მოთმინება ჯილდოვდება
1 „მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული“ (ლუკ. 21:19). ეს სიტყვები, რომლებიც ამ ‘წუთისოფლის აღსასრულთან’ დაკავშირებით იესოს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების ნაწილია, გარკვევით გვეუბნება, რომ ერთგულების შესანარჩუნებლად, მზად უნდა ვიყოთ მრავალი განსაცდელის ასატანად. მხოლოდ იეჰოვას ძალით შევძლებთ თითოეული ჩვენგანი ‘ბოლომდის მოთმინებას და გადარჩენას’ (მათ. 24:3, 13; ფილ. 4:13).
2 დევნამ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ფინანსურმა სიძნელეებმა და ემოციურმა მოშლილობამ შეიძლება ყოველი დღე პრობლემად გვიქციოს. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანა ცდილობს, იეჰოვასადმი ერთგულება დაგვაკარგინოს. თითოეული დღე, როდესაც ერთგულებას ვინარჩუნებთ ჩვენი მამისადმი, კიდევ ერთი გამარჯვებაა, რითაც პასუხს ვცემთ ცილისმწამებელს. რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ განსაცდელებისას დაღვრილი „ცრემლები“ დავიწყებული არ არის! ისინი ძვირფასია იეჰოვასთვის და ჩვენი ერთგულებით მას გულს ვუხარებთ! (ფსალმ. 55:9; იგავ. 27:11).
3 განსაცდელებით განმტკიცებულნი: განსაცდელების დროს შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ არა გვაქვს საკმარისი რწმენა, ან დავინახოთ ისეთი სისუსტეები, როგორიცაა სიამაყე ან მოუთმენლობა. ნაცვლად იმისა, რომ ვეცადოთ, თავი ავარიდოთ ანუ არაბიბლიური მეთოდებით გავექცეთ განსაცდელებს, მხედველობაში უნდა მივიღოთ ღვთის სიტყვები: „მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე“ (აქ). რატომ? იმიტომ, რომ განსაცდელებისას ერთგულების შენარჩუნებით გავხდებით ‘სრულქმნილნი და წუნდაუდებელნი’ (იაკ. 1:2—4). მოთმინება დაგვეხმარება, ისეთი ფასდაუდებელი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა გონიერება, თანაგრძნობა და გულმოწყალება (რომ. 12:15).
4 რწმენის გამოცდა: როდესაც მოთმინებით ვიტანთ განსაცდელებს, ჩვენ უკვე ნაცადი რწმენა გვაქვს, რომელიც ძალიან ღირებულია ღვთის თვალში (1 პეტ. 1:6, 7). ასეთი რწმენა გვამზადებს, რომ მომავალი განსაცდელებიც მტკიცედ ავიტანოთ. უფრო მეტიც, ვგრძნობთ ღვთის მოწონებას, რაც ჩვენს იმედს უფრო რეალურს ხდის (რომ. 5:3—5).
5 იაკობის 1:12-ში საუბარია იმ საუკეთესო ჯილდოზე, რომელსაც მოთმინებისთვის მივიღებთ. მასში ნათქვამია: „ნეტარია განსაცდელის გადამტანი კაცი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს“. ამიტომ, მოდი დავრჩეთ მტკიცენი იეჰოვასადმი ერთგულებაში და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის უხვად დააჯილდოებს „თავის მოყვარულთ“ (იაკ. 1:12).