„კიდევ ერთი ჭიქა“
ალენმა ალკოჰოლური სასმელების დალევა 11 წლის ასაკში დაიწყო.a ის და მისი მეგობრები ტყეში თამაშობდნენ ხოლმე და კინომსახიობებს ბაძავდნენ. მართალია, ეს თამაში იყო და ბავშვები უბრალოდ ფილმებში ნანახ სცენებს დგამდნენ, მაგრამ სასმელი, რომლებსაც ისინი სვამდნენ, ნამდვილი იყო.
ტონიმ 40 წლის ასაკში მოუმატა სმას. თავიდან ის საღამოობით ერთ-ორ ჭიქას სვამდა, მერე კი ექვს ჭიქამდე ავიდა. ბოლოს დღის განმავლობაში იმდენს სვამდა, რომ სათვალავი აერია.
ალენს ალკოჰოლისთვის თავის დანებება უნდოდა, ამიტომ მზად იყო, სხვების დახმარება მიეღო. მისგან განსხვავებით, ტონი უარს ამბობდა მზრუნველი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებაზე. დღეს ალენი ცოცხალია და თავად გვიყვება თავის ამბავს, ტონი კი ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღების გამო რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მაშინაც კი, როცა ვინმე მარტო სვამს ზედმეტს, ეს სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს, რასაც ხშირად სამწუხარო შედეგები მოჰყვება.b ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ხშირად ხდება სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობის, მკვლელობის, ავარიების, სამუშაოზე ფიზიკური დაზიანებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი. ყოველწლიურად სახელმწიფოები ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. გარდა ამისა, ალკოჰოლიკები ემოციურ ტკივილს აყენებენ როგორც საკუთარ თავს, ისე ახლობლებსა და შვილებს.
შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია: „ვინც რეგულარულად სვამს, ყველას არა აქვს სასმელთან დაკავშირებული პრობლემები და ვისაც ალკოჰოლით გამოწვეული პრობლემები აქვს, მაინცდამაინც ყოველდღე არ სვამს“. ბევრი, ვინც ალკოჰოლიკი არ არის, ვერც კი ხვდება, ისე უვითარდება დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების სურვილი. ზოგი რეგულარულად არ სვამს, მაგრამ ყოველ დალევაზე ხუთ ჭიქაზე მეტს სვამს.
თუ გადაწყვეტთ, რომ დალიოთ, რამდენი იქნება თქვენთვის ბევრი? როდის უნდა თქვათ უარი „კიდევ ერთ ჭიქაზე“? (იგავები 23:29, 30). მომდევნო სტატიებში ამ საკითხებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იქნება განხილული.
[სქოლიოები]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b თუმცა ქალებთან შედარებით ალკოჰოლიკი მამაკაცების რიცხვი ოთხჯერ მეტია, სტატიათა ამ სერიაში მოცემული რჩევები ქალებსაც ეხება.