დაუახლოვდით ღმერთს
მწყემსი, რომელიც ზრუნავს შენზე
„ზრუნავს ღმერთი ჩემზე?“ დაგბადებია ასეთი კითხვა? ბევრს სურს ამ კითხვაზე პასუხის მიღება. მრავალი ჩვენგანი ცხოვრებაში განსაცდელებსა და სირთულეებს ხვდება. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ: „გვამჩნევს კი უკიდეგანო სამყაროს შემოქმედი?“ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ზრუნავს თუ არა იეჰოვა ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ინდივიდუალურად. დედამიწაზე ყოფნისას იესომ, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს იეჰოვას, მოიყვანა გულში ჩამწვდომი მაგალითი, რითაც პასუხი გასცა ამ კითხვას.
იესომ მწყემსისა და ცხვრის მაგალითი მოიყვანა. მან თქვა: „კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად? და თუ იპოვა, ჭეშმარიტებას გეუბნებით, მას უფრო მეტად შეხარის, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათე 18:12—14). მოდი დავუკვირდეთ იესოს სიტყვებს და ვნახოთ, თუ რა სათუთად ზრუნავს იეჰოვა თავის თითოეულ თაყვანისმცემელზე.
მწყემსი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ეზრუნა თითოეულ ცხვარზე. თუ რომელიმე ცხვარს გზა აებნეოდა, მწყემსმა იცოდა, რომელი გამოაკლდა ფარას. მან იცოდა თითოეული ცხვრის სახელი, რომელიც თავად დაარქვა (იოანე 10:3). მზრუნველი მწყემსი მანამდე არ შეწყვეტდა დაკარგულის ძებნას, სანამ მას ფარაში არ დააბრუნებდა. გზააბნეული ცხვრის საძებრად წასული მწყემსი დანარჩენ 99-ს უყურადღებოდ არ დატოვებდა, რომ მათ საფრთხე არ დამუქრებოდა. მწყემსები ხშირად ერთად აძოვებდნენ თავიანთ ფარებს და ცხვარი ერთმანეთში ირეოდაa. ასე რომ, ცხვრის მოსაძებნად წასულ მწყემსს შეეძლო, დანარჩენი ცხვარი დროებით სხვა მწყემსებთან დაეტოვებინა. თუ მწყემსი დაკარგულ ცხვარს უვნებელს იპოვიდა, ის ძალიან გაიხარებდა. შეშინებულ ცხვარს ის მხრებზე შეისვამდა და დააბრუნებდა ფარაში, სადაც ცხვარი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობდა (ლუკა 15:5, 6).
ამ მაგალითის მოყვანით იესომ აღნიშნა, რომ ღმერთს არ სურს არც ერთი „ამ მცირეთაგანის დაღუპვა“. უფრო ადრე იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები იმასთან დაკავშირებით, რომ არ დაებრკოლებინათ ‘არც ერთი მცირეთაგანი, რომელსაც ის სწამდა’ (მათე 18:6). მაშასადამე, რას გვასწავლის იესოს მაგალითი იეჰოვას შესახებ? იეჰოვა არის მწყემსი, რომელიც სათუთად ზრუნავს თავის თითოეულ ცხვარზე, მათ შორის „მცირეთაგანზე“ ანუ ისეთებზე, რომლებიც ქვეყნიერების თვალში შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანნი ჩანდნენ. ღვთის თვალში თითოეული მისი თაყვანისმცემელი განსაკუთრებული და ძვირფასია.
თუ გსურს დარწმუნდე, რომ ღვთისთვის ძვირფასი ხარ, უფრო მეტი ისწავლე დიდებული მწყემსის, იეჰოვა ღმერთის შესახებ და დაუახლოვდი მას. თუ ასე მოიქცევი, შენც დარწმუნებული იქნები იმ სიტყვებში, რომლებიც პეტრე მოციქულმა, რომელმაც უდავოდ პირადად იესოსგან მოისმინა მაგალითი გზააბნეულ ცხვარზე, მოგვიანებით თქვა: „ყველა თქვენი საწუხარი [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
[სქოლიო]
a მწყემსებისთვის საკუთარი ფარების ერთმანეთისგან გამოცალკევება პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ცხვარი ცნობდა თავისი მწყემსის ხმას (იოანე 10:4).