საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w17 მარტი გვ. 28-31
  • იყავი ნამდვილი მეგობარი!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავი ნამდვილი მეგობარი!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როცა მეგობარი შეცდომას უშვებს
  • როცა მეგობარი გასაჭირშია
  • თავს ისე ხომ არ გრძნობ, თითქოს გიღალატეს?
  • ნათანი — წმინდა თაყვანისმცემლობის ერთგული დამცველი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მიჰბაძეთ იეჰოვას ერთგულ მსახურებს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • რატომ მატკინა გული მეგობარმა?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • ოქტ.—დეკ. რატომ ვერ ვინარჩუნებ მეგობრებს?
    გამოიღვიძეთ! — 1997
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
w17 მარტი გვ. 28-31
წინასწარმეტყველი ნათანი ფიქრობს, როგორ გადასცეს მეფე დავითს ღვთის განაჩენი

იყავი ნამდვილი მეგობარი!

ჯანი და მაურიციო უკვე 50 წელია მეგობრები არიან. თუმცა იყო დრო, როცა მათ მეგობრობას საფრთხე ემუქრებოდა. მაურიციო იხსენებს: „ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა და არაერთი სერიოზული შეცდომა დავუშვი, რის გამოც მე და ჯანი თანდათან დავშორდით ერთმანეთს“. ჯანი დასძენს: „მაურიციო ბიბლიას მასწავლიდა. ის ჩემი სულიერი აღმზრდელი იყო. ამიტომ, რაც მან გააკეთა, დაუჯერებელი იყო. თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო. ვიცოდი, რომ ჩვენი მეგობრობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდებოდა. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი“.

კარგი მეგობრები ძალიან ძვირფასნი არიან. ხანგრძლივი მეგობრობა შემთხვევითობის შედეგად არ ვითარდება. რის გაკეთება შეგიძლია მეგობრობის შესანარჩუნებლად, თუ მას საფრთხე ემუქრება? ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანებისგან, რომლებიც ნამდვილ მეგობრობას უწევდნენ სხვებს, თუმცა გარკვეულ ეტაპზე მათი მეგობრობა გამოიცადა.

როცა მეგობარი შეცდომას უშვებს

დავითს, რომელიც მწყემსი იყო და მოგვიანებით მეფე გახდა, კარგი მეგობრები ჰყავდა. პირველი, ვინც მისი მეგობრებიდან შეიძლება გაგვახსენდეს, იონათანია (1 სამ. 18:1). თუმცა მას სხვა მეგობრებიც ჰყავდა, მაგალითად წინასწარმეტყველი ნათანი. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, როდის ჩაეყარა საფუძველი მათ მეგობრობას. მაგრამ ის კი ვიცით, რომ დავითმა თავისი გულისნადები ნათანს გაანდო. მას იეჰოვას სახელზე სურდა სახლის აშენება და ძალიან აფასებდა ნათანის, როგორც მეგობრისა და იეჰოვას წარმომადგენლის აზრს (2 სამ. 7:2, 3).

მაგრამ მოგვიანებით ისეთი რამ მოხდა, რამაც მათი მეგობრობა გამოსცადა. მეფე დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა, შემდეგ კი მისი ქმარი ურია მოაკვლევინა (2 სამ. 11:2—21). დავითი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას და სამართლიანობასაც იცავდა, ახლა კი ასეთი საშინელი ცოდვა ჩაიდინა! რა დაემართა ასეთ კარგ მეფეს? ნუთუ ვერ აცნობიერებდა თავისი საქციელის სერიოზულობას?! ფიქრობდა ის, რომ ღმერთს ჩადენილს დაუმალავდა?

როგორ მოიქცეოდა ნათანი? მოიცდიდა, ვიდრე სხვა დაელაპარაკებოდა მეფეს ამ საკითხზე? სხვებმაც ხომ იცოდნენ, როგორ დაგეგმა დავითმა ურიას მკვლელობა?! მაშ, რატომ უნდა დაეყენებინა ნათანს საფრთხის წინაშე მეფესთან დიდი ხნის მეგობრობა?! თუ დავითს დაელაპარაკებოდა, შეიძლებოდა მის სიცოცხლესაც საფრთხე დამუქრებოდა, რადგან დავითმა უდანაშაულო ურიაც კი არ დაინდო.

როგორც ღვთის წარმომადგენელმა, ნათანმა იცოდა, რომ ხმას თუ არ ამოიღებდა, ვერც დავითთან ურთიერთობას გააგრძელებდა ძველებურად და ვერც სუფთა სინდისს შეინარჩუნებდა. დავითმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რითაც იეჰოვას გულისწყრომა დაიმსახურა. მას ძალიან სჭირდებოდა დახმარება, რომ გონს მოგებულიყო. დავითს ნამდვილი მეგობრის დახმარება ესაჭიროებოდა და ნათანი სწორედ ასეთი მეგობარი იყო. ნათანმა საუბრის წამოსაწყებად მაგალითი შეარჩია, რომელიც დავითის გულს ჩასწვდებოდა. მან დავითს ღვთის სიტყვა ისე გადასცა, რომ ჩადენილი ცოდვის სიმძიმის დანახვა და შესაბამისი ზომების მიღება მისთვის ადვილი ყოფილიყო (2 სამ. 12:1—14).

როგორ მოიქცევი, თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს ან ცოდვას ჩაიდენს? შეიძლება მეგობრის დაკარგვის შიშით ამჯობინო, თვალი დახუჭო მომხდარზე. ან შეიძლება იფიქრო, რომ უხუცესებს თუ ეტყვი, მეგობარს უღალატებ, არადა უხუცესებს მისი დახმარება შეუძლიათ! როგორ მოიქცეოდი?

ზემოთ მოხსენიებული ჯანი ამბობს: „მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. მაურიციო უწინდელივით გულახდილი აღარ იყო. გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი, თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო. ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ისეთი, რაც არ იცოდა. ვშიშობდი, რომ მძაფრი რეაქცია ექნებოდა. მაგრამ გამახსენდა ყველაფერი, რაც ერთად შევისწავლეთ. ამან გამბედაობა შემმატა, რომ დავლაპარაკებოდი. მაურიციო ზუსტად ასე იქცეოდა ხოლმე, როცა მე მჭირდებოდა დახმარება. არ მინდოდა მეგობრის დაკარგვა, უბრალოდ მსურდა დავხმარებოდი, რადგან ის სულერთი არ იყო ჩემთვის“.

მაურიციო დასძენს: „ჯანი გულახდილად მელაპარაკა. ის მართალი იყო, რასაც ამბობდა. კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ცუდი გადაწყვეტილების შედეგები არც ჯანის ბრალი იყო და არც იეჰოვასი. ყურად ვიღე უხუცესების მოცემული შეგონება და დროთა განმავლობაში სულიერადაც მოვძლიერდი“.

როცა მეგობარი გასაჭირშია

დავითს სხვა მეგობრებიც ჰყავდა, რომლებიც გასაჭირში ერთგულად ედგნენ მხარში. ერთ-ერთი იყო ხუშაი, რომელსაც ბიბლია „დავითის მეგობრად“ მოიხსენიებს (2 სამ. 16:16; 1 მატ. 27:33). ის შესაძლოა სამეფო კარის მოხელე და მეფესთან დაახლოებული პირი იყო, რომელსაც მეფე ხანდახან საიდუმლო საქმის აღსრულებას ავალებდა.

როცა აბესალომმა, დავითის ვაჟმა, უკანონოდ ჩაიგდო ხელში სამეფო ტახტი, მას ისრაელებიდან ბევრი მიემხრო, თუმცა მათ შორის ხუშაი არ ყოფილა. ის დევნილი დავითის შესახვედრად წავიდა. დავითს ალბათ დიდ ტკივილს მიაყენებდა შვილისა და სანდო მეგობრების ღალატი. მათგან განსხვავებით ხუშაი მეფის ერთგული დარჩა და მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო და ჩაეშალა მტრების ჩანაფიქრი. მას, როგორც სამეფო კარის მოხელეს, მოვალეობის მოხდის მიზნით არ გაუკეთებია ეს. უპირველესად, ამისკენ მას მეგობრის ერთგულებამ უბიძგა (2 სამ. 15:13—17, 32—37; 16:15—17:16).

სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ დღესაც ქრისტიანულ კრებაში და-ძმებს ერთმანეთზე ზრუნვისკენ პასუხისმგებლობაზე ან დავალებაზე უფრო აღმატებული რამ უბიძგებს. თავიანთი მოქმედებით ისინი ფაქტობრივად ამბობენ: „შენი მეგობარი იმიტომ კი არა ვარ, რომ არჩევანი არა მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ“.

სწორედ ეს გამოსცადა საკუთარ თავზე ერთმა ძმამ, ფედერიკომ. მაშინ როცა ყველაზე მეტად უჭირდა, მას მხარში ამოუდგა უახლოესი მეგობარი ანტონიო. ფედერიკო იხსენებს: „როცა ანტონიო ჩვენს კრებაში გადმოვიდა, მას მალევე დავუმეგობრდი. ორივენი მომსახურედ ვმსახურობდით და ერთმანეთთან თანამშრომლობა გვსიამოვნებდა. ცოტა ხანში ანტონიო უხუცესად დაინიშნა. გარდა იმისა, რომ მეგობრები ვიყავით, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითიც იყო“. მაგრამ ფედერიკომ მცდარი ნაბიჯი გადადგა. მან მაშინვე ითხოვა სულიერი დახმარება, თუმცა აღარ შეესაბამებოდა პიონერისა და მომსახურისთვის დადგენილ მოთხოვნებს. როგორ მოიქცა ანტონიო?

ფედერიკო ხვდება უხუცესებს. ანტონიო დროს უთმობს მას, უსმენს და ამხნევებს

რთულ მდგომარეობაში მყოფ ფედერიკოს მისი მეგობარი ანტონიო უსმენდა და ამხნევებდა

ფედერიკო იხსენებს: „ვხედავდი, რომ ანტონიო ჩემს ტკივილს იზიარებდა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ემოციური მხარდაჭერა აღმოეჩინა. ანტონიო გულწრფელად იყო დაინტერესებული ჩემი სულიერი მდგომარეობით. მას არასოდეს მივუტოვებივარ. ის სულიერი ძალების მოკრებისკენ მიბიძგებდა და მეუბნებოდა, არ დავნებებულიყავი“. ანტონიო აღნიშნავს: „ბევრ დროს ვუთმობდი ფედერიკოს. მინდოდა, მას თავისუფლად ესაუბრა ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც თავის პრობლემაზე“. საბედნიეროდ, ფედერიკომ სულიერი წონასწორობა აღიდგინა, მოგვიანებით კი კვლავ პიონერად და მომსახურედ დაიწყო მსახურება. ანტონიო დასძენს: „მართალია ახლა სხვადასხვა კრებაში ვმსახურობთ, მაგრამ დღეს ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, როგორც არასდროს“.

ფედერიკო და ანტონიო ერთად ატარებენ დროს

თავს ისე ხომ არ გრძნობ, თითქოს გიღალატეს?

რას იგრძნობდი, თუ ახლო მეგობარი ზურგს შეგაქცევდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებოდა მისი დახმარება? ალბათ, ცოტა რამ თუ გატკენდა გულს ამაზე მეტად. შეძლებდი პატიებას? იქნებოდა თქვენი ურთიერთობა ძველებურად მტკიცე?

გაიხსენე, რა გადახდა იესოს დედამიწაზე ყოფნის ბოლო დღეებში. ის დიდ დროს ატარებდა ერთგულ მოციქულებთან და განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ის მათ მეგობრებს უწოდებდა (იოან. 15:15). მაგრამ რა მოხდა, როცა იესო დააპატიმრეს? მოციქულებმა მიატოვეს ის და გაიქცნენ. პეტრე ყველას გასაგონად ამბობდა, რომ არასდროს მიატოვებდა თავის ბატონს, მაგრამ იმავე ღამეს უარყო, რომ იცნობდა მას! (მათ. 26:31—33, 56, 69—75).

იესომ იცოდა, რომ საბოლოო გამოცდის გავლა მარტოს მოუწევდა. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა იმედგაცრუებისა და გულის ტკენის მიზეზი. მაგრამ მკვდრეთით აღდგომიდან რამდენიმე დღეში მოციქულებთან საუბრისას მას გადაკვრითაც კი არ მიუნიშნებია, რომ მათი საქციელით იმედგაცრუებული და გულნატკენი იყო ან ნანობდა რამეს. იესო არ ხედავდა მოწაფეების შეცდომების ხმამაღლა აღნიშვნის საჭიროებას და არც მისი დაპატიმრების ღამეს მომხდარზე გაუმახვილებია ყურადღება.

ამის საპირისპიროდ, იესომ დაამშვიდა პეტრე და სხვა მოციქულები. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მათ ნდობა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო საქმის შესასრულებლად საჭირო მითითებები მისცა. მოციქულები იესოსთვის ისევ მეგობრებად დარჩნენ. მისმა სიყვარულმა წარუშლელი კვალი დატოვა მათზე. ისინი თავს არ დაზოგავდნენ, რომ მეტად აღარ გაეცრუებინათ იმედი თავიანთი ბატონისთვის. მათ შესანიშნავად შეასრულეს ის საქმე, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა (საქ. 1:8; კოლ. 1:23).

ერთ დას, ელვირას, დღემდე ახსოვს, როგორ აწყენინა თავის გულითად მეგობარს, ჯულიანას: „როცა მითხრა, რომ ჩემი საქციელით გული ვატკინე, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. გაბრაზების მიზეზი მას ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ ძალიან იმოქმედა იმის დანახვამ, რომ ის ყველაზე მეტად იმაზე წუხდა, სადამდე მიმიყვანდა ასეთი საქციელი. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები, რადგან იმაზე კი არ გამიმახვილა ყურადღება, რაც მას გავუკეთე, არამედ იმაზე, თუ რამხელა ზიანს ვაყენებდი საკუთარ თავს. მადლობელი ვიყავი იეჰოვასი, რომ მყავდა მეგობარი, რომელიც საკუთარ გრძნობებზე წინ ჩემს კეთილდღეობას აყენებდა“.

მაშასადამე, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს გულითად მეგობარს, როცა მეგობრობას საფრთხე ემუქრება? საჭიროების შემთხვევაში ის მზად უნდა იყოს, რომ ტაქტიანად და გულახდილად ისაუბროს. ასეთი მეგობარი ნათანისა და ხუშაის მსგავსად ერთგული უნდა დარჩეს გასაჭირის დროს და იესოს მსგავსად მზად უნდა იყოს პატიებისთვის. ხარ ასეთი მეგობარი?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება