შეკითხვების ყუთი
◼ რატომ არის სასარგებლო მსმენელებისთვის ბიბლიური მუხლების მოძებნა, როდესაც მათ ამას მომხსენებელი სთხოვს მოხსენების დროს?
ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა განსახილველი თემა და ის, მიმდინარეობს თუ არა ღვთის სიტყვის მონაკვეთის თითოეული მუხლის განხილვა, განსაზღვრავს, თუ რამდენი მუხლის წაკითხვა შეიძლება მოუწიოთ მსმენელებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მუხლების წაკითხვის ერთ-ერთი მიზეზი იმის მტკიცებაა, რომ, რაც ნათქვამი იყო, ბიბლიაშია მოცემული (საქ. 17:11). ბიბლიური მტკიცებების განხილვის კიდევ ერთი მიზანი ნათქვამის დადასტურებაა, რათა ყველას რწმენა განმტკიცდეს. ბიბლიური მუხლის მოძებნა, როდესაც მიმდინარეობს ძირითადი მუხლის განხილვა, მსმენელებს დაეხმარება, გონებაში უკეთესად ჩაიბეჭდონ აზრები. მუხლების მოძებნის გარდა, ჩანაწერების გაკეთება და გადმოცემული აზრების ყურადღებით მოსმენა სარგებლობის მომტანია.
თუმცა საზოგადოების მიერ მოწოდებულ გეგმაში შეიძლება მრავალი ბიბლიური მუხლი იყოს მოცემული თემის განსავითარებლად, ისინი მოცემულია მომხსენებლის სასარგებლოდ, რათა დაეხმაროს მას მომზადებაში. ამან შეიძლება დამატებითი ინფორმაცია მისცეს და დაეხმაროს მოხსენების საფუძვლად დადებულ ბიბლიურ პრინციპებში ჩაწვდომასა და თემის განვითარების გაგებაში. მომხსენებელი განსაზღვრავს, რომელი ციტატებია მნიშვნელოვანი მოხსენების განსავითარებლად და სთხოვს მსმენელებს, მასთან ერთად ადევნონ თვალი ამ მუხლების კითხვას და განხილვას. თემის მხარდამჭერი სხვა ციტატები შეიძლება მოხსენიებული და პარაფრაზირებული იყოს, მაგრამ ამ შემთხვევებში აუცილებელი არ არის, მსმენელებმა მოძებნონ ისინი.
როდესაც მომხსენებელი შერჩეულ მუხლებს კითხულობს, მან ისინი უშუალოდ ბიბლიიდან უნდა ამოიკითხოს და არა კომპიუტერით ამობეჭდილი ტექსტიდან. როდესაც მსმენელებს სთხოვს, მასთან ერთად წაიკითხონ ბიბლიური ციტატა, მომხსენებელმა გარკვევით უნდა აღნიშნოს ბიბლიის წიგნი, თავი და მუხლ(ებ)ი. კითხვის დასმით ან მოკლე კომენტარის გაკეთებით, თუ რატომ იკითხება გარკვეული მუხლი, ის მსმენელებს დროს მისცემს მის მოსაძებნად. აგრეთვე ციტატის გამეორება მსმენელს მუხლის დამახსოვრებაში დაეხმარება. მაგრამ არ არის რეკომენდებული, მოიხსენიო გვერდის ნომერი, რადგან შეიძლება მსმენელები ბიბლიის სხვადასხვა გამოცემით სარგებლობდნენ. ბიბლიური მუხლების მოძებნა, როცა ამის შესახებ სთხოვენ, დაეხმარება მსმენელებს, სარგებლობა მიიღონ ღვთის სიტყვიდან, როდესაც ის განიმარტება მოხსენების დროს (ებრ. 4:12).