მზად იყავით!
„მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათ. 24:44).
1, 2. ა) ბიბლიის რომელ წინასწარმეტყველებას გვახსენებს ვეფხვის თავდასხმა საკუთარ მომთვინიერებელზე? ბ) პირადად შენ, რა უნდა გააკეთო, რომ გადარჩე, როცა ქრისტე, მამის განაჩენის აღმსრულებელი მოვა?
წლების მანძილზე ბენგალური ვეფხვების ცნობილი მომთვინიერებელი ამ ცხოველებს არაერთ ტრიუკს ასრულებინებდა და ამგვარად ართობდა მაყურებელს. ის ამბობდა: „არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა ხედავ, როგორ გენდობა ცხოველი“. თუმცა, 2003 წლის 3 ოქტომბერს მომხდარმა დაარწმუნა, რომ ის მწარედ ცდებოდა. მას სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა თავისივე გაწვრთნილი თეთრი ვეფხვი, რომელიც 172 კილოგრამს იწონიდა! მომთვინიერებელი ამ თავდასხმისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, რადგან ეს მოულოდნელად მოხდა.
2 საგულისხმოა, რომ ბიბლია წინასწარმეტყველებს მხეცის თავდასხმაზე, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ (წაიკითხეთ გამოცხადების 17:15—18 ). ვის ესხმის თავს ეს მხეცი? მსოფლიოში მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად საპირისპირო სიუჟეტით განვითარდება — სატანის ქვეყნიერება თავადვე დაუპირისპირდება საკუთარ თავს. ალისფერი მხეცით წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ათი რქით წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები თავს დაესხმიან მეძავს, დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს, და დაგლეჯენ მას. როდის მოხდება ეს? ჩვენ ზუსტად არ ვიცით დღე და საათი (მათ. 24:36). მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ ეს მალე მოხდება და მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველით (მათ. 24:44; 1 კორ. 7:29). სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სულიერად ვიფხიზლოთ, რადგან როცა ქრისტე, მამის განაჩენის აღმსრულებელი მოვა, ჩვენც არ დაგვატეხოს თავს მამის რისხვა, არამედ გვიხსნას (ლუკ. 21:28). ამ დღისთვის რომ მზად ვიყოთ, ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომლებიც ყოველთვის ფხიზლობდნენ და შედეგად, საკუთარი თვალით იხილეს ღვთის არაერთი დანაპირების შესრულება. ხშირად ფიქრობთ ღვთის ერთგული მსახურების ცხოვრებისეულ მაგალითებზე?
ნოეს მსგავსად თქვენც ყოველთვის მზად იყავით
3. რატომ არ იყო ადვილი ნოესთვის, რომ იეჰოვას ერთგული მსახური ყოფილიყო?
3 ნოეს დღეებში ცხოვრება დედამიწაზე დღითი დღე აუტანელი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ნოეს სიფხიზლე არ დაუკარგავს, ის მზად იყო, საკუთარი თვალით ეხილა ღვთის დანაპირების შესრულება. დაფიქრდით, რა პერიოდში უწევდა ნოეს ცხოვრება — ურჩმა ანგელოზებმა ხორცი შეისხეს და ადამიანთა ლამაზ ასულებთან დაამყარეს სქესობრივი კავშირი! მათი არაბუნებრივი კავშირის შედეგად დედამიწას მოევლინენ ძლიერი ბუმბერაზები, რომლებიც თავიანთ ზებუნებრივ ძალას სხვების დასაშინებლად იყენებდნენ (დაბ. 6:4). წარმოიდგინეთ, რა ქაოსი იქნებოდა ყველგან, სადაც ეს მოძალადე ბუმბერაზები გამოჩნდებოდნენ! მთელ დედამიწაზე ბოროტება გაბატონდა, ადამიანებს გაეხრწნათ აზროვნება და ათასგვარ უმსგავსობას სჩადიოდნენ. უზენაესმა უფალმა, იეჰოვამ, განაჩენი გამოუტანა უღვთო ქვეყნიერებას და დაადგინა დრო, როცა ადამიანებს წარღვნით მოსპობდა (წაიკითხეთ დაბადების 6:3, 5, 11, 12 ).a
4, 5. რით ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა ნოეს დღეებში არსებულ ვითარებას?
4 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში ისეთივე მდგომარეობა იქნებოდა, როგორიც ნოეს დღეებში იყო (მათ. 24:37). ბოროტი სულიერი ქმნილებები დღესაც ერევიან ადამიანთა ცხოვრებაში (გამოცხ. 12:7—9, 12). ეს სწორედ ის ანგელოზები არიან, რომლებმაც ნოეს დროს ხორცი შეისხეს და დედამიწაზე ჩამოვიდნენ. მართალია, დღეს ამ დემონებს აღარ აქვთ უფლება, კვლავ შეისხან ხორცი, მაგრამ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ყველაზე, ახალგაზრდასა თუ ხნიერზე. ისინი კულისებიდან ადევნებენ თვალს გარყვნილებას და მათი ბილწი გული ხარობს ბოროტებითა და გახრწნილებით, რომელსაც მათ გავლენაში მოქცეული ადამიანები სჩადიან (ეფეს. 6:11, 12).
5 ბიბლია ეშმაკს „კაცისმკვლელს“ უწოდებს, რომელიც „სიკვდილს იწვევს“ (იოან. 8:44; ებრ. 2:14). მართალია, დღეს მას არ აქვს იმის უფლება, რომ პირდაპირი გაგებით ვინმე მოკლას, მაგრამ ამ ბოროტ სულიერ არსებას შეცდომაში შეჰყავს ადამიანები და უამრავი ხრიკით აცდუნებს მათ. ის გავლენას ახდენს ადამიანების გონებაზე და პოტენციურ მკვლელებად აყალიბებს. მაგალითად, სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში ყოველდღიურად დაბადებული 142 ბავშვიდან ერთი, დიდი ალბათობაა, რომ ასეთი მკვლელის მსხვერპლი აღმოჩნდეს. ამ შემზარავი სტატისტიკის შემხედვარე, ნუთუ ლოგიკური არაა დავასკვნათ, რომ იეჰოვა დღესაც ამოქმედდება, როგორც ეს ნოეს დღეებში მოხდა?
6, 7. საიდან გამოჩნდა, რომ ნოეს და მის ოჯახს ძლიერი რწმენა და ღვთის შიში ჰქონდათ?
6 მოგვიანებით ნოეს ღმერთმა ამცნო თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ დედამიწას წარღვნის წყლით წალეკავდა და ყოველ ხორციელს მოსპობდა (დაბ. 6:13, 17). იეჰოვამ ნოეს დაავალა სკივრის ფორმის უზარმაზარი ხის კიდობნის აგება. ნოე და მისი ოჯახი საქმეს შეუდგნენ. რა დაეხმარა მათ, მოესმინათ იეჰოვასთვის და მომზადებულები დახვედროდნენ იმ დღეს, როცა ღმერთი განაჩენს აღასრულებდა იმდროინდელ ქვეყნიერებაზე?
7 ძლიერმა რწმენამ და ღვთის შიშმა აღძრა ნოე და მისი ოჯახი, რომ შეესრულებინათ ღვთის დავალება (დაბ. 6:22; ებრ. 11:7). ნოემ, როგორც ოჯახის თავმა სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნა და ამიტომაც გადაურჩა მაშინდელი ქვეყნიერების განადგურებას (დაბ. 6:9). მან იცოდა, რომ მის ოჯახს სულიერი დაცვა სჭირდებოდა, რათა არ დამსგავსებოდნენ მათ გარშემო მცხოვრებ მოძალადე და ზნედაცემულ ადამიანებს. ისინი არ უნდა გადაყოლილიყვნენ ყოველდღიურ საზრუნავს. მათთვის ყველაზე მთავარი უნდა ყოფილიყო იმ საქმის შესრულება, რაც ღმერთმა დაავალა (წაიკითხეთ დაბადების 6:14, 18 ).
ნოე და მისი ოჯახი მზად იყვნენ
8. რა მეტყველებს იმაზე, რომ ნოეს ოჯახის წევრებიც ღვთის ერთგულები იყვნენ?
8 ბიბლია, ძირითადად, ნოეზე, ოჯახის თავზე, ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი ცოლი, ვაჟები და რძლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ. ეს წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა დაადასტურა. როგორც მან თქვა, ნოეს რომ მის დღეებში ეცხოვრა, ის თავის შვილებს ვერ გადაარჩენდა მხოლოდ საკუთარი სიმართლით. ნოეს შვილები საკმაოდ დიდები იყვნენ საიმისოდ, რომ თავად აერჩიათ, დაემორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს. მათ პირადად უნდა დაემტკიცებინათ ღმერთისთვის, რომ უყვარდათ იგი და მისი გზებით სიარული სურდათ (ეზეკ. 14:19, 20). ნოეს ოჯახის წევრებმაც გამოავლინეს რწმენა, დაემორჩილნენ იეჰოვას მითითებას და არ დაუშვეს, რომ მათ გავლენაში მოქცეულიყვნენ, ვინც ხელს შეუშლიდათ ღვთის დავალების შესრულებაში.
9. ვინ ავლენს თანამედროვე დროში ნოეს მსგავს რწმენას?
9 რა გამამხნევებელია დღეს იმის დანახვა, რომ ჩვენს მსოფლიო საძმოში ოჯახის მეთაურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ნოეს მიჰბაძონ! მათ ესმით, რომ საკმარისი არ არის, ოჯახი მხოლოდ საკვებით, ჩასაცმლითა და თავშესაფრით უზრუნველყონ და არც ისაა მთავარი, რომ შვილებმა განათლება მიიღონ. ოჯახის თავებს აგრეთვე ევალებათ, იზრუნონ ოჯახის წევრების სულიერ მოთხოვნილებებზე. ამგვარად, ისინი მომზადებული დახვდებიან იმას, რასაც იეჰოვა მალე მოიმოქმედებს.
10, 11. ა) რას იგრძნობდნენ კიდობნის შიგნით მყოფი ნოე და მისი ოჯახი მაშინ, როცა წარღვნამ წალეკა დედამიწა? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
10 ნოე, მისი ცოლი, ვაჟები და მათი ცოლები, შესაძლოა კიდობანს დაახლოებით 50 წელი აშენებდნენ. შენების პროცესში მათ არაერთხელ მოუწევდათ კიდობანში შესვლა და გამოსვლა. მათ კიდობანი ფისით დაფარეს, რომ წყალშეუღწევი ყოფილიყო, აგრეთვე მასში შეიტანეს საკვების მარაგი და შეიყვანეს ცხოველები. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: დადგა იეჰოვას რისხვის დღე. ძვ. წ. 2370 წლის მეორე თვის მე-17 დღეს ნოე და მისი ოჯახი შედიან კიდობანში და იეჰოვა კეტავს კარს. იწყება წვიმა, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ძლიერი წვიმა. იხსნება ცაში წყლის კარიბჭეები ანუ ატმოსფეროში არსებული წყლის დიდი მასა ეხეთქება კიდობანს (დაბ. 7:11, 16). კიდობნის შიგნით ნოე და მისი ოჯახი უსაფრთხოდ არიან მაშინ, როცა გარეთ ხალხი იხოცება. რას გრძნობენ ნოე და მისი ოჯახის წევრები? ისინი უზომოდ მადლიერნი არიან ღმერთის. მათ ნამდვილად აქვთ სიხარულის მიზეზი, რადგან ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდნენ და მომზადებულები დახვდნენ ამ დღეს! (დაბ. 6:9). შეგიძლია წარმოიდგინო საკუთარი თავი არმაგედონის შემდეგ, როცა უკან მოიტოვებ ღვთის ბრძოლის ველს და შენც მისადმი უზომო მადლიერებას იგრძნობ?
11 ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ შეასრულოს თავისი დანაპირები და სატანის ბოროტ ქვეყნიერებას ბოლო მოუღოს. ჰკითხე საკუთარ თავს: ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ღვთის ყველა დანაპირები დეტალურად შესრულდება იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს? თუ ასეა, ყოველთვის ღრმად გქონდეს გონებაში ჩაბეჭდილი, რომ „იეჰოვას დღე“ სწრაფად ახლოვდება და მომზადებული დახვდი ამ დღეს (2 პეტ. 3:12).
მოსე არ კარგავს სიფხიზლეს
12. რას შეიძლება დაებინდა მოსეს სულიერი მხედველობა?
12 ახლა დავფიქრდეთ იეჰოვას კიდევ ერთ მსახურზე, მოსეზე. ადამიანური თვალსაზრისით, მოსეს ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ეგვიპტის სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა დაეკავებინა. იგი, როგორც ფარაონის ქალიშვილის შვილობილი, დიდად პატივდებული იყო. მოსე ფუფუნებაში ცხოვრობდა, საუკეთესოს ჭამდა და სვამდა, და ძვირფასი სამოსით იმოსებოდა. მას აგრეთვე საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული (წაიკითხეთ საქმეების 7:20—22 ). მოსეს ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი იმისათვის, რომ მემკვიდრეობით ფარაონის ქონების დიდი ნაწილი მიეღო.
13. რა დაეხმარა მოსეს, ყოველთვის გონებაში ჰქონოდა ღვთის დანაპირები?
13 ცხადია, ბავშვობაში მშობლები მოსეს ბევრ რამეს ასწავლიდნენ და იმის დანახვაშიც დაეხმარებოდნენ, რამდენად დიდი უგუნურება იყო, ეგვიპტელთა მსგავსად კერპებისთვის ეცა თაყვანი (გამ. 32:8). ეგვიპტის საგანმანათლებლო სისტემამ და სამეფოს კარის ფუფუნებამაც კი არ დაუბინდა მოსეს გონება და არ ათქმევინა უარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე. იგი ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რა დანაპირები მისცა ღმერთმა მის წინაპრებს და ძლიერ სურდა, ყოველთვის მზად ყოფილიყო ღვთის ნების შესასრულებლად. მოსემ ისრაელის ძეებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან“ (წაიკითხეთ გამოსვლის 3:15—17 ).
14. რატომ უნდა გამოევლინა მოსეს რწმენა და გამბედაობა?
14 უსიცოცხლო კერპებისგან განსხვავებით, რომლებიც ეგვიპტის ღვთაებებს წარმოადგენდნენ, იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, მოსესთვის რეალური პიროვნება იყო. იგი ისე ცხოვრობდა, „თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“. მოსეს სჯეროდა, რომ ღვთის ხალხი გათავისუფლდებოდა, მაგრამ არ იცოდა, როდის მოხდებოდა ეს (ებრ. 11:24, 25, 27). მას ძლიერ სურდა, რომ ებრაელი ხალხი გათავისუფლებულიყო ტყვეობიდან. ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ის გამოექომაგა ერთ ებრაელ მონას, რომელსაც ეგვიპტელი სცემდა (გამ. 2:11, 12). მაგრამ ჯერ არ იყო დამდგარი ის დრო, როცა იეჰოვას უნდა ეხსნა ისრაელი. ამიტომ, მოსეს მოუწია, გახიზნულიყო შორეულ ქვეყანაში. რასაკვირველია, ეგვიპტის კარზე ფუფუნებაში გაზრდილი მოსესთვის ადვილი არ იქნებოდა უდაბურ ადგილას ცხოვრება. მიუხედავად ამისა, მოსემ დაამტკიცა, რომ ყოველთვის მზად იყო იეჰოვას ყველა მითითების შესასრულებლად. ამიტომ, ღმერთმა სწორედ მოსეს მეშვეობით გაათავისუფლა მისი თანამემამულეები ტყვეობიდან. მანამდე ის 40 წელი იმყოფებოდა მიდიანში. მოსემ მოუსმინა ღმერთს და ეგვიპტეში დაბრუნდა. დადგა დრო, როცა მოსემ ღვთისგან დავალება მიიღო და ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც ღმერთს სურდა (გამ. 3:2, 7, 8, 10). მოსეს, „უთვინიერეს კაცს“, რწმენა და გამბედაობა სჭირდებოდა, რომ ეგვიპტეში ფარაონის წინაშე წარმდგარიყო (რიცხ. 12:3). ის ფარაონის წინაშე მხოლოდ ერთხელ კი არ წარდგა, არამედ რამდენჯერმე; ამის მიზეზი ის იყო, რომ მას ფარაონისთვის არაერთი სასჯელის შესახებ უნდა ეცნობებინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მოსესთვის ცნობილი არ იყო, კიდევ რამდენჯერ მოუწევდა სასჯელის გამოსაცხადებლად ფარაონთან მისვლა.
15. რა აღძრავდა მოსეს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ყოველთვის განედიდებინა თავისი ზეციერი მამა?
15 მომდევნო 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ძვ. წ. 1513 წლიდან ძვ. წ. 1473 წლამდე, მოსეს ბევრჯერ გაუტყდა გული. მიუხედავად ამისა, ის ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, რომ მთელი გულით განედიდებინა იეჰოვა, და ამისკენ ისრაელებსაც მოუწოდებდა (კან. 31:1—8). მოსეს უყვარდა იეჰოვა და სურდა, რომ თავის სახელი კი არ განედიდებინა, არამედ იეჰოვას სახელი და მისი უზენაესობა (გამ. 32:10—13; რიცხ. 14:11—16). გულგატეხილობისა თუ სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ ღვთის მმართველობას და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი ყველაზე ბრძენი და სამართლიანია (ეს. 55:8—11; იერ. 10:23). შენც იზიარებ ამ თვალსაზრისს?
იფხიზლეთ!
16, 17. რატომ უნდა მოეკიდო სერიოზულად მარკოზის 13:35—37-ში ჩაწერილ სიტყვებს?
16 „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო“ (მარ. 13:33). იესომ ასეთი გაფრთხილება მისცა თავის მიმდევრებს, როცა ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანზე ლაპარაკობდა. დაფიქრდით იესოს ამ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების ბოლო სიტყვებზე, რომელსაც მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: დღის ბოლოს, შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ დილით ადრე, რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარეებს არ მოგისწროთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარ. 13:35—37).
17 იესოს მოწოდებამ სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს. მან მოიხსენია ღამის გუშაგობის ოთხი პერიოდი. გუშაგობის ბოლო პერიოდში ყველაზე რთული იქნებოდა სიფხიზლე, რადგან ის გრძელდებოდა დაახლოებით დილის სამი საათიდან გათენებამდე. მრჩევლები ომის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ეს დრო ყველაზე ხელსაყრელია მტერზე თავდასასხმელად, რადგან დიდი ალბათობაა, რომ ამ დროს „ჩაძინებულ მტერს“ დაადგე თავზე. მსგავსად ამისა, როცა ქვეყნიერებაში ხალხს სულიერად ღრმად სძინავთ, ჩვენ დიდი ბრძოლის ფასად გვიჯდება ფხიზლად დარჩენა. ეჭვი ხომ არ გვეპარება იმაში, რომ აუცილებელია ფრთხილად ვიყოთ და ვიფხიზლოთ, რომ ნაწინასწარმეტყველებ აღსასრულს გადავურჩეთ?
18. რა ენით აუწერელი პატივი გვერგო წილად ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს?
18 სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ცხოველების მომთვინიერებელი ბენგალური ვეფხვის თავდასხმის დროს გადარჩა. მაგრამ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ეჭვგარეშეა, რომ ვერც ცრუ რელიგია და ვერც ამ ბოროტი სისტემის სხვა რომელიმე ნაწილი ვერ გადაურჩება მოახლოებულ განადგურებას (გამოცხ. 18:4—8). თითოეულმა ღვთის მსახურმა, იქნება ის ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ნოესა და მისი ოჯახის მსგავსად, მომზადებული დახვდეს იეჰოვას დღეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელიც შეურაცხყოფს ღმერთს, რადგან ცრუ რელიგიის წინამძღოლები, აგრეთვე აგნოსტიკოსები და ათეისტები აბუჩად იგდებენ შემოქმედს. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ მათ გავლენაში მოვექცეთ. მოდი, ხშირად ვიფიქროთ ამ სტატიაში განხილულ ერთგულ მსახურთა მაგალითებზე და ყოველთვის ვეძებოთ შესაძლებლობა, რომ ყველას წინაშე დავიცვათ და განვადიდოთ იეჰოვა „ღმერთთა ღმერთი . . . დიდებული ღმერთი, ძლიერი და შიშის მომგვრელი“! (კან. 10:17).
[სქოლიო]
a თუ რაზე მიუთითებს დაბადების 6:3-ში მოხსენიებული „ას ოცი წელიწადი“, იხილეთ 2010 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 30.
გახსოვთ?
• რატომ უნდა ეზრუნა ნოეს, პირველ რიგში, ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე?
• რით ჰგავს ნოეს პერიოდი ჩვენს დღეებს?
• რა დაეხმარა მოსეს, რომ გულგატეხილობის მიუხედავად, ყოველთვის გონებაში ჰქონოდა ღვთის დანაპირები?
• რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველება აღგძრავს პირადად შენ, რომ შეინარჩუნო სულიერი სიფხიზლე?
[სურათი 25 გვერდზე]
ნოეს და მის ოჯახს მთელი ყურადღება იეჰოვას დავალების შესრულებაზე ჰქონდა გადატანილი
[სურათი 26 გვერდზე]
ღვთის უტყუარი დანაპირები დაეხმარა მოსეს, რომ ყოველთვის ფხიზლად ყოფილიყო