გეგმა ოჯახისთვის — კრების შეხვედრები
1 თუ ქრისტიანი მშობელი ხარ, გინდა, რომ შენმა შვილებმა შეიყვარონ იეჰოვა, ემსახურონ მას და გაიხარონ მარადიული სიცოცხლით ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში. როგორ შეგიძლია დაეხმარო მათ, რომ იეჰოვასადმი მსახურება პირველ ადგილზე დააყენონ თავიანთ ცხოვრებაში? უმთავრესად, საკუთარი მაგალითით (იგავ. 20:7). ერთი და იხსენებს დედის მაგალითს, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. ის ამბობს: „ჩვენ არასდროს გვიკითხავს, წავიდოდით თუ არა კრებაზე“. ამან დიდი გავლენა მოახდინა მასზე.
2 ესმით შენი ოჯახის წევრებს, თუ რა მიზანი აქვს კრების შეხვედრებს? დასწავლება, რასაც კრების შეხვედრებზე ვიღებთ, ძალებს გვაძლევს, რომ ღვთის ნება შევასრულოთ. ჩვენს და-ძმებთან ურთიერთობა გამხნევების ფასდაუდებელი წყაროა (ეს. 54:13; რომ. 1:11, 12). მაგრამ ასეთი შეხვედრების მთავარი მიზანი ის არის, რომ იეჰოვას ხოტბა შევასხათ „საკრებულოებში“ (ფსალმ. 25:12). ქრისტიანული შეხვედრები იმის საშუალებას იძლევა, რომ იეჰოვასადმი სიყვარული გამოვავლინოთ და ვემსახუროთ მას.
3 „კარგად დაუკვირდით“. იმის დაფასება, რომ წმინდა მიზნით ვიკრიბებით, აღგვძრავს, „კარგად დავუკვირდეთ“, რომ არ განგვივითარდეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების კეთების ჩვევა კრების შეხვედრების ხარჯზე (ეფეს. 5:15, 16; ებრ. 10:24, 25). როცა ოჯახისთვის გეგმას შეადგენ, ალბათ, უპირველესად კრების შეხვედრების დროს აღნიშნავ. შეეცადე, რომ კრების შეხვედრებზე დასწრებაში სხვა საქმეებმა ხელი არ შეგიშალოს. კრების შეხვედრებზე დასწრება შენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
4 იმის წაკითხვა, თუ როგორ უმკლავდებიან ჩვენი ძმები დაბრკოლებებს, რათა კრებებსა და კონგრესებს დაესწრონ, განა ჩვენც არ აღგვძრავს, რომ მსგავსად მოვიქცეთ? შეიძლება შენი მდგომარეობა იმდენად რთული არ არის, მაგრამ პრობლემების წინაშე ალბათ შენც დგახარ. სატანა უფრო და უფრო მეტ სირთულეს უქმნის ღვთის ხალხს იეჰოვასადმი თაყვანისცემაში. მაგრამ დარწმუნებული იყავი, შვილები აუცილებლად დაინახავენ, რომ ოჯახს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კრების შეხვედრებზე დასწრება. ასე მოქცევით შენ შეგიძლია უწილადო მათ სულიერი ძღვენი, რაც არასოდეს იქნება დავიწყებული.