისი ჩაცმულობა, რათა ‘არ დაგმობილიყო ღვთის სიტყვა’ (ტიტე 2:5).
თქვენ როგორ მოიქცეოდით, თუ გადაწყვეტილება გექნებოდათ მისაღები ჩაცმულობასა და გემოვნების სხვა საკითხებთან დაკავშირებით? იეჰოვას გულს გაუხარებთ, თუ გადაწყვეტილებების მიღებისას სხვების სინდისს გაითვალისწინებთ.
იყავით შორსმჭვრეტელი
ბიბლიური პრინციპებისა და სხვების სინდისის გათვალისწინების გარდა, კიდევ რაზე უნდა დავფიქრდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას? თუმცა ქრისტიანთა გზა დაბრკოლებებით სავსე და ვიწროა, ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებში საკმაოდ დიდი თავისუფლება გვაქვს (მათე 7:13, 14). საჭიროა დავფიქრდეთ, რა გავლენას მოახდენს დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე მომავალში.
დავუშვათ, ფიქრობთ, დასთანხმდეთ თუ არა შემოთავაზებულ სამუშაოზე. შესაძლოა, თვითონ სამუშაოში არაფერია ამორალური და მიუღებელი. ის არც კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე დასწრებაში შეგიშლით ხელს. ხელფასიც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. უფროსი ძალიან აფასებს თქვენს გამოცდილებას და სურს, რომ თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ. გარდა ამისა, თქვენც მოგწონთ ეს სამუშაო. უნდა შეგაკავოთ რამემ მსგავსი წინადადების მიღებისგან? მაგრამ, ხომ არ ხედავთ იმის საშიშროებას, რომ შეიძლება დროთა განმავლობაში სამუშაომ მთლიანად გშთანთქათ? დამსაქმებელმა გითხრათ, რომ არ გაიძულებთ, იმუშაოთ ზედმეტი საათები. მაგრამ პროექტის დასამთავრებლად, თქვენვე ხომ არ აიძულებთ საკუთარ თავს, იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე მოგეთხოვებათ? შეიძლება მსგავსი რამ ხშირად მოხდეს? ხომ არ ჩამოგაშორებთ სამუშაო ოჯახსა და სულიერ საქმეებს, რაც არაფრით არ უნდა დაუშვათ?
ვნახოთ, როგორ მიიღო ჯიმმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამუშაოსთან დაკავშირებით. ის თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა მაღალი თანამდებობისთვის მიეღწია. დროთა განმავლობაში ის გახდა აღმოსავლეთ აზიაში თავისი კომპანიის მთავარი მენეჯერი, შეერთებულ შტატებში ამ კომპანიის ფილიალის საქმეთა მმართველი და ევროპაში ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. მაგრამ იაპონიაში ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ის მიხვდა, რომ ამაო იყო სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვა. ოფლით ნაშოვნი ფული მას თვალსა და ხელს შუა გაუქრა. მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ის საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რას გავაკეთებ ათი წლის შემდეგ?“ მალე ის მიხვდა, რომ მის ცოლ–შვილს გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნები ჰქონდა. წლების მანძილზე ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ჯიმს სურდა, თავადაც ყოფილიყო ბედნიერი და კმაყოფილი. ამიტომ მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
მალე ჯიმმა დაინახა, რომ საკუთარი ცხოვრების წესი ხელს უშლიდა, ქრისტიანულად ეცხოვრა. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ბიბლიის შესასწავლად და თანამორწმუნეებთან ურთიერთობისთვის, რადგან გამუდმებით მოგზაურობდა აზიის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მას გადაწყვეტილება უნდა მიეღო; ის ფიქრობდა: „განვაგრძო ისე ცხოვრება, როგორც გასული 50 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, თუ ახალი ცხოვრება დავიწყო?“ მან ლოცვით აწონ–დაწონა, თუ რა გავლენას მოახდენდა გაკეთებული არჩევანი მის მომავალზე და გადაწყვიტა, რომ ერთის გარდა ყველა თანამდებობა დაეტოვებინა, რათა სულიერი საქმეებისთვის დრო დარჩენოდა (1 ტიმოთე 6:6—8). ამ გადაწყვეტილებამ მას ქრისტიანულ მსახურებაში მეტი მონაწილეობის საშუალება მისცა, რის შედეგადაც ის უფრო ბედნიერი გახდა.
თქვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება — დიდი თუ პატარა — მნიშვნელოვანია. დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული იქნება თქვენი წარმატება თუ წარუმატებლობა, და მომავალში თვით სიკვდილ–სიცოცხლეც კი. თქვენ შეძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას, თუ მხედველობაში მიიღებთ ბიბლიურ პრინციპებს, სხვების სინდისს და მომავალ შედეგებს. მაშ, მიიღეთ ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებები!
[სურათი 13 გვერდზე]
ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
[სურათი 14 გვერდზე]
როგორ დაეხმარება მას ბიბლიური პრინციპები გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში?
[სურათი 15 გვერდზე]
იესომ პეტრესთან საუბარში თანაგრძნობა გამოავლინა.