რატომ უნდა ვიცხოვროთ ბიბლიური ნორმებით?
დრომოჭმული და ზედმეტად შემზღუდველი ხომ არის ის, რასაც ბიბლია ამბობს სექსზე? რასაკვირველია, არა. პირიქით, თუ გავითვალისწინებთ ბიბლიის თვალსაზრისს, თავიდან ავირიდებთ:
▪ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს
▪ არასასურველ ფეხმძიმობას
▪ ოჯახის დანგრევის შედეგად გამოწვეულ ტკივილს
▪ სინდისის ქენჯნას
▪ ღირსების შელახვას იმის გამო, რომ გამოგვიყენეს და მოგვისროლეს
ჩვენს შემოქმედს იეჰოვა ღმერთსa სურს, რომ მისგან ბოძებულ საჩუქარს მოვუფრთხილდეთ და სიამოვნება მივიღოთ. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი გვასწავლის ჩვენ სასიკეთოდ (ესაია 48:17). მას, ვინც ამ საკითხში ბიბლიური ნორმებით ხელმძღვანელობს, ექნება:
▪ ღვთის კეთილგანწყობა
▪ შინაგანი სიმშვიდე
▪ მტკიცე ოჯახი
▪ კარგი რეპუტაცია
▪ პირადი ღირსების გრძნობა
რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ამჟამად არ ცხოვრობთ ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად? შეგიძლიათ შეიცვალოთ ცხოვრების წესი? გაგიხსენებთ ღმერთი წარსულს?
მოვიყვანოთ მაგალითი: პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანი წარსულში მეძავი, მრუში და მამათმავალი იყო. მათ შეიცვალეს ცხოვრების წესი და კურთხევებმაც არ დააყოვნა (1 კორინთელები 6:9—11). დღესაც ათასობით ადამიანმა გააკეთა იგივე არჩევანი მთელ მსოფლიოში. მათ მიატოვეს გარყვნილი ცხოვრება და საკუთარ თავზე გამოსცადეს ის კურთხევები, რომელიც ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას მოაქვს. ვნახოთ, რას ამბობს სარა, რომელიც პირველ სტატიაში მოვიხსენიეთ.
„მალევე ვიგრძენი შვება“
სარა მიხვდა, რომ აღვირახსნილმა ცხოვრებამ არც თავისუფლება და არც კმაყოფილება მოუტანა, რაც მას ასე ძალიან სწყუროდა. ის ამბობს: „ჩემი სინდისი სრულიად უგრძნობი გახდა. მეშინოდა, რომ დავორსულდებოდი ან რაიმე საშინელ დაავადებას ავიკიდებდი. ღვთის არსებობაში არასდროს შემპარვია ეჭვი და ვიცოდი, რომ ჩემი საქციელით მას გულს ვტკენდი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რაც მანადგურებდა“.
საბოლოოდ, სარამ ძალა მოიკრიბა და ცხოვრების წესი შეიცვალა. მან დახმარებისთვის მშობლებს მიმართა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან. სარამ აგრეთვე კრებაში ქრისტიან უხუცესებსაც სთხოვა დახმარება. ის იხსენებს: „გაოცებული ვიყავი, რომ მშობლებმა და კრების უხუცესებმა ასეთი სითბო და სიყვარული გამოავლინეს ჩემ მიმართ. მალევე ვიგრძენი შვება“.
ახლა სარა მარტო ზრდის ორ შვილს. იგი ამბობს: „შვილებს გულწრფელად ვუთხარი, რა გადაწყვეტილებებს ვიღებდი წარსულში. მინდა, დავანახვო მათ, როგორ იმოქმედა ღვთის ნორმების უგულებელყოფამ ჩემზე. მსურს, რომ მათ იცხოვრონ ღვთის ზნეობრივი ნორმებით, რათა თავიდან აიცილონ ფიზიკური და ემოციური ტკივილი. ღმერთმა იმიტომ დაგვიდგინა ზნეობრივი ნორმები, რომ არ დავიტანჯოთ“.
თქვენც შეგიძლიათ მიჰყვეთ მოსიყვარულე ღმერთის ხელმძღვანელობას და მიიღოთ კურთხევები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს . . . დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის“ (ფსალმუნი 19:8, 11).b
[სქოლიოები]
a იეჰოვა არის ღვთის პირადი სახელი, რომელიც არაერთხელ გვხვდება ბიბლიაში.
b თუ გსურთ, მეტი გაიგოთ, რა პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ბიბლია, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მოგვწერეთ მე-4 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.watchtower.org.
[ჩანართი 8 გვერდზე]
ვინც უგულებელყოფს ბიბლიის ნორმებს, ხშირად ემოციურ ტკივილს გრძნობს
[ჩანართი 9 გვერდზე]
ვინც ბიბლიის ნორმებით ცხოვრობს, სუფთა სინდისი და მტკიცე ოჯახი აქვს