შეინახეთ
ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ამ დანართში მოცემულია ძირითადი აზრები სტატიათა სერიიდან „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები“, რომლებიც დაიბეჭდა „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. ყველას მოგიწოდებთ, რომ შეინახოთ ეს დანართი და გამოიყენოთ ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას. გარდა ამისა, ამ დანართში მოცემულ რჩევებზე შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების დროს. სამსახურებრივ ზედამხედველს წიგნის შესწავლის მონახულებისას შეუძლია თემა ამ დანართზე დააფუძნოს.
ნაწილი 1: რა ითვლება ბიბლიის შესწავლად?
თუ რეგულარულად და სისტემატურად განიხილავ ბიბლიურ საკითხებს (თუმცა ეს განხილვები შეიძლება ხანმოკლე იყოს), იყენებ ბიბლიას და რომელიმე რეკომენდებულ პუბლიკაციას, უკვე ბიბლიის შესწავლას ატარებ. შესწავლას ანგარიშში ჩავიწერთ მაშინ, როცა ის უკვე ორჯერ ჩავატარეთ, და არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ შესწავლა გაგრძელდება (km 07.04, გვ. 1).
რეკომენდებული პუბლიკაციები
◼ „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“
◼ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“
◼ „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“
◼ „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“ ეს ბროშურა შეიძლება გამოიყენოთ მათთან, ვისაც სათანადო განათლება არა აქვს მიღებული ან უჭირს კითხვა.
ნაწილი 2: მოემზადე ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად
მასალა ისე უნდა გადავცეთ, რომ შემსწავლელის გულს შეეხოს. ამისათვის საჭიროა გულდასმით მომზადება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ მივუდგეთ თითოეულ შემსწავლელს (km 08.04, გვ. 1).
როგორ უნდა მოემზადო?
◼ დაფიქრდი თავის ან გაკვეთილის სათაურზე, ქვესათაურებზე და სურათებზე.
◼ მოძებნე პასუხები აბზაცებთან დასმულ შეკითხვებზე, გახაზე მხოლოდ ძირითადი სიტყვები და ფრაზები.
◼ განსაზღვრე, რომელ ბიბლიურ მუხლებს წაიკითხავთ შესწავლის პროცესში. შესასწავლი პუბლიკაციის მინდორზე გააკეთე მოკლე ჩანაწერები.
◼ მოემზადე მთავარი აზრების მოკლედ გამეორებისთვის.
ინდივიდუალური მიდგომა
◼ ილოცე შემსწავლელზე და მის საჭიროებებზე.
◼ წინასწარ განჭვრიტე, რომელი აზრების გაგება ან მიღება შეიძლება გაუჭირდეს შემსწავლელს.
◼ დაფიქრდი: „რისი გაკეთება ესაჭიროება ან რაში საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა სულიერ პროგრესს მიაღწიოს? როგორ შემიძლია მის გულს ჩავწვდე?“
◼ შემსწავლელმა რომ უკეთ გაიგოს ესა თუ ის საკითხი ან გარკვეული ბიბლიური მუხლი, საჭიროების მიხედვით, მოამზადე მაგალითი, დამატებითი ახსნა-განმარტება ან შეკითხვები.
ნაწილი 3: ეფექტურად გამოიყენე ბიბლია
ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას ჩვენი მიზანია, ‘მოწაფეებად მოვამზადოთ’ ხალხი. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანებს ვეხმარებით, გაიგონ და მიიღონ ღვთის სწავლებები და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენონ (მათ. 28:19, 20; 1 თეს. 2:13). ამიტომ შესწავლისას მთავარი ყურადღება ბიბლიას უნდა დაეთმოს (km 11.04, გვ. 4).
ასწავლე ღვთის სიტყვიდან
◼ აჩვენე შემსწავლელს, როგორ იპოვოს ესა თუ ის მუხლი თავის ბიბლიაში.
◼ წაიკითხეთ და გაარჩიეთ ბიბლიის ის მუხლები, რომლებზედაც დაფუძნებულია ჩვენი სწავლებები.
◼ გამოიყენე კითხვები. შემსწავლელს ბიბლიურ მუხლებს შენ კი ნუ აუხსნი, არამედ თავად მას მიეცი ახსნის საშუალება.
◼ ილაპარაკე მარტივად. ნუ ეცდები, ახსნა თითოეული მუხლის ყველა დეტალი. მოიხსენიე მხოლოდ ის, რაც განსახილველი საკითხისთვის არის საჭირო.
◼ დაანახვე, როგორ შეიძლება მუხლის ცხოვრებაში გამოყენება. დაეხმარე იმის დანახვაში, თუ როგორ ეხება ბიბლიური მუხლები პირადად მას.
ნაწილი 4: ასწავლე ბიბლიის შემსწავლელს მომზადება
ბიბლიის შემსწავლელი, ჩვეულებრივ, სულიერად წინ სწრაფად მიიწევს, თუ წინასწარ კითხულობს მასალას, ტექსტში პასუხებს აღნიშნავს და ფიქრობს, როგორ გამოხატოს აზრები საკუთარი სიტყვებით. ამიტომაც, როცა ვინმესთან ბიბლიის შესწავლას იწყებ, საჩვენებლად ერთად მოამზადეთ მასალა, რათა მან მომზადება ისწავლოს. ბიბლიის შემსწავლელთა უმრავლესობისთვის უმჯობესი იქნება წიგნის მთელი თავის ან გაკვეთილის ერთად მომზადება (km 12.04, გვ. 1).
პასუხების მონიშვნა და ჩანაწერების გაკეთება
◼ აუხსენი ბიბლიის შემსწავლელს, თუ როგორ უნდა მოძებნოს ტექსტში კონკრეტული პასუხები.
◼ აჩვენე მას სასწავლო სახელმძღვანელოს შენი პირადი ეგზემპლარი, სადაც მხოლოდ მთავარი სიტყვები და ფრაზები გაქვს მონიშნული.
◼ დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელს იმის დანახვაში, რომ თითოეული ბიბლიური მუხლი აბზაცში მოცემული აზრების განსამტკიცებლად არის მოყვანილი. აჩვენე, როგორ შეუძლია სახელმძღვანელოს მინდორზე მოკლე ჩანაწერების გაკეთება.
მიმოხილვა და გამეორება
◼ აჩვენე შემსწავლელს, საფუძვლიანი მომზადების დაწყებამდე, როგორ შეუძლია ყურადღება მიაქციოს სათაურს, ქვესათაურებსა და ილუსტრაციებს.
◼ წაახალისე შემსწავლელი, რომ მომზადების ბოლოს გაიმეოროს მთავარი აზრები.
ნაწილი 5: როგორ განვსაზღვროთ, რა რაოდენობის მასალა უნდა განვიხილოთ?
განსახილველი მასალის რაოდენობა დამოკიდებული იქნება როგორც შემსწავლელის, ისე მასწავლებლის უნარსა და მდგომარეობაზე (km 01.05, გვ. 1).
ჩაუნერგე მტკიცე რწმენა
◼ უფრო მნიშვნელოვანია, შემსწავლელმა სწორად გაიგოს ბიბლიური ჭეშმარიტება, ვიდრე ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გავიაროთ მასალა.
◼ დაუთმე იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ შემსწავლელმა გაიგოს და გაითავისოს ნასწავლი.
◼ გამოყავი საკმარისი დრო ძირითადი ბიბლიური მუხლების განსახილველად, რომლებზეც ბიბლიური სწავლებებია დაფუძნებული.
არ გააჭიანურო შესწავლა
◼ თუ შემსწავლელს ჩვევად აქვს პირად საკითხებზე დიდხანს ლაპარაკი, უკეთესია ასეთ თემებზე შესწავლის შემდეგ ესაუბრო.
◼ ბევრი არ ილაპარაკო შესწავლის დროს. ხანგრძლივად არ ისაუბროთ მეორეხარისხოვან აზრებზე თუ შემთხვევებზე, რაც ხელს შეუშლის შემსწავლელს, მიიღოს ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა.
ნაწილი 6: როდესაც შემსწავლელი კითხვას გისვამს
ბიბლიის შესწავლა თუ რეგულარულად ტარდება, უკეთესია თანამიმდევრულად განიხილო ბიბლიური სწავლებები, ვიდრე ერთი საკითხიდან მეორეზე ნაჩქარევად გადახვიდე. ეს დაეხმარება შემსწავლელს, შეიძინოს საფუძვლიანი ცოდნა და სულიერად გაიზარდოს (km 02.05, გვ. 6).
იყავი გამჭრიახი
◼ განსახილველ მასალასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს შეგიძლია მაშინვე გასცე პასუხი.
◼ თუ კითხვა არ არის დაკავშირებული შესასწავლ მასალასთან ან გამოკვლევას საჭიროებს, შეგიძლია სხვა დროს განიხილო. შეიძლება დამხმარე იყოს დასმული კითხვის ჩანიშვნა.
◼ თუ შემსწავლელი არ ეთანხმება რომელიმე სწავლებას, გამოიყენე დამატებითი მასალა, რომელშიც საფუძვლიანად განიხილება ეს საკითხი.
◼ თუ შემსწავლელი მაინც ვერ დარწმუნდა, ამ საკითხზე საუბარი სხვა დროისთვის გადადე და განაგრძე შესწავლა.
იყავი მოკრძალებული
◼ თუ დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ იცი, თავი შეიკავე პირადი აზრის გამოთქმისგან.
◼ შემსწავლელს ეტაპობრივად აუხსენი, თუ როგორ გამოიკვლიოს ესა თუ ის საკითხი.
ნაწილი 7: შესწავლის ლოცვით დაწყებისა და დამთავრების შეთავაზება
ბიბლიის შემსწავლელის სულიერი წინსვლა იეჰოვასგან კურთხევაზეა დამოკიდებული. ამიტომ მართებულია, რომ შესწავლა დაიწყოს და დამთავრდეს ლოცვით (km 03.05, გვ. 8).
როგორ შევთავაზოთ ლოცვა?
◼ მათ, ვისთვისაც უცხო არ არის ლოცვები, შეგვიძლია პირველი შესწავლისთანავე შევთავაზოთ.
◼ სხვა შემსწავლელებთან კი საჭიროა გამჭრიახობა გამოვავლინოთ, რათა შევარჩიოთ სათანადო დრო ლოცვის შესათავაზებლად.
◼ ფსალმუნების 24:4, 5 და 1 იოანეს 5:14 შეგიძლია გამოიყენო იმის დასანახვებლად, თუ რატომ არის საჭირო ლოცვა.
◼ იოანეს 15:16 შეგიძლია გამოიყენო იმის ასახსნელად, რომ იეჰოვას უნდა მივმართოთ იესო ქრისტეს სახელით.
რა უნდა ჩართო ლოცვაში?
◼ მართებულია განვადიდოთ იეჰოვა, როგორც უზენაესი მოძღვარი.
◼ გამოხატე გულწრფელი ინტერესი შემსწავლელის მიმართ.
◼ გამოხატე მადლიერება იეჰოვას ორგანიზაციისთვის.
◼ სთხოვე იეჰოვას, აკურთხოს შემსწავლელის მცდელობა, რათა ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოს.
ნაწილი 8: გააცანი შემსწავლელს ჩვენი ორგანიზაცია
ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ შემსწავლელებს ბიბლიური სწავლებები გადავცეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, გახდნენ ქრისტიანული კრების ნაწილი. ყოველკვირეულად შესწავლის დროს რამდენიმე წუთი დაუთმე იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ რაიმე აზრის გაზიარებას (km 04.05, გვ. 8).
კრების შეხვედრები
◼ უთხარი შემსწავლელს, თუ როგორ ტარდება კრების თითოეული შეხვედრა; დასწრება პირველივე შესწავლისას შესთავაზე.
◼ გაუზიარე საინტერესო საკითხები, რომლებიც შეხვედრებზე იყო განხილული.
◼ გაუღვივე სურვილი, რომ დაესწროს გახსენების საღამოს, კონგრესებს და სარაიონო ზედამხედველის მონახულებას.
◼ აჩვენე სურათები ჩვენი პუბლიკაციებიდან, რათა უკეთესად წარმოიდგინოს, თუ რა ხდება კრების შეხვედრებზე.
◼ აღძარი შემსწავლელი, რომ წაიკითხოს ბროშურა „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“
გამოიყენე ვიდეოფილმები, რომ მადლიერება განუვითარდეს
◼ „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“.
◼ „ჩვენი საძმო“.
◼ „ღვთიური სწავლებით გაერთიანებულნი“.
◼ „დედამიწის კიდით კიდემდე“.
ნაწილი 9: მოამზადე შემსწავლელი არაფორმალური დამოწმებისთვის
როგორც კი ბიბლიის შემსწავლელებს რწმენა უვითარდებათ ნასწავლის საფუძველზე, ისინი აღძრულნი არიან, რომ ამის შესახებ ილაპარაკონ (km 05.05, გვ. 1).
წაახალისე, რომ დაამოწმოს
◼ ჰყავს ისეთი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომელთა მოწვევაც შეუძლია შესწავლაზე?
◼ ავლენს ინტერესს მისი თანამშრომელი, თანაკლასელი ან რომელიმე ნაცნობი?
ასწავლე, როგორ ისაუბროს სხვებთან თავისი რწმენის შესახებ
◼ შესწავლის დროს მნიშვნელოვანი აზრების ხაზგასმისას ჰკითხე: „როგორ აუხსნიდი ოჯახის წევრებს ამ ჭეშმარიტებას ბიბლიის დახმარებით?“
◼ დაანახვე შემსწავლელს, რომ საჭიროა პატივისცემისა და თავაზიანობის გამოვლენა, როცა სხვებს ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ესაუბრება.
◼ შემსწავლელს შეუძლია გამოიყენოს ბროშურა „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“, რათა მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი რწმენისა და საქმიანობის შესახებ გაიგონ.
ნაწილი 10: მოამზადე შემსწავლელი კარდაკარ მსახურებისთვის
როდესაც უხუცესები ჩათვლიან, რომ ბიბლიის შემსწავლელი შეესაბამება მოუნათლავი მაუწყებლისთვის საჭირო მოთხოვნებს, მას შეუძლია კრებასთან ერთად დაიწყოს საჯაროდ ქადაგება (km 06.05, გვ. 1).
ერთად მომზადება
◼ აჩვენე შემსწავლელს, სად შეუძლია შეთავაზებების ნახვა.
◼ დაეხმარე, შეარჩიოს მარტივი შეთავაზება, რომელიც პრაქტიკულია ადგილობრივ ტერიტორიაზე.
◼ წაახალისე, რომ მსახურების დროს გამოიყენოს ბიბლია.
◼ წინასწარ გაითამაშეთ სიტუაცია. აჩვენე, თუ რისი თქმა შეუძლია ტაქტიანად, როცა ისეთ რეაქციას შეხვდება, რომელიც ჩვეულებრივია თქვენს ტერიტორიაზე.
ერთად ქადაგება
◼ მაგალითის საჩვენებლად ჯერ შენ თვითონ გააკეთე თქვენ მიერ ერთად მომზადებული შეთავაზება.
◼ გაითვალისწინე შემსწავლელის პიროვნული თავისებურებები და შესაძლებლობები. ზოგჯერ შეიძლება უკეთესი იყოს, რომ მან შეთავაზების მხოლოდ ნაწილი თქვას.
◼ დაეხმარე ახალ მაუწყებელს, რომ რეგულარულად დაგეგმოს მსახურება.
ნაწილი 11: დაეხმარე შემსწავლელს, გააკეთოს განმეორებითი მონახულებები
განმეორებით მონახულებას საფუძველი პირველი საუბრისას ეყრება. აღძარი შემსწავლელი, გულწრფელი ინტერესი გამოავლინოს მისადმი, ვისაც ესაუბრება. ასწავლე ახალ მაუწყებელს, რომ მობინადრეს აზრების გამოხატვის საშუალება მისცეს, მოუსმინოს და დაინახოს, თუ რა აწუხებს (km 07.05, გვ. 1).
განმეორებითი მონახულებისთვის მომზადება
◼ გადახედეთ პირველი შეხვედრისას გაკეთებულ ჩანაწერებს და დაეხმარე შემსწავლელს, შეარჩიოს ისეთი საკითხი, რომელიც მობინადრეს დააინტერესებს.
◼ მოემზადეთ მოკლე საუბრისთვის, რომლის დროსაც პუბლიკაციიდან აღებულ ერთ-ერთ აბზაცთან ერთად, ერთ ბიბლიურ მუხლს განიხილავთ.
◼ მოამზადეთ შეკითხვა, რომელსაც საუბრის ბოლოს დასვამთ.
იყავი გულმოდგინე
◼ აღძარი შემსწავლელი, მალევე გააკეთოს განმეორებითი მონახულება მასთან, ვინც ინტერესი გამოავლინა.
◼ დაეხმარე შემსწავლელს, დაინახოს, რომ საჭიროა შეუპოვრობა მათთან შესახვედრად, რომელთა ნახვაც ძნელია.
◼ აჩვენე ახალ მაუწყებელს, როგორ დაუნიშნოს შეხვედრა, და უთხარი, რომ მნიშვნელოვანია, დაპირებისამებრ მიაკითხოს.
ნაწილი 12: დაეხმარე შემსწავლელს, რომ დაიწყოს და ჩაატაროს ბიბლიის შესწავლები
ძალიან მნიშვნელოვანია, მიბაძო იესოს და მაგალითი მისცე შემსწავლელს მსახურებაში. როდესაც ის დაგაკვირდება მსახურებაში, გაიგებს,რომ განმეორებითი მონახულების მიზანი არის ბიბლიის შესწავლის დაწყება (km 08.05, გვ. 1).
ბიბლიის შესწავლის შეთავაზება
◼ აუხსენი შემსწავლელს, რომ, როგორც წესი, აუცილებელი არ არის დეტალებში აღუწეროს, თუ როგორ ვატარებთ შესწავლას.
◼ ხშირად უმჯობესია პუბლიკაციიდან ერთი ან, შესაძლოა, ორი აბზაცის გამოყენებით იმის ჩვენება, თუ როგორ ტარდება შესწავლა.
◼ გაიმეორეთ და წინასწარ გაითამაშეთ ერთ-ერთი შეთავაზება ბიბლიის შესწავლის დასაწყებად (km 08.05, გვ 8; km 01.02, გვ. 6.)
დაეხმარე შემსწავლელს, გახდეს მასწავლებელი
◼ აღძარი შემსწავლელი, ჩაეწეროს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში.
◼ შესთავაზე ახალ მაუწყებელს, წამოგყვეს სხვა ბიბლიის შესწავლაზე, სადაც შეძლებს სწავლებაში მონაწილეობის მიღებას.