მსახურებაში დახელოვნების სკოლა — მოღვაწეობისთვის ფართო კარის გაღება
1 იერემია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „დავუყენებ მწყემსებს და ისინი დამწყესავენ მათ, აღარ შეშინდებიან, არ დაფრთხებიან, არ დაიკარგებიან“ (იერ. 23:4). ასეთი სამწყემსო საქმიანობა დღეს ყველა ეროვნების ხალხს შორის სრულდება. ამ საქმიანობას ასრულებს ათიათასობით უხუცესი კრებებში. მათთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცთა დიდმა ჯგუფმაც, რომელიც ნამს არის შედარებული, ნებაყოფლობით წარადგინა თავი იეჰოვას მსახურებისთვის (ფსალმ. 109:3). ასეთი თავმდაბალი ძმები კურთხევაა ღვთის ხალხის კრებებისთვის! ვინაიდან დღეს სრულდება სულიერი შეკრების საქმიანობა, ჯერ კიდევ საჭიროა გამოცდილი მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თავს წარადგენენ იმისათვის, რომ ემსახურონ თავიანთ ძმებს.
2 მსახურებაში დახელოვნების სკოლა შესანიშნავად ამზადებს დაუქორწინებელ უხუცესებსა და თანაშემწეებს კრებებში მეტი პასუხისმგებლობების შესასრულებლად. ეს სკოლა, რომელიც დაარსდა 1987 წელს, დაამთავრა 22 000-ზე მეტმა სტუდენტმა დაახლოებით 140 ქვეყნიდან. დღემდე ეს კურსი გაიარა 999-მა კლასმა. ძმებისთვის მსახურებაში დახელოვნების სკოლა აღმოჩნდა „ღვაწლის ფართე კარი“ (1 კორ. 16:9).
3 სკოლის მიზანი. მსახურებაში დახელოვნების სკოლის მიზანია, რომ დაახელოვნოს და მოამზადოს ძმები პასუხისმგებლობების შესასრულებლად — იქ, სადაც საჭირონი იქნებიან ორგანიზაციაში. სკოლა ეხმარება მათ, რომ კარგი მაგალითი იყვნენ სამქადაგებლო საქმიანობაში, ასწავლის სამწყსოს მწყემსვას და უხვეწავს სწავლების უნარს. სკოლის დამთავრების შემდეგ ზოგი სტუდენტი სპეციალურ პიონერად ან მიმომსვლელ ზედამხედველად ინიშნება თავის ქვეყანაში ან საზღვარგარეთ. სხვებმა დანიშვნა მიიღეს თავიანთ კრებაში ან ფილიალის ტერიტორიის იმ ადგილებში, სადაც დიდი მოთხოვნილებაა.
4 რვათვიანი კურსის განმავლობაში სტუდენტებს ბიბლიის გაძლიერებული შესწავლა აქვთ. ისინი გულდასმით განიხილავენ ბიბლიურ სწავლებებს, აგრეთვე მწყემსის პასუხისმგებლობებსა და ქრისტიანულ ცხოვრებაში წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავების საშუალებებს. ისინი აგრეთვე სწავლობენ, თუ რას ამბობს ბიბლია ხელმძღვანელობასთან, სამართლებრივ და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი ღებულობენ სპეციალურ სწავლებას საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებით და ეწევათ პირადი დახმარება, რათა სულიერად გაიზარდონ.
5 მოთხოვნები. გასაგებია, რომ სკოლაში მისაწვევად მოთხოვნები მაღალია. კანდიდატები უნდა მსახურობდნენ უხუცესებად ან თანაშემწეებად, სულ მცირე, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. ყველა მათგანი უნდა იყოს დაუქორწინებელი, 23-დან 50 წლამდე. კანდიდატს უნდა შეეძლოს წერა-კითხვა და გამართული ლაპარაკი იმ ენაზე, რომელზეც სკოლა ტარდება; უნდა ჰქონდეს კარგი ჯანმრთელობა, რომ არ საჭიროებდეს განსაკუთრებულ მზრუნველობას ან დიეტას. უპირატესობა ენიჭებათ პიონერებს.
6 მათ, ვინც სკოლას გაივლის, უნდა სურდეთ და შეეძლოთ მსახურება იქ, სადაც საჭირონი იქნებიან. ამისათვის აუცილებელია ისეთივე სული, როგორიც ესაიას ჰქონდა; ის მოუთმენლად ელოდა, რომ შეესრულებინა განსაკუთრებული დავალება. მან თქვა: „აჰა, მიმავლინე“ (ეს. 6:8). ის აგრეთვე ავლენდა თავმდაბლობას მთელი თავისი სიცოცხლე. მათ, რომლებიც მსახურებაში დახელოვნების სკოლას გაივლიან, ძმებისადმი სიყვარული და მათდამი მომსახურების სურვილი უნდა ამოძრავებდეთ, ნაცვლად იმისა, რომ სურდეთ ძალაუფლების ან გამოჩენილი მდგომარეობის მოპოვება. ასეთი სასარგებლო სწავლების შემდეგ კურსდამთავრებულებისგან მოელიან, რომ ისინი ნასწავლს სხვების სასარგებლოდ გამოიყენებენ (ლუკ. 12:48).
7 სარგებლობა. რვა თვის ინტენსიური სწავლების შემდეგ კურსდამთავრებულები არიან „რწმენის სიტყვებით და . . . კეთილი სწავლით ნაზარდი“ (1 ტიმ. 4:6). ეს ამზადებს მათ სხვების დასახმარებლად და გასამხნევებლად თავიანთ კრებაში ან რაიონში. ბევრ ადგილას, სადაც მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულები ინიშნებიან, მაუწყებლები მსახურებაში უფრო აქტიურად მონაწილეობენ, პიონერთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის; მეტი ყურადღება ეთმობა მრავალ ახალს, ვისაც ღვთის ხალხთან აქვს ურთიერთობა.
8 ხარ დაუქორწინებელი, 23-დან 50 წლამდე ასაკის უხუცესი ან თანაშემწე? შეგიძლია მსახურებაში დახელოვნების სკოლის გავლა? ხარ ახალგაზრდა ძმა და გაქვს სამომავლო მიზნები იეჰოვასადმი მსახურებაში? ხომ არ ღირს უბრალო ცხოვრება და ხელისშემშლელი პირობებისგან გათავისუფლება, რომ შეგეძლოს შესვლა „ღვაწლის ფართე კარში“? ეს დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანს. ნადვილად, მსახურებაში დახელოვნების სკოლას მოაქვს ბევრი კურთხევა არა მარტო თვითონ კურსდამთავრებულთათვის, არამედ ღვთის ხალხის კრებებისთვის მთელ მსოფლიოში.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
რაში ეხმარებათ ნასწავლი?
„სწავლებამ ნამდვილად გააუმჯობესა ჩემი მსახურება და სამწყსოს მწყემსვის უნარი ბიბლიური სიბრძნის გამოყენებით“.
„სკოლამ უფრო მეტი თვითრწმენა მომცა კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობების შესასრულებლად“.
„მან თითქმის ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის თეოკრატიაზე და ღვთის ორგანიზაციაზე ჩემი თვალსაზრისი“.
„მიღებული სწავლება დამეხმარა, განმევითარებინა მზადყოფნის სული — ვიმსახურო იქ, სადაც ამის საჭიროებაა“.