უნდა იზეიმონ ქრისტიანებმა მთვარის ახალი წელი?
ყოველ წელს იანვარში ან თებერვალში აზიაში მთელი მსოფლიოდან უამრავი ხალხი ჩადის. ასობით მილიონი აზიელი ბრუნდება თავის ქვეყანაში, რომ მთვარის ახალი წელიa იზეიმონ.
მთვარის ახალი წელი აზიელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ერთ-ერთი ამერიკელი მწერალი ამბობს: „ამ დღესასწაულში გაერთიანებულია თითქმის ყველა დიდი დღესასწაული: ახალი წელი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, მადლიერების დღე და შობა“. დღესასწაული იწყება ჩინური მთვარისმიერი კალენდრის პირველი ახალი მთვარის გამოჩენისას ანუ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. ეს დღესასწაული დაახლოებით ორი კვირა გრძელდება.
ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნას საფუძვლად უდევს ის აზრი, რომ ძველი წელი გააცილონ და ახალ წელს შეხვდნენ. ამ ზეიმისთვის ხალხი განსაკუთრებულად ემზადება. ისინი ალაგებენ და რთავენ სახლებს, ყიდულობენ ახალ ტანსაცმელს, ამზადებენ ისეთ საკვებს, რომელთა სახელებიც ერითმება ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „წარმატება“ და „კეთილდღეობა“. აგრეთვე, ხალხი ამ დღესასწაულისთვის ვალებს ისტუმრებს და უთანხმოებებს აგვარებს. ისინი ახალი წლის დღეს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, სიუხვესა და ბედნიერებას უსურვებენ, წითელი კონვერტებით ეგრეთ წოდებულ ბედნიერ ფულს აძლევენ, განსაკუთრებულ საჭმელს ჭამენ, ფეიერვერკებს უშვებენ, ფერადი დრაკონის ან ლომის ცეკვას უყურებენ ან დასვენების დღეებს უბრალოდ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებენ.
ჩინური ახალი წელი მრავალრიცხოვანი რიტუალისგან შედგება. ერთ წიგნში ნათქვამია: „ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ამ წელს კარგი იღბალი დაებედოთ, დიდება მიაგონ ღმერთებსა და სულებს და ერთმანეთს წარმატება და ბედნიერება უსურვონ“. რამდენადაც ამ დღესასწაულზე მრავალი ტრადიცია და რიტუალი სრულდება, რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს მასზე? უნდა მიჰყვნენ ისინი ასეთ წეს-ჩვეულებებს? უნდა იზეიმონ ქრისტიანებმა ეს დღესასწაული? (Mooncakes and Hungry Ghosts: Festivals of China).
„წყარო ნუ დაგავიწყდება“
ერთი ცნობილი ჩინური ანდაზა ამბობს: „წყლის დალევისას წყარო ნუ დაგავიწყდება“. ეს სიტყვები კარგად გვიჩვენებს, თუ რა დიდ პატივს სცემს მრავალი აზიელი თავის მშობლებსა და წინაპრებს. ბუნებრივია, შვილებმა პატივი უნდა სცენ მშობლებს, რადგან მათ სიცოცხლე აჩუქეს. ახალი წლის აღნიშვნისას ამგვარ პატივისცემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
მრავალი აზიელი ოჯახი განსაკუთრებით ელოდება ახალი წლის წინა დღეს. საღამოს ოჯახების უმრავლესობა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ სუფრასთან იკრიბება. ამ დღეს ოჯახის წევრები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი ერთად მოიყარონ. გაწყობილ მაგიდასთან არა მხოლოდ იქ მყოფთათვის დგამენ სკამებს, არამედ ოჯახის იმ წევრებისთვისაც, ვინც გარდაცვლილია. მათი აზრით, გარდაცვლილთა სულები იქ იმყოფებიან. ვახშმის დროს „ჩვეულებრივი კომუნიკაცია მყარდება გარდაცვლილებსა და ოჯახის წევრებს შორის“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. სხვა წყაროში აღნიშნულია: „ამ დროს ცოცხლებსა და მკვდრებს შორის ურთიერთობა ახლდება და წინაპრები მთელი წლის მანძილზე დაიცავენ ოჯახს“. უნდა დაიცვან ქრისტიანებმა ეს ტრადიცია?
მშობლებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა ქრისტიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ითვალისწინებენ ღვთის მითითებას: „უსმინე შენს მშობელ მამას და ნუ მოიძულებ დედაშენს სიბერის გამო“ (იგავები 23:22). ქრისტიანები აგრეთვე ემორჩილებიან ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს: «„პატივი ეცი მამას და დედას“, ეს არის პირველი მცნება დანაპირებით, „რომ ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“» (ეფესოელები 6:2, 3). დიახ, ნამდვილ ქრისტიანებს სურთ, რომ უყვარდეთ მშობლები და პატივი სცენ მათ.
ბიბლიაში აგრეთვე საუბარია გამამხნევებელ ოჯახურ შეკრებებზე (იობი 1:4; ლუკა 15:22—24). თუმცა ღვთის სიტყვაში შემდეგი გაფრთხილებაც არის მოცემული: „არ იყოს შენში . . . ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი“ (კანონი 18:10, 11). რატომ აუკრძალა ეს იეჰოვამ ისრაელებს? იმიტომ, რომ ბიბლიიდან ვიგებთ, სინამდვილეში რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. მასში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“. რადგანაც მკვდრებმა არაფერი იციან, მათ არ შეუძლიათ ცოცხალი ადამიანების საქმეებში ჩარევა — არც ზიანის მოტანა და არც ვინმეს დახმარება (ეკლესიასტე 9:5, 6, 10). ღვთის ძემ, იესო ქრისტემ მკვდრების მდგომარეობა ღრმა ძილს შეადარა. ისინი გამოიღვიძებენ სიკვდილის ძილისგან, როცა ღმერთი მათ მკვდრეთით აღადგენს (იოანე 5:28, 29; 11:11, 14).
უფრო მეტიც, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სინამდვილეში მკვდართა „აჩრდილებად“ და „სულებად“ ბოროტი სულიერი ქმნილებები ეცხადებიან ადამიანებს. მათი მიზანია, ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და თავიანთ გავლენაში მოაქციონ (2 თესალონიკელები 2:9, 10). ღვთის მითითებები სერიოზული ზიანისგან გვიცავს. სწორედ იეჰოვასადმი სიყვარული და უსაფრთხოდ ყოფნის სურვილი აღძრავთ ქრისტიანებს, მოერიდონ ნებისმიერ წეს-ჩვეულებას, რომელიც დაკავშირებულია „მფარველი სულების“ თაყვანისცემასთან (ესაია 8:19, 20; 1 კორინთელები 10:20—22).
ქრისტიანებს აგრეთვე სურთ, პატივი მიაგონ „[მამას] ვისაც ყოველი ოჯახი ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფესოელები 3:14, 15). ამ მუხლში მოხსენიებული მამა არის ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მომცემი იეჰოვა ღმერთი (საქმეები 17:26). ასე რომ, მთვარის ახალი წლის წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: როგორ უყურებს იეჰოვა ამ წეს-ჩვეულებების აღნიშვნას? მოსაწონია ისინი ღვთისთვის? (1 იოანე 5:3).
ოჯახის ღმერთებისთვის პატივის მიგება
მთვარის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია აგრეთვე მოიცავს მრავალ რიტუალს, რომლებიც სრულდება კარის ღმერთის, მიწის ღმერთის, მფარველი სულის, სიმდიდრისა და ბედ-იღბლის ღმერთის, სამზარეულოს ან ღუმლის ღმერთის პატივსაცემად. განვიხილოთ სამზარეულოს ღმერთის პატივის მიგების წეს-ჩვეულება.b ბევრს სწამს, რომ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ეს ღმერთი ზეცაში მოგზაურობს, რათა ჩინელების ზე-ღვთაებას, იმპერატორ ჯუდეს ოჯახის საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს. ამიტომ ოჯახის წევრები მას განსაკუთრებულ საკვებს უმზადებენ, ტკბილეულსა და ნამცხვრებს სწირავენ, რომ მათ შესახებ კარგი თქვას. ეს ღმერთი ზეციდან მალევე რომ დაბრუნდეს, მის გამოსახულებას ჩამოხსნიან ხოლმე, ზოგჯერ მას ტუჩებზე ტკბილეულსაც უსვამენ და სახლის გარეთ წვავენ. ახალი წლის წინა დღეს ოჯახის წევრები მის ახალ გამოსახულებას სამზარეულოში ღუმლის ზემოთ ჰკიდებენ და იწვევენ მას, რომ დამდეგ წელს მათთან მივიდეს.
ბევრი ასეთი წეს-ჩვეულება შეიძლება უწყინარი ჩანდეს, მაგრამ ქრისტიანებს სურთ, თაყვანისცემასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებებს მიჰყვნენ. იესო ქრისტემ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10). ცხადია, ღმერთს სურს, რომ მხოლოდ მას ვცეთ თაყვანი. დაფიქრდით: იეჰოვა ჩვენი ზეციერი მამაა. რას იგრძნობს მამა, თუ მისი შვილები ზურგს შეაქცევენ და სხვას ისურვებენ მამად? განა ეს გულს არ ატკენდა მას?!
იესო ქრისტემ თავისი ზეციერი მამა „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად“ მოიხსენია. იეჰოვამ გასაგებად უთხრა თავის თაყვანისმცემლებს, რომ მის გარდა „სხვა ღმერთები“ არ ჰყოლოდათ (იოანე 17:3; გამოსვლა 20:3). ამიტომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ, ასიამოვნონ იეჰოვას და სხვა ღმერთების მსახურებით გული არ ატკინონ მას (1 კორინთელები 8:4—6).
ცრურწმენა და სპირიტიზმი
მთვარის ახალი წელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ასტროლოგიასთან. ჩინური ზოდიაქოს მიხედვით მთვარისმიერი კალენდრის თითოეულ წელს 12 ცხოველის სახელი ჰქვია: დრაკონი, ვეფხვი, მაიმუნი, კურდღელი და ა.შ. ბევრს მიაჩნია, რომ ადამიანის ხასიათს და საქციელს განსაზღვრავს ის ცხოველი, რომლის წელსაც არის დაბადებული, ან ეს წელი მას წარმატებას მოუტანს. მთვარის ახალი წლის მრავალი რიტუალი, მათ შორის სიმდიდრისა და ბედ-იღბლის ღმერთის განდიდება, იმასთანაა დაკავშირებული, რომ იმ წელს წარმატება დაებედოთ. როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ასეთ წეს-ჩვეულებაზე?
თავის სიტყვაში, ბიბლიაში იეჰოვა განსჯის ‘ცათა თაყვანისმცემლებს, ვარსკვლავთა შემყურეებს, რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და ამბობენ, რა მოხდება!’. ღმერთი აგრეთვე განიკითხავს „იღბლიანობის ღმერთისა“ და „ბედისწერის ღმერთის“ თაყვანისმცემლებს (ესაია 47:13; 65:11, 12). ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მიენდონ იდუმალ და უხილავ ძალებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სულიერ სამყაროსთან ან ვარსკვლავებთან, ისინი მიჰყვებიან ბიბლიაში ჩაწერილ მოწოდებას: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6). ცრურწმენა ატყვევებს ხალხს, ბიბლიური ჭეშმარიტება კი ათავისუფლებს მათ (იოანე 8:32).
გამოავლინე ღვთისადმი სიყვარული
მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა უდევს საფუძვლად მთვარის ახალი წლის რიტუალებს, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. თუ ისეთ მხარეში ცხოვრობთ, სადაც ყოველწლიურად ზეიმობენ მთვარის ახალ წელს ან თქვენი ოჯახის წევრები მიჰყვებიან ამ ტრადიციას, თქვენ არც თუ ისე იოლი გადაწყვეტილების წინაშე დგახართ.
დიდი გაბედულებაა საჭირო, რომ სხვებმა თქვენზე ზეგავლენა არ მოახდინონ. „ძალიან მეშინოდა, რადგან ჩემ გარშემო ყველა აღნიშნავდა ახალი წლის დღესასწაულს, — ამბობს აზიაში მცხოვრები ერთი ქრისტიანი ქალი. — ღვთისადმი ძლიერი სიყვარული დამეხმარა, გაბედულება მომეკრიბა და ამ დღესასწაულში მონაწილეობა არ მიმეღო“ (მათე 10:32—38).
თქვენც ასეთივე ძლიერი სიყვარული გაქვთ იეჰოვასადმი? სინამდვილეში ამის უამრავი მიზეზი გაქვთ. სიცოცხლის მომცემი რაიმე იდუმალი ღვთაება კი არ არის, არამედ იეჰოვა ღმერთი, რომლის შესახებაც ბიბლიაში ნათქვამია: „შენთან არის სიცოცხლის წყარო და შენი სინათლით ვხედავთ ნათელს“ (ფსალმუნი 36:9). თქვენ იეჰოვა უზრუნველგყოფთ ყველაფრით და არა ბედ-იღბლის ან სამზარეულოს ღმერთი. ჭეშმარიტი ღვთის გზით სიარული სიხარულს და ბედნიერებას მოგიტანთ (საქმეები 14:17; 17:28). თუ თქვენც გეყვარებათ იეჰოვა ღმერთი, დარწმუნებული იყავით, რომ ის უხვად გაკურთხებთ (მარკოზი 10:29, 30).
[სქოლიოები]
a მთვარის ახალ წელს აგრეთვე ეწოდება ჩინური ახალი წელი, გაზაფხულის ფესტივალი, ჩუნჯიე (ჩინეთი), ტეტი (ვიეტნამი), სოლნალი (კორეა) და ლოსარი (ტიბეტი).
b ამ სტატიაში აღწერილი წეს-ჩვეულებები მთელ აზიაში განსხვავებულია, თუმცა ყველას საერთო დასაბამი აქვს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის შემდეგი ნომრები: 1986 წლის 22 დეკემბერი, გვერდები 20, 21 (ინგლ.); 1988 წლის 8 იანვარი, გვერდები 12, 13 (რუს.) და 1970 წლის 8 იანვარი, გვერდები 9—11 (ინგლ.).
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
დაელაპარაკეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს
როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მონაწილეობს მთვარის ახალი წლის დღესასწაულში, ეს შეიძლება გამაოგნებელი იყოს მისი მეგობრებისა და ნათესავებისთვის. ისინი შესაძლოა განაწყენდნენ, გული ეტკინოთ ან გაბრაზდნენ კიდეც. მაგრამ თქვენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, რომ სასიამოვნო ურთიერთობა შეინარჩუნოთ ოჯახის წევრებთან. ქვემოთ მოყვანილია იმ ქრისტიანების კომენტარები, რომლებიც აზიის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ.
იანგი: „ახალი წლის დადგომამდე ნათესავებთან მივდივარ და ტაქტიანად ვუხსნი, რატომ აღარ ვმონაწილეობ ამა თუ იმ რიტუალში. ვცდილობ, დამამცირებლად არ მოვიხსენიო მათი მრწამსი და ბიბლიიდან პატივისცემით ვუპასუხო მათ კითხვებს. ამის წყალობით შესაძლებლობა მეძლევა, ბიბლიურ საკითხებზე ვისაუბრო მათთან“.
ლი: მთვარის ახალი წლის წინა დღეებში ჩემს ქმარს ტაქტიანად და პატივისცემით ვუთხარი, რომ სინდისის ხმას თუ არ მოვუსმენდი, ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. აგრეთვე ვუთხარი, რომ უხერხულ მდგომარეობაშიც არ ჩავაგდებდი, როცა მის ნათესავებს მოვინახულებდით დღესასწაულის პერიოდში. ჩემდა გასაოცრად, იმ დღეს, როცა მის ნათესავებს წინაპრების თაყვანისცემის რიტუალი უნდა შეესრულებინათ, მან სხვა მხარეში წამიყვანა, რომ ქრისტიანულ შეხვედრას დავსწრებოდი“.
ში: „ოჯახის წევრები ჩემს სიყვარულში დავარწმუნე და ვუთხარი, რომ ჩემმა რწმენამ უკეთესი ადამიანი გამხადა. ვცდილობდი, ქრისტიანული თვისებები — რბილი ხასიათი, ტაქტიანობა და სიყვარული გამომევლინა მათდამი. თანდათანობით ისინი პატივისცემით განეწყვნენ ჩემი რელიგიისადმი. მოგვიანებით ჩემმა ქმარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და იეჰოვას მოწმე გახდა“.
მინი: „მშობლებს თავაზიანად და პატივისცემით დაველაპარაკე. ნაცვლად იმისა, რომ მათთვის „იღბლიანი ახალი წელი“ მესურვებინა, ვუთხარი, რომ ყოველთვის ვლოცულობ მათზე და ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს ვთხოვ, არ მოაკლოს მათ კურთხევა, მშვიდობა და ბედნიერება“.
ფონგი: „მშობლებს ვუთხარი, რომ სულაც არ არის საჭირო, ახალ წელს დაველოდო იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს ვესტუმრო. მათ ხშირად ვნახულობ. ეს ძალიან ახარებს ჩემს მშობლებს და ჩემი რწმენის გამო აღარ მაკრიტიკებენ. ჩემმა უმცროსმა ძმამ ბიბლის შესწავლა დაიწყო“.
[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]
Panorama Stock/age Fotostock