„გაფართოვდით“
1. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს?
1 ქრისტიანულ საძმოში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ სითბოს შეტანას კრებაში (1 პეტ. 1:22; 2:17). ასეთი სითბო წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ‘ვფართოვდებით’ და თბილ გრძნობებს ვავლენთ ერთმანეთის მიმართ (2 კორ. 6:12, 13, სსგ). რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ უკეთ გავიცნოთ ჩვენი და—ძმები?
2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ განვავითაროთ მეგობრული ურთიერთობა თანამორწმუნეებთან?
2 მეგობრობა უფრო მტკიცდება. როდესაც უკეთ ვეცნობით თანამორწმუნეებს, უფრო მეტად ვაფასებთ მათ რწმენას, მოთმინებასა და სხვა კარგ თვისებებს. მათ სისუსტეებს ნაკლებად ვამჩნევთ და მეგობრული კვანძები უფრო ძლიერდება. კარგად გაცნობა გვეხმარება, უკეთ აღვაშენოთ და ვანუგეშოთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11). ჩვენ ერთმანეთის „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ ვხდებით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანის წუთისოფლის გამხრწნელ ზეგავლენას (კოლ. 4:11, აქ). როდესაც სიძნელეებს ვაწყდებით ამ უკანასკნელ დღეებში, რა მადლიერები ვართ, რომ საუკეთესო მეგობრები გვყავს იეჰოვას ხალხს შორის! (იგავ. 18:24).
3. როგორ შეგვიძლია სხვების გაძლიერება?
3 ახლო მეგობრებს შეუძლიათ იყვნენ განსაკუთრებული ძალისა და ნუგეშის წყარო მძიმე განსაცდელების დროს (იგავ. 17:17). ერთი ქრისტიანი და, რომელიც ებრძოდა უღირსობის გრძნობას, იხსენებს: „მეგობრები დადებითად მახასიათებდნენ და ამით დამეხმარნენ, გადამელახა უარყოფითი ფიქრები, რომლებიც ადრე მქონდა“. ასეთი მეგობრების ყოლა დიდი კურთხევაა იეჰოვასგან (იგავ. 27:9).
4. როგორ შეგვიძლია უკეთ გავიცნოთ სხვები კრებაში?
4 გამოავლინეთ ინტერესი სხვების მიმართ. როგორ შეგვიძლია ‘გავფართოვდეთ’ და გამოვავლინოთ თბილი გრძნობები თანამორწმუნეების მიმართ? შეხვედრებზე თანაქრისტიანების მისალმების გარდა, ეცადე, გაესაუბრო მათ; ნუ გააკეთებ ამას ზედაპირულად. პირად ცხოვრებაში ჩარევის გარეშე გამოავლინე მათდამი პირადი ინტერესი (ფილ. 2:4; 1 პეტ. 4:15). სხვა საშუალება, რითაც შეგიძლია დაუახლოვდე სხვებს, არის სახლში მიპატიჟება (ლუკ. 14:12—14); ან დაგეგმე მათთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში გასვლა (ლუკ. 10:1). როდესაც ინიციატივას ვიღებთ, რომ უფრო კარგად გავიცნოთ ჩვენი და-ძმები, ამით ხელს ვუწყობთ კრების ერთობას (კოლ. 3:14).
5. რა არის მეგობრობაში ‘გაფართოების’ ერთ-ერთი საშუალება?
5 ვართ მიდრეკილი, რომ მხოლოდ მასთან გვქონდეს ახლო ურთიერთობა, ვინც ჩვენი ასაკისაა ან მისი და ჩვენი ინტერესები საერთოა? ნება არ მივცეთ ასეთ ფაქტორებს, რომ კრებაში შეზღუდოს ჩვენი მეგობრობა. დავითმა და იონათანმა, ასევე რუთმა და ნაყომიმ განავითარეს ახლო მეგობრობა, მიუხედავად განსხვავებული ასაკისა და წარმოშობისა (რუთ. 4:15; 1 მეფ. 18:1). შეგიძლია გაფართოვდე მეგობრობაში? ასეთი მოქმედებით მოულოდნელ კურთხევებს მიიღებ.
6. რატომ არის კარგი ‘გავფართოვდეთ’ და თბილი გრძნობები გამოვავლინოთ ჩვენი და-ძმების მიმართ?
6 როდესაც ‘ვფართოვდებით’ და სხვების მიმართ თბილ გრძნობებს ვავლენთ, ამით ვაძლიერებთ ერთმანეთს და კრებაში მშვიდობას ვუწყობთ ხელს. უფრო მეტიც, იეჰოვა გვაკურთხებს, როდესაც სიყვარულს ვავლენთ ჩვენი და-ძმების მიმართ (ფსალმ. 40:2, 3; ებრ. 6:10). მიზნად დაისახე, რაც შეიძლება მეტი და-ძმა გაიცნო უკეთ.