დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ
1 საღვთო წერილი გვირჩევს, რომ ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ვიზრუნოთ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ეს არ უნდა გახდეს. პირველ ადგილზე სულიერი საქმეები უნდა დავაყენოთ (მათ. 6:33; 1 ტიმ. 5:8). გაწონასწორებულობის შენარჩუნება კი ძალიან რთულია ამ „საზარელი ჟამს“ (2 ტიმ. 3:1). მაგრამ რა დაგვეხმარება ამის გაკეთებაში?
2 ბიბლიის თვალსაზრისის გათავისება: ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ, თუ ჩვენი მთავარი მიზანი სიმდიდრის დაგროვებაა, ამან შეიძლება სულიერად დაგვღუპოს (ეკლ. 5:10; მათ. 13:22; 1 ტიმ. 6:9, 10). ამ საზარელ დროში ნებისმიერი ჩვენგანისთვის დამღუპველი იქნებოდა ქვეყნიურ სამუშაოსა თუ ფულის შოვნის საქმეში ისე ჩავფლულიყავით, რომ სულიერი საქმიანობა — კრებებზე სიარული, ბიბლიის შესწავლა და მსახურება — მეორე ადგილზე გადაგვეტანა (ლუკა 21:34—36). ნაცვლად ამისა, ბიბლია გვირჩევს: „თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმ. 6:7, 8).
3 ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანებისგან მოითხოვება დღიდან დღემდე თავი ძლივ-ძლივობით გაიტანონ. არამედ იმის დანახვაში გვეხმარება, თუ რა გვჭირდება სინამდვილეში — საკვები, ტანსაცმელი და სახლი, იმისდა მიხედვით თუ სად ვცხოვრობთ. თუ ეს ყოველივე აუცილებელი გვაქვს, უფრო მეტის შოვნის სურვილმა არ უნდა გვშთანთქას. როდესაც რაღაცის ყიდვას ვაპირებთ ან დამატებითი სამუშაოს შოვნა გვინდა, კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: „ნამდვილად აუცილებელია ეს ჩემთვის?“. ამგვარად მოქცევა ბიბლიური რჩევის გათვალისწინებაში დაგვეხმარება: „თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ“ (ებრ. 13:5).
4 თუ მივენდობით იეჰოვას, დაგვეხმარება (იგავ. 3:5, 6). თუმცა მძიმედ შრომა გვიხდება, რომ ყოველდღიურად აუცილებელი სარჩო-საბადებელი ვიშოვოთ, მთავარი ეს არ არის ჩვენს ცხოვრებაში. ცოტა გვაქვს თუ ბევრი, ყოველთვის იეჰოვაზე ვართ მინდობილი, რომ მან დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილებები (ფილ. 4:11—13). ამიტომ ვხარობთ იმით, რომ იეჰოვა ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად სხვა მრავალ კურთხევასაც არ გვაკლებს.
5 მიჰბაძეთ სხვებს რწმენაში: ერთმა მარტოხელა დედამ, რომელიც თავის ქალიშვილს ჭეშმარიტების თანახმად ზრდიდა, ცხოვრება თანდათან გაიმარტივა. თუმცა ძალიან უყვარდა კომფორტულად ცხოვრება, შედარებით პატარა სახლში გადავიდა, მოგვიანებით კი ბინაში ცხოვრება არჩია. ამან საშუალება მისცა, უფრო ნაკლები საათები ემუშავა და მსახურებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო. როდესაც მისი ქალიშვილი გაიზარდა და გათხოვდა, დედამ მუშაობას ნაადრევად დაანება თავი, თუმცა იცოდა, რომ მომავალში ეს მის შემოსავალს შეამცირებდა. ახლა ის 70 წლისაა და კვლავ პიონერად მსახურობს. მას გული არ სწყდება იმის გამო, რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე უარი თქვა და პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესები დააყენა.
6 ერთ-ერთი უხუცესი თავის ცოლთან ერთად, სანამ სამ ბავშვს ზრდიდა, პიონერად მსახურობდა. მთელმა ოჯახმა ისწავლა, დაეკმაყოფილებინათ თავიანთი მოთხოვნილებები და არა სურვილები. ეს ძმა ამბობს: „უბრალოდ ცხოვრება გვიწევდა. თუმცა უფრო რთული დროც გვქონდა, იეჰოვა ყოველთვის გვამარაგებდა აუცილებლით. . . ახლა, როცა ვხედავ, რომ მთელი ჩემი ოჯახი სულიერ საკითხებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებს, ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად არის და კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება“. მისი ცოლი კი დასძენს: „როდესაც ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე სულიერი საქმეებითაა დაკავებული, ეს დიდ კმაყოფილებას მანიჭებს“. შვილებიც მოხარულნი არიან, რომ მათმა მშობლებმა სრული დროით მსახურება ირჩიეს.
7 ყველას, ვინც ღვთისადმი ერთგულების გზას ირჩევს და არა მატერიალურისკენ სწრაფვას, ბიბლია უხვ კურთხევებს ჰპირდება ახლაც და მომავალშიც (1 ტიმ. 4:8).