ხარ სამეფოს რეგულარული მაუწყებელი?
1 ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ 1999 წლის მაისში საქართველოში მიღწეულ იქნა მაუწყებელთა რაოდენობის უმაღლესი რიცხვი — 14 085. ჭეშმარიტად, ეს გაერთიანებული და მიზანდასახული ძალისხმევის ნაყოფია! მაგრამ მომდევნო თვეებში ზოგ მაუწყებელს, როგორც ჩანს, გაუჭირდა სამეფოს რეგულარულ მაუწყებლად ყოფნა, რადგან, იმ თვიდან მოყოლებული, მაუწყებლების საშუალო მაჩვენებელი თვეში 13 269-ს შეადგენდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მაუწყებლების გარკვეული რაოდენობა ყოველთვე არ აბარებდა სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს. ჩვენი აზრით, შემდეგი გამამხნევებელი აზრები ხელს შეუწყობს ამ სიტუაციის გამოსწორებას.
2 დააფასე ეს უპირატესობა. ჩვენ დიდად უნდა ვაფასებდეთ იმ უპირატესობას, რომ შეგვიძლია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ სხვებს. ამით გულს ვუხარებთ იეჰოვას და გულწრფელ ადამიანებს სიცოცხლისკენ მიმავალი გზის პოვნაში ვეხმარებით (იგავ. 27:11; 1 ტიმ. 4:16). რეგულარულად ქადაგება გამოცდილებას გვმატებს მსახურებაში და ამას სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობა მოაქვს.
3 ჩააბარე ანგარიში. ზოგიერთები, ვინც მსახურებაში მონაწილეობენ, დროულად არ აბარებენ ანგარიშს. არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ძალისხმევა იმდენად მცირეა, რომ არ ღირს მის შესახებ ანგარიშის ჩაბარება (შეადარე მარ. 12:41—44). ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ანგარიში ჩავაბაროთ იმის შესახებ, რაც გავაკეთეთ მსახურებაში! თუ შემუშავებული გვაქვს მსახურებაში გატარებული დროის ჩაწერის სისტემა სახლში, მაგალითად, კალენდრის გამოყენებით, ეს ყოველთვის შეგვახსენებს ზუსტი ანგარიშის ჩაბარების შესახებ ყოველი თვის ბოლოს.
4 აღმოუჩინე საჭირო დახმარება. მათი დახმარების მიზნით, ვინც რეგულარულად არ მონაწილეობს მსახურებაში, შეიძლება საჭირო იყოს ადგილობრივი ღონისძიებების გაუმჯობესება. კრების მდივანმა და წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებმა უნდა სთხოვონ გამოცდილ მაუწყებლებს, რომ დახმარება შესთავაზონ ასეთებს. თუ გყავს შვილები ან ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც უკვე მოუნათლავი მაუწყებლები არიან, ასწავლე მათ თავიანთი მსახურების შესახებ ანგარიშის ყოველთვიურად ჩაბარება.
5 გავიხსენოთ ერთი ბიოგრაფია, რომელიც გამოქვეყნდა 1997 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, სახელწოდებით „იეჰოვას მსახურებაში ხანგრძლივი სიცოცხლისთვის მადლიერი“. ნორვეგიელი და, ოტილიე მიდლანი, 1921 წელს თავის მონათვლამდე უკვე რეგულარულად ქადაგებდა. სამოცდათექვსმეტი წლის შემდეგ, 99 წლის ასაკში, მან თქვა: „მახარებს ის, რომ ჯერ კიდევ შემიძლია რეგულარულ მაუწყებლად ყოფნა“. რა შესანიშნავი მისაბაძი დამოკიდებულებაა, რომელიც უნდა ჰქონდეს იეჰოვას თითოეულ მსახურს!