რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის?
თუ გინდათ, კარგად გაეცნოთ ვინმეს, უნდა გაიგოთ, რისთვის მიუღწევია და რა სირთულეები გადაულახავს. იმავეს თქმა შეგვიძლია ღმერთზეც. ალბათ, გაგაოცებთ იმის გაგება, თუ რამდენი რამ გაუკეთებია მას, რასაც დღესაც მოაქვს ჩვენთვის სიკეთე და მომავალშიც მოგვიტანს.
ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲡᲐᲡᲘᲙᲔᲗᲝᲓ
იეჰოვა ღმერთი დიდებული შემოქმედია. „მისი უხილავი თვისებები – მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა – ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). „მან თავისი ძალით შექმნა დედამიწა, სიბრძნით დააფუძნა ნაყოფიერი მიწა და გონიერებით გადაჭიმა ცა“ (იერემია 10:12). ღვთის საოცარი ქმნილებები იმაზეც მოწმობს, რომ ძვირფასნი ვართ მისთვის.
მაგალითად, ჩვენს ცხოვრებას ძალიან ალამაზებს და ამდიდრებს ის, რომ იეჰოვამ თავის ანარეკლად შეგვქმნა (დაბადება 1:27). ეს იმას ნიშნავს, რომ მან გვიბოძა უნარი, ავირეკლოთ მისი შეუდარებელი თვისებები. მეტიც, იმითაც დაგვაჯილდოვა, რომ ჩავწვდეთ მის აზრებს და გავიზიაროთ მისი ფასეულობები. თუ მისი ნორმებით ვიცხოვრებთ, უფრო ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება გვექნება. ჩვენ აგრეთვე ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობაც გვაქვს.
ჩვენდამი ღვთის დამოკიდებულება იქიდანაც ჩანს, თუ როგორ შექმნა დედამიწა. პავლე მოციქულის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ღმერთი გვაძლევს „წვიმას ციდან და უხვ მოსავალს,.. და სიხარულით“ გვივსებს გულებს (საქმეები 14:17). ღმერთმა იმაზე გაცილებით მეტი მოგვცა, ვიდრე არსებობისთვის გვჭირდება. ყველაფერი, რაც მან გვიბოძა, უხვი და მრავალფეროვანია, და ეს იმიტომ, რომ ცხოვრებით დავმტკბარიყავით. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რის გაკეთებაც ღმერთს განზრახული ჰქონდა ჩვენთვის.
იეჰოვამ დედამიწა ისე შექმნა, რომ ადამიანებს მასზე მარადიულად ეცხოვრათ. როგორც ბიბლიაში წერია, მან „დედამიწა ადამიანებს მისცა“, „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია ის, დასასახლებლად შექმნა“ (ფსალმუნი 115:16; ესაია 45:18). ვის უნდა ეცხოვრა დედამიწაზე და რამდენ ხანს? ბიბლია ამ კითხვას ასე პასუხობს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).
იეჰოვამ პირველი მამაკაცი და ქალი, ადამი და ევა, სამოთხის ბაღში დაასახლა, რათა დაემუშავებინათ და ეზრუნათ მასზე (დაბადება 2:8, 15). ღმერთმა მეტად საინტერესო დავალება მისცა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28). ასე რომ, ადამსა და ევას დედამიწაზე უსასრულო ცხოვრების პერსპექტივა ჰქონდათ. სამწუხაროდ, მათ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა არჩიეს, რის გამოც ვერ იქნებიან მართლებს შორის, რომლებიც „დაიმკვიდრებენ დედამიწას“. მიუხედავად ამისა, იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა, რაზეც ქვემოთ ვიმსჯელებთ. მანამდე კი ვისაუბროთ, კიდევ რა გვიბოძა ღმერთმა.
ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲒᲕᲘᲑᲝᲫᲐ
ბიბლიას ღვთის სიტყვაც ეწოდება. ღმერთმა უმთავრესად იმიტომ გვიბოძა ბიბლია, რომ მეტი გაგვეგო მის შესახებ (იგავები 2:1–5). მართალია, ბიბლიაში შეიძლება ვერ ვიპოვოთ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც ღვთის შესახებ გვებადება, და ასეთი წიგნი არც არსებობს, მაგრამ ის, რაც მასში ჩაიწერა, გვეხმარება, გავეცნოთ ღმერთს (ეკლესიასტე 3:11). ბიბლიიდან ვიგებთ, წარსულში როგორ ეპყრობოდა ღმერთი ადამიანებს, რაც წარმოდგენას გვიქმნის მასზე. მისი კითხვისას ვხვდებით, როგორი ადამიანები მოსწონს ღმერთს და როგორი – არა (ფსალმუნი 15:1–5). თავისი სიტყვის მეშვეობით ღმერთი გვიმხელს, როგორ თაყვანისცემას იწონებს, რა ზნეობრივი ნორმები აქვს და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მატერიალური ნივთების მიმართ. იმას, თუ როგორია იეჰოვა სინამდვილეში, ყველაზე უკეთ მისი ძის, იესო ქრისტეს სიტყვები და საქმეები გვანახვებს, რის შესახებაც ბიბლიის ფურცლებიდან ვიგებთ (იოანე 14:9).
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გვიბოძა იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლია, ისაა, რომ მას სურს, ვიცოდეთ, როგორ ვიცხოვროთ აზრიანად და ვიყოთ ბედნიერები. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა გვასწავლის, რა არის საჭირო, რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს, ვიყოთ კმაყოფილები და თავი გავართვათ ნებისმიერ საწუხარს. ბიბლია პასუხს გვცემს ისეთ უმნიშვნელოვანეს კითხვებზეც, როგორიცაა: რატომ იტანჯებიან ადამიანები? როგორი მომავალი გველის? და რა გააკეთა ღმერთმა თავისი თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად?
ბიბლია სხვა მიზეზების გამოც არის უნიკალური წიგნი, ღვთის ნამდვილი შედევრი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიას 1 600-ზე მეტი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა, მას ერთი თემა გასდევს. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ღმერთია ბიბლიის ავტორი (2 ტიმოთე 3:16). დღეს არსებობს ბიბლიის ათასობით ხელნაწერი, რომლებიც მოწმობს, რომ სხვა უძველესი ნაშრომებისგან განსხვავებით, ღვთის სიტყვამ ჟამთა სვლას გაუძლო და ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიბლიას ბევრი მტერი ჰყავდა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის არ გადათარგმნილიყო, არ გავრცელებულიყო და ხალხისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დღეს ბიბლია ყველაზე გავრცელებული წიგნია და ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ბიბლია რომ დღემდეა შემონახული, იმაზე მოწმობს, რომ „ღვთის სიტყვა მარადიულად რჩება“ (ესაია 40:8).
ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲘᲖᲠᲣᲜᲐ, ᲠᲝᲛ ᲛᲘᲡᲘ ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮᲕᲐ ᲣᲪᲘᲚᲝᲑᲚᲐᲓ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘᲧᲝ
თავისი თავდაპირველი განზრახვა რომ შეესრულებინა, ღმერთმა კიდევ ერთ რამეზე იზრუნა. როგორც უკვე დავინახეთ, ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე. მაგრამ, როცა ადამი ეურჩა ღმერთს და შესცოდა, მხოლოდ თვითონ კი არ დაკარგა მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა, თავის შთამომავლებსაც წაართვა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა. „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). ასეთი სავალალო მდგომარეობის გამო ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ღმერთი თავის განზრახვას ვერ შეასრულებდა. როგორ მოიქცა ის?
იეჰოვა ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მას შეეფერებოდა. მან სამართლიანად აგებინა ადამს და ევას პასუხი თავიანთ საქციელზე, თუმცა სიყვარულით აღძრულმა მათი შთამომავლების კეთილდღეობაზე იზრუნა. თავისი სიბრძნიდან გამომდინარე, იეჰოვამ გამოსავალი იპოვა, რის შესახებაც ყველას უმალვე ამცნო (დაბადება 3:15). იგი თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გაათავისუფლებდა კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან. როგორ მოხდებოდა ეს?
ადამიანებს ადამის ურჩობის შედეგებისგან თავი რომ დაეღწიათ, იეჰოვამ დედამიწაზე იესო გამოგზავნა, რათა ესწავლებინა ხალხისთვის, როგორ ეცხოვრათ, და თავისი სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღოa (მათე 20:28; იოანე 14:6). იესო ისეთივე სრულყოფილი ადამიანი იყო, როგორიც ადამი, ამიტომ მას შეეძლო გამოსასყიდის გაღება. მაგრამ ადამისგან განსხვავებით, იესო ბოლომდე, სიკვდილამდეც კი ღვთის მორჩილი იყო. ვინაიდან იესო არ იმსახურებდა სიკვდილს, იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იგი როგორც სულიერი ქმნილება. ახლა უკვე იესოს შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც ადამმა ვერ შეძლო. მან ღვთის მორჩილ ადამიანებს გზა გაუხსნა მარადიული სიცოცხლისკენ. „როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით გამართლდება მრავალი“ (რომაელები 5:19). იესოს გამოსასყიდის წყალობით ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს და ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე.
იეჰოვას შესახებ ბევრს გვეუბნება ის, თუ როგორ გადაჭრა მან ადამის ურჩობის შედეგად გამოწვეული პრობლემები. აშკარაა, რომ ვერაფერი შეაჩერებს იეჰოვას, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს; მისი სიტყვა უცილობლად შესრულდება! (ესაია 55:11). ამასთან, ეს ყველაფერი ადასტურებს, რა ძლიერ ვუყვარვართ მას. „ღმერთმა სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამო შერიგების მსხვერპლად გამოგზავნა“ (1 იოანე 4:9, 10).
ვინაიდან ღმერთმა „საკუთარი ძე გაიმეტა და ყველას შემოგვწირა“, დარწმუნებული ვართ, რომ „სხვა ყველაფერსაც“ მოგვცემს, რასაც დაგვპირდა (რომაელები 8:32). წაიკითხეთ მომდევნო სტატია და გაიგეთ, რას დაგვპირდა ღმერთი.
ᲠᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ? იეჰოვამ ადამიანები მარადიული სიცოცხლისთვის შექმნა. მან ბიბლიაც გვიბოძა, რათა მეტი გავიგოთ მის შესახებ. იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ გამოსასყიდი გაიღო, რაც იმის გარანტიაა, რომ თავის განზრახვას უცილობლად შეასრულებს
a მეტი ინფორმაცია გამოსასყიდის შესახებ იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 27-ე გაკვეთილში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებსაიტზე www.jw.org