განივითარე იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა
1. რა დასკვნამდე მივიდა ერთი და თავის სულიერ ჩვევებთან დაკავშირებით?
1 „უკვე 20 წელია, რაც ჭეშმარიტებაში ვარ და მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ ვესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს და ვმონაწილეობ სამქადაგებლო მსახურებში“, — აღიარებს ერთი ქრისტიანი და. შემდეგ კი განაგრძობს: „მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ, თუმცა ამის გაკეთება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მხოლოდ ეს არ მიშველიდა სიძნელეებთან გასამკლავებლად . . . მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა აზროვნება და შემედგინა გააზრებული სასწავლო პროგრამა, რათა ნამდვილად გავცნობოდი იეჰოვას და შემყვარებოდა ის. აგრეთვე დამეფასებინა ის, რაც მისმა ძემ ჩვენთვის გააკეთა“.
2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა განვავითაროთ?
2 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარება ძალისხმევას მოითხოვს. ის იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ ქრისტიანულ საქმიანობაში რეგულარულ მონაწილეობას. თუ ხშირად არ ვესაუბრებით იეჰოვას, ეს შეიძლება იმას შევადაროთ, როცა ადამიანი ახლო მეგობარს კარგავს, რადგან აღარ აქვს მასთან ხშირი ურთიერთობა (გამოცხ. 2:4). მოდი გამოვიკვლიოთ, როგორ დაგვეხმარება ბიბლიის პირადი შესწავლა და ლოცვა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში (ფსალმ. 25:14, აქ [24:14]).
3. როგორი უნდა იყოს ჩვენი პირადი შესწავლა, რომ იეჰოვასთან დაახლოებაში დაგვეხმაროს?
3 ლოცვა და ფიქრი მნიშვნელოვანია. პირადი შესწავლა, რომელიც ჩვენს გულს კვებავს, უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ მასალაში მთავარი აზრების ხაზგასმასა და ბიბლიური მუხლების მონახვას. ბიბლიის პირადი შესწავლისას საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ რას გვეუბნება ეს ინფორმაცია იეჰოვას გზებზე, ნორმებსა და მის პიროვნებაზე (გამ. 33:13). სულიერ საკითხებში ჩაწვდომა გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე და გვიბიძგებს, ვიფიქროთ ჩვენს პირად ცხოვრებაზე (ფსალმ. 118:35, 111). პირადი შესწავლა იმ მიზნით უნდა ჩავატაროთ, რომ იეჰოვას დავუახლოვდეთ (იაკ. 4:8). სერიოზული პირადი შესწავლა მოითხოვს დროსა და შესაფერის გარემოს. რეგულარულად ასე რომ გამოგივიდეს, თვითდისციპლინაა საჭირო (დან. 6:10). მიუხედავად იმისა, ძალიან გადატვირთულია შენი ცხოვრება თუ არა, გამოყოფ ყოველდღე დროს, რომ იფიქრო იეჰოვას ბრწყინვალე თვისებებზე? (ფსალმ. 118:147, 148; 142:5).
4. როგორ გვეხმარება პირად შესწავლამდე ლოცვა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში?
4 გულწრფელი ლოცვა პირადი შესწავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისათვის, რომ ბიბლიური სწავლებები ჩვენს გულს შეეხოს და აღგვძრას, ვემსახუროთ „ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით“, ღვთის სულიწმიდას ვსაჭიროებთ (ებრ. 12:28). ამიტომაც, ყოველი შესწავლის წინ იეჰოვას ლოცვით უნდა ვთხოვოთ სულიწმიდა (მათ. 5:3). იმით, რომ ვფიქრობთ ღვთის სიტყვაზე და შესწავლაში დამხმარე საშუალებებს ვიყენებთ, რითაც იეჰოვას ორგანიზაციამ უზრუნველგვყო, ჩვენ გულებს ვუხსნით იეჰოვას (ფსალმ. 61:9). პირადი შესწავლის ასეთი პროცესი ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია, რითაც ერთგულებას ვავლენთ იეჰოვასადმი და უფრო ვუახლოვდებით მას (იუდ. 20, 21).
5. რატომ არის მნიშვნელოვანი, ყოველდღე ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე?
5 ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ურთიერთობა, იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობაც გამუდმებით უნდა განვამტკიცოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე არსებობდეს. ამიტომაც, ყოველდღე გამოვისყიდოთ დრო, რომ დავუახლოვდეთ იეჰოვას და ისიც, თავის მხრივ, დაგვიახლოვდება (ფსალმ. 1:2, 3; ეფეს. 5:15, 16).