საჭიროა შენი დახმარება
1 „მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. თქვენ ფასდაუდებელ შრომას ეწევით“. ეს სიტყვები კარგად გამოხატავს მადლიერების გრძნობას, რომელიც უხუცესებისა და მომსახურეების მიმართ გვეუფლება. რამდენადაც ღვთის ორგანიზაცია განაგრძობს გაფართოებას, უფრო მეტად არიან საჭირონი სულიერად მოწიფული მამაკაცები, რათა იმსახურონ მთელ მსოფლიოში არსებულ დაახლოებით 100 000 კრებაში. თუ მონათლული ძმა ხარ, საჭიროა შენი დახმარება.
2 ‘ისწრაფე’. როგორ შეგიძლია ისწრაფო დამატებითი პასუხისმგებლობების მიღებისკენ? (1 ტიმ. 3:1). უმთავრესად, საჭიროა, სამაგალითო იყო ცხოვრების ნებისმიერ მხარეში (1 ტიმ. 4:12; ტიტ. 2:6—8; 1 პეტ. 5:3). სრულად მიიღე მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში და სხვებსაც დაეხმარე, მსგავსად მოიქცნენ (2 ტიმ. 4:5). გულწრფელად დაინტერესდი თანამორწმუნეების კეთილდღეობით (რომ. 12:13). იყავი ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარი და განივითარე „სწავლების უნარი“ (ტიტ. 1:9; 1 ტიმ. 4:13). ერთგულად შეასრულე დავალებები, რომლებსაც უხუცესები მოგანდობენ (1 ტიმ. 3:10). თუ ოჯახისთავი ხარ, იყავი „ოჯახის კარგი გამგებელი“ (1 ტიმ. 3:4, 5, 12).
3 მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისთვის ბევრი გარჯა და თავგანწირვის სულისკვეთებაა საჭირო (1 ტიმ. 5:17). როდესაც ამ მიზნისკენ ისწრაფვი, უპირველესად თავმდაბლურად ემსახურე სხვებს (მათ. 20:25—28; იოან. 13:3—5, 12—17). იფიქრე ტიმოთეს განწყობილებაზე და ეცადე, მიბაძო მას (ფილ. 2:20—22). დაე, ტიმოთეს მსგავსად, შენმა კარგმა მოქმედებებმა ცხადყოს, რომ შეგიძლია დამატებითი პასუხისმგებლობების მიღება (საქ. 16:1, 2). თუ განივითარებ დამატებითი პასუხისმგებლობების შესასრულებლად საჭირო სულიერ თვისებებს და გამოიყენებ სხვების მიერ შენს გასაუმჯობესებლად მოცემულ რჩევებს, „შენი წარმატება ყველასთვის ცხადი“ გახდება (1 ტიმ. 4:15).
4 მშობლებო, ასწავლეთ შვილებს სხვების დახმარება. ბავშვებს შეუძლიათ ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიონ სხვების დახმარებას. ასწავლეთ მათ, ყურადღებით იყვნენ კრების შეხვედრებზე, იქადაგონ და სამაგალითონი იყვნენ სამეფო დარბაზში და სკოლაში. მიაჩვიეთ ისინი, რომ სიხარულით ემსახურონ სხვებს და მონაწილეობა მიიღონ ისეთ საქმეებში, როგორიცაა სამეფო დარბაზის დალაგება, ხანში შესულების დახმარება და ასე შემდეგ. დაე მათ თვითონ განიცადონ ის სიხარული, რაც გაცემას მოაქვს (საქ. 20:35). ამგვარი აღზრდა მოამზადებს მათ იმისათვის, რომ მომავალში გახდნენ პიონერები, მომსახურეები და უხუცესები.