თანატოლების ზეგავლენა და ქადაგების უპირატესობა
1 თანატოლების კარგი ან ცუდი ზეგავლენა ძლიერმოქმედია. თანაქრისტიანები დადებით ზეგავლენას ახდენენ, რაც ქრისტიანული კეთილი საქმეებისათვის წაგვახალისებს (ებრ. 10:24). მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, თანაკლასელები, მეზობლები ან სხვა ნაცნობები, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, შეიძლება ცდილობენ, ზეგავლენა მოახდინონ ჩვენზე, რათა ქრისტიანული პრინციპების საწინააღმდეგო კურსი ავირჩიოთ. ისინი შეიძლება ‘შეურაცხყოფენ ქრისტეში ჩვენს კეთილ ქცევას’ (1 პეტ. 3:16). როგორ შეგვიძლია ქადაგებისთვის მზადყოფნის შენარჩუნება, თანატოლების უარყოფითი ზეგავლენისდა მიუხედავად?
2 ოჯახის წევრები: ზოგჯერ ქმარსა და მამას, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, შეიძლება არ უნდოდეს, რომ ცოლმა და შვილებმა მონაწილეობა მიიღონ სამქადაგებლო მსახურებაში. ასეთი მდგომარეობა იყო მექსიკაში, ერთ ოჯახში. დედამ და შვიდმა შვილმა ჭეშმარიტება მიიღეს. თავდაპირველად მამა ეწინააღმდეგებოდა, რადგან არ უნდოდა, რომ მის ოჯახს კარდაკარ ექადაგა და ბიბლიური ლიტერატურა გაევრცელებინა. ის თვლიდა, რომ ეს მათთვის დამამცირებელი იყო. მიუხედავად ამისა, მისი ცოლ-შვილი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე, რომ იეჰოვასთვის ემსახურათ და რეგულარული მონაწილეობა მიეღოთ მსახურებაში. დროთა განმავლობაში მამაკაცმა დაინახა ღვთის მიერ ორგანიზებული სამქადაგებლო საქმიანობის ფასეულობა და მანაც თავი მიუძღვნა იეჰოვას. ჭეშმარიტების მისაღებად მას 15 წელი დასჭირდა, მაგრამ ოდესმე მოხდებოდა ეს, მის ოჯახს რომ არ გაეგრძელებინა ქადაგება? (ლუკ. 1:74; 1 კორ. 7:16).
3 თანამშრომლები: თანამშრომლებთან დამოწმებას შეიძლება ზოგიერთი დადებითად არ გამოეხმაუროს. ერთი დის მონათხრობის თანახმად, როდესაც სამსახურში საუბარი წამოიჭრა წუთისოფლის აღსასრულზე, მას დასცინეს, რადგან მათეს 24-ე თავის წაკითხვა შესთავაზა თანამშრომლებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ წაიკითხა ეს თავი და ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. დამ მას მისცა პუბლიკაცია და მასთან და მის ქმართან ბიბლიის შესწავლაზე შეთანხმდნენ. პირველმა შეხვედრამ ღამის ორ საათამდე გასტანა. მესამე შეხვედრის შემდეგ მათ დაიწყეს კრების შეხვედრებზე დასწრება, ამის შემდეგ სულ მალე თავი დაანებეს თამბაქოს გამოყენებას და დაიწყეს მსახურებაში მონაწილეობის მიღება. მოხდებოდა ეს, დას რომ არ ეცადა სხვებისთვის თავისი იმედის გაზიარება?
4 თანაკლასელები: ახალგაზრდა მოწმეები სკოლაში ხშირად განიცდიან თანატოლების ზეგავლენას და ეშინიათ, რომ სხვა ახალგაზრდებმა არ დაამცირონ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის გამო. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა ქრისტიანმა მოზარდმა თქვა: „სხვა ახალგაზრდებისთვის დამოწმების მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ დამცინებდნენ“. ამიტომ ის ხელიდან უშვებდა სკოლაში და უბანზე თანატოლებისთვის დამოწმების შესაძლებლობებს. როგორ შეგიძლია განავითარო სიმტკიცე, რომ გაუძლო თანატოლების ზეგავლენას? თუ მიენდობი იეჰოვას და ეცდები, დაიმსახურო მისი მოწონება (იგავ. 29:25). იამაყე იმით, რომ მსახურებაში ღვთის სიტყვის გამოყენება შეგიძლია (2 ტიმ. 2:15). ზემოთ ნახსენები ახალგაზრდა იეჰოვას ლოცვით სთხოვდა დახმარებას, რათა განევითარებინა თანაკლასელებთან საუბრის სურვილი. მან სკოლაში დაიწყო არაფორმალურად ქადაგება, რასაც კარგი შედეგი მოჰყვა, და მალე ყოველ ნაცნობთან საუბრობდა. მან დაასკვნა: „ამ ახალგაზრდებს მომავლის იმედი უნდათ და სჭირდებათ, იეჰოვა კი გვიყენებს, რომ დავეხმაროთ მათ“.
5 მეზობლები: შეიძლება გვყავს ისეთი მეზობლები ან სხვა ნაცნობები, რომლებიც ღიზიანდებიან ჩვენი რწმენის გამო. თუ გაშინებს ის, რასაც ისინი ფიქრობენ შენზე, ჰკითხე საკუთარ თავს: იციან მათ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება? რის გაკეთება შემიძლია მათ დასაინტერესებლად? სარაიონო ზედამხედველმა შენიშნა, რომ კარგი შედეგები მიიღწევა, როცა მეზობლებს რეგულარულად ვუქადაგებთ, მაგრამ დიდ დროს არ ვართმევთ. სთხოვე იეჰოვას, ძალა და სიბრძნე მოგცეს გულწრფელი ადამიანების ძებნის გასაგრძელებლად (ფილ. 4:13).
6 თანატოლების უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ თუ მოვექცევით, შეიძლება მოწინააღმდეგეებს ესიამოვნოთ, მაგრამ იქნება ეს მათთვის ან ჩვენთვის საუკეთესო? იესოს მისივე თანამემამულეები ეწინააღმდეგებოდნენ. მას თავისი ნახევარძმებისგან გულსატკენი შენიშვნების ატანაც უწევდა. მაგრამ მან იცოდა, რომ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ ღვთის გზაზე დარჩებოდა. ამგვარად, იესომ „მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან“ (ებრ. 12:2, 3). ჩვენც იგივეს გაკეთება გვმართებს. მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, ყველა ღონე იხმარო სამეფოს ცნობის ქადაგებისთვის. ამის გაკეთებით „შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმ. 4:16).