მთავარი თემა | ამაოდ ხომ არ ვლოცულობთ?
რატომ მოგვიწოდებს ღმერთი ლოცვისკენ?
ღმერთი მეგობრობის ხელს გვიწვდის
ახლო ურთიერთობის განსავითარებლად მეგობრები ხშირად ესაუბრებიან ერთმანეთს. მსგავსად ამისა, ღმერთი მოგვიწოდებს, ვესაუბროთ მას — გავუზიაროთ ჩვენი ფიქრები და გრძნობები და ასეთი სახით, მასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა განვავითაროთ. ის გვპირდება: „მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“ (იერემია 29:12). როდესაც ღმერთს ვესაუბრებით, მარტო ჩვენ კი არ ვუახლოვდებით მას, არამედ ისიც გვიახლოვდება (იაკობი 4:8). ბიბლია გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმუნი 145:18). რაც უფრო ხშირად ვილოცებთ, მით უფრო განვამტკიცებთ ჩვენსა და ღმერთს შორის არსებულ მეგობრულ კვანძებს.
„იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმუნი 145:18)
ღმერთს სურს, დაგეხმაროთ
იესომ თქვა: „რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ . . . აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მათე 7:9—11). დიახ, ღმერთი მოგიწოდებთ, რომ მას ლოცვით მიმართოთ, რადგან „ის ზრუნავს თქვენზე“ და სურს, დაგეხმაროთ (1 პეტრე 5:7). ის აგრეთვე გიწვევთ, რომ თქვენი დარდი და პრობლემები მას გაანდოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6).
ადამიანებს აქვთ სულიერი მოთხოვნილებები
ფსიქოლოგები არაერთი დაკვირვების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ლოცვის მოთხოვნილება მილიონობით ადამიანს აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ათეისტებს და აგნოსტიკოსებსაც კი.a ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანები სულიერი მოთხოვნილებებით არიან შექმნილნი. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთ-ერთი საშუალება რეგულარული ლოცვაა.
რა სიკეთეს მოგვიტანს, თუ გამოვეხმაურებით ღვთის მოწოდებას და ლოცვით მივმართავთ მას?
a 2012 წელს ერთი კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ათეისტებისა და აგნოსტიკოსების 11 პროცენტი თვეში ერთხელ მაინც ლოცულობს (Pew Research Center).