როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?
3. უარი არ თქვათ დახმარებაზე
მკვლევარი ედუარდ ჯონ ეირი ავსტრალიაში ნალარბორის უკაცრიელ ვაკეს იკვლევდა. აბორიგენებისგან, რომლებიც კარგად იცნობდნენ იქაურ გარემოს, მან წყლის შეგროვება ისწავლა დიუნებიდან (სილის ბორცვები) და ევკალიპტიდან. აბორიგენების რჩევა რომ არ გაეთვალისწინებინა, ეირი გზაში დაიღუპებოდა.
როგორც ეს შემთხვევა ცხადყოფს, რთული დავალების შესრულება გაცილებით ადვილია, როცა გვერდით გამოცდილი მრჩეველი გყავს. ეს პრინციპი ბიბლიის კითხვასაც ეხება.
არც იესოს უთქვამს, რომ მისი მიმდევრები დახმარების გარეშე გაიგებდნენ ბიბლიას. ერთხელ მან მოწაფეებს „სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკა 24:45). იესომ იცოდა, რომ ბიბლიის მკითხველებს დახმარება დასჭირდებოდათ მასში ჩაწერილი აზრების გასაგებად.
დახმარება ვისგან?
იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ დახმარება აღმოეჩინათ სხვებისთვის. ზეცაში ამაღლებამდე მან მოწაფეებს უთხრა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). ქრისტიანების უპირველესი მოვალეობაა, ასწავლონ სხვებს, რას ნიშნავს ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება. ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვებს ბიბლიის უკეთ გაგებაში ეხმარებიან.
მას შემდეგ, რაც იესომ თავის მიმდევრებს ეს დავალება მისცა, ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა. ბიბლიაში ვკითხულობთ ეთიოპი დიდებულის შესახებ, რომელიც ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა. ის დააბნია ერთ-ერთმა მონაკვეთმა: „ცხვარივით მიჰყავდათ დასაკლავად და როგორც ბატკანი დუმს მპარსველების წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა. დამცირებისას სამართალი წაერთვა. ვინ განგვიმარტავს მისი წარმოშობის ამბავს? მოისპობა მისი სიცოცხლე და მოიკვეთება დედამიწაზე“ (საქმეები 8:32, 33; ესაია 53:7, 8).
მან დახმარება სთხოვა ფილიპეს, რომელიც ქრისტიანი იყო და კარგად ერკვეოდა წმინდა წერილებში: „გთხოვ, მითხარი, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას? საკუთარ თავზე თუ სხვა ვინმეზე?“ (საქმეები 8:34). მორწმუნე ეთიოპი იერუსალიმიდან ბრუნდებოდა, სადაც ღვთის თაყვანსაცემად იყო მისული. როგორც ჩანს, ის ღმერთსაც სთხოვდა დახმარებას. ის მთელი მონდომებით კითხულობდა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო წმინდა წერილების ეს მონაკვეთი. ამიტომ მან თავმდაბლად სთხოვა ფილიპეს დახმარება. მისი ახსნა-განმარტებით კმაყოფილმა ეთიოპმა, გადაწყვიტა ქრისტიანი გამხდარიყო (საქმეები 8:35—39).
იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ფილიპესა და პირველ საუკუნეში მცხოვრებ სხვა ქრისტიანთა მაგალითს. 235-ზე მეტ ქვეყანაში ისინი სიხარულით ეხმარებიან ადამიანებს იმის გაგებაში, თუ სინამდვილეში, რას ასწავლის ბიბლია. ისინი ბიბლიას თემატურად განიხილავენ. ეს მეთოდი პრაქტიკულია, რადგან ამ დროს მსჯელობა მიმდინარეობს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივa (იხილეთ ჩარჩო „დამაკმაყოფილებელი პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“).
„ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი“
პირველ სტატიაში მოხსენიებულმა სტივენმა, ბალბანერამ და ჯოანმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. „გამაოცა იმის დანახვამ, რომ ბიბლიური მუხლების შედარების შემდეგ, პასუხები თავად ბიბლიაში ვიპოვე, — ამბობს სტივენი. — მსგავსი რამ ადრე ჩემთვის არავის უსწავლებია. შვება ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ ბიბლია გამორიცხავს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს და ყველა კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს სცემს“.
ბალბანერაც მსგავსად ფიქრობს. „ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული და ლოგიკური იყო, — ამბობს ის. — მივხვდი, რომ ყველაფერი ბრმად კი არ უნდა დამეჯერებინა, როგორც ამას ეკლესია ამბობს, არამედ იმიტომ, რომ ყოველივეს გონივრული ახსნა ჰქონდა“. ჯოანი აღნიშნავს: „ბიბლიის ავტორისადმი მოწიწების გრძნობა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ყველა კითხვაზე ბიბლიიდან მივიღე პასუხი. ღმერთმა იცოდა, რომ ადამიანებს მრავალი კითხვა დაებადებოდათ და ამიტომ იზრუნა იმაზე, რომ პასუხები ბიბლიაში ჩაწერილიყო“.
იცნობთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს? სთხოვეთ მას გიჩვენოთ, როგორ შეიძლება ბიბლიის გამოკვლევა. თუ პირადად არ იცნობთ მოწმეებს, შეგიძლიათ მისწეროთ ამ ჟურნალის მე-4 გვერდზე მოცემულ რომელიმე მისამართზე. ბიბლია აღარ იქნება ჩვენთვის რთული წიგნი, თუ მის გასაგებად ღმერთს წმინდა სულს ვთხოვთ, კითხვის დროს ობიექტურები ვიქნებით და დახმარებისთვის კომპეტენტურ ადამიანს მივმართავთ. ასე რომ, ბიბლიის გაგება სავსებით შესაძლებელია!
[სქოლიო]
a წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ბევრს ეხმარება წმინდა წერილების თემატურად განხილვაში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
დამაკმაყოფილებელი პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ზოგიერთი საკითხი, რომლის განხილვაც შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეების დახმარებით:
• რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
• რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
• ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
• რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?
• რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?
[სურათები 7 გვერდზე]
ბიბლიის გასაგებად ღმერთს წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, კითხვის დროს ობიექტურები ვიყოთ და დახმარებისთვის კომპეტენტურ ადამიანს მივმართოთ