დაეხმარე სხვებს, ‘გულით მორჩილები’ გახდნენ
1 მორჩილება უმთავრესი მოთხოვნაა იმისათვის, რომ იეჰოვას მისაღები სახით ვცეთ თაყვანი (რჯლ. 12:28; 1 პეტ. 1:14—16). მალე ღმერთი განაჩენს გამოუტანს „მათ, რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას“ (2 თეს. 1:8). როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, ‘გულით დაემორჩილონ’ ღვთის სიტყვაში მოცემულ სწავლებებს? (რომ. 6:17).
2 დაეხმარე სხვებს რწმენისა და სიყვარულის განვითარებაში: საღვთო წერილში მორჩილება მჭიდროდ არის დაკავშირებული რწმენასთან. პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ‘მარადიული ღვთის ბრძანებით ადამიანებს რწმენით უნდა გამოევლინათ მორჩილება’ (რომ. 16:26). ებრაელების მე-11 თავში რწმენის უამრავი მაგალითია მოყვანილი; მათგან უმრავლესობა იეჰოვას ნების შესაბამისად მოქმედებდა (ებრ. 11:7, 8, 17). დაუმორჩილებლობა კი დაკავშირებულია რწმენის ნაკლებობასთან (იოან. 3:36; ებრ. 3:18, 19). ჩვენ უნდა დავხელოვნდეთ ღვთის სიტყვის გამოყენებაში, რათა სხვებს ისეთი რწმენის განვითარებაში დავეხმაროთ, რომელიც მორჩილების გამოვლენისკენ აღძრავს მათ (2 ტიმ. 2:15; იაკ. 2:14, 17).
3 მორჩილება აგრეთვე ღვთისადმი სიყვარულს უკავშირდება (რჯლ. 5:10; 11:1, 22; 30:16). „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, ხოლო მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“, — ნათქვამია 1 იოანეს 5:3-ში. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს იეჰოვასადმი სიყვარულის განვითარებაში? ყველანაირად ეცადე, რომ შესწავლის დროს დაინტერესებულს იეჰოვას თვისებებისადმი მადლიერება გაუღრმავო. გაუზიარე, თავად რას გრძნობ და როგორი მადლიერი ხარ იეჰოვასი. აღძარი შემსწავლელი, დაფიქრდეს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარება. უპირველესად, იეჰოვასადმი სიყვარული აღძრავს სხვებს — მათ შორის ჩვენც — გულით დავემორჩილოთ მას (მათ. 22:37).
4 ჩვენი მაგალითი: სხვები რომ ‘სასიხარულო ცნობის მორჩილებისკენ’ აღვძრათ, ყველაზე საუკეთესო საშუალება ამის საკუთარი მაგალითით დანახვებაა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ „მორჩილი გულის“ განსავითარებლად გამუდმებული ძალისხმევაა საჭირო (3 მეფ. 3:9; იგავ. 4:23). რა მოითხოვება ამისათვის? კვებე საკუთარი გული რეგულარულად კრების შეხვედრებზე დასწრებითა და ბიბლიის პირადი შესწავლით (ფსალმ. 1:1, 2; ებრ. 10:24, 25). იქონიე ურთიერთობა მათთან, ვინც მთელი გულითაა გაერთიანებული ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (იგავ. 13:20). რეგულარულად მიიღე მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში და გულწრფელად დაინტერესდი შენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხით. სთხოვე იეჰოვას, გიხელმძღვანელოს, რომ მორჩილი გული განივითარო (ფსალმ. 85:11). მოერიდე ყველაფერს, რასაც შენი გულის გარყვნა შეუძლია, მაგალითად უზნეობითა თუ ძალადობით გაჟღენთილ გართობის სახეობებს. ისწრაფე ისეთი მიზნებისკენ, რომლებიც უფრო დაგაახლოებს ღმერთთან და უფრო გააღრმავებს მასთან შენს ურთიერთობას (იაკ. 4:7, 8).
5 იეჰოვა არწმუნებდა ძველ დროში მცხოვრებ თავის ერს, რომ, თუ მას მოუსმენდნენ, უხვ კურთხევებს მიიღებდნენ (რჯლ. 28:1, 2). იეჰოვა დღესაც უხვად აკურთხებს მათ, „ვინც მას მმართველად მიიჩნევს და ემორჩილება“ (საქ. 5:32). ამიტომ, მოდი ჩვენი სწავლებითა და მაგალითით დავეხმაროთ სხვებს, გულით მორჩილები გახდნენ.
[სასწავლო კითხვები]
1. რას მოითხოვს იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან?
2. რატომ არის მნიშვნელოვანი, სხვებს ძლიერი რწმენის განვითარებაში დავეხმაროთ?
3. ა) როგორ უკავშირდება მორჩილება სიყვარულს? ბ) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს იეჰოვასადმი სიყვარულის განვითარებაში?
4. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მაგალითი? ბ) რის გაკეთება გვმართებს „მორჩილი გულის“ განსავითარებლად?
5. როგორ არიან მორჩილები კურთხეულნი?