‘უშიშრად ილაპარაკე ღვთის სიტყვა’
1 ხომ არ ყოყმანობ, ილაპარაკო შენი რწმენის შესახებ, როდესაც ამის შესაძლებლობა გეძლევა სკოლაში ან სამუშაოზე? ხომ არ გიჭირს არაფორმალურად ქადაგება ნათესავებთან, მეზობლებთან თუ უცნობებთან? რა დაგვეხმარება, ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობა და ‘უშიშრად ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვა’? (ფილ. 1:14).
2 თავს ნუ შეიკავებ: თუ შენს მეგობარს ან ნათესავს უმიზეზოდ სდებენ ბრალს, განა ხმას არ ამოიღებ მის დასაცავად? საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას, ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრის, შესახებ ხალხს მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ. ჩვენ განსაკუთრებული პატივი გვხვდა წილად, რომ დავამოწმოთ ჩვენს დიდებულ ღმერთზე (ეს. 43:10—12). იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული დაგვეხმარება, დავძლიოთ უარყოფითი გრძნობები და შიში და გაბედულად ვილაპარაკოთ ჭეშმარიტების შესახებ (საქ. 4:26, 29, 31).
3 გახსოვდეს, ჩვენ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ. ვინც ყურად იღებს ამ ცნობას, მარადიულ კურთხევებს მიიღებს. თუ მთელ ყურადღებას სამქადაგებლო საქმიანობაზე გადავიტანთ და არა საკუთარ თავზე ან ჩვენს მოწინააღმდეგეებზე, ეს დაგვეხმარება, რომ გაბედულად ვიქადაგოთ.
4 სხვების მაგალითი: ღვთის ერთგული მსახურების მაგალითი გაგვაძლიერებს, რომ ღვთის სიტყვა უშიშრად ვილაპარაკოთ. მაგალითად, ენოქი ვაჟკაცურად აცხადებდა იეჰოვას მიერ უღვთო ცოდვილთათვის გამოტანილ განაჩენს (იუდ. 14, 15). ნოე ერთგულად ქადაგებდა გულგრილ ხალხთან (მათ. 24:37—39). პირველ საუკუნეში მცხოვრები „უსწავლელი და უბრალო“ ქრისტიანები სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად განაგრძობდნენ ქადაგებას (საქ. 4:13, 18—20). „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში ხშირად იბეჭდება ღვთის თანამედროვე მსახურთა ბიოგრაფიები, რომლებმაც იეჰოვასადმი რწმენით დასძლიეს კაცთმოშიშება და გულმოდგინე მქადაგებლები გახდნენ.
5 ჩვენ გაბედულებას შეგვმატებს ღვთის იმ ძველი დროის ერთგულ მსახურთა ცხოვრებაზე ფიქრი, რომლებიც სირთულეებს უმკლავდებოდნენ (1 მეფ. 19:2, 3; მარ. 14:66—71). ისინი ‘ღვთის დახმარებით გაბედულებას იკრებდნენ’ და უშიშრად ლაპარაკობდნენ. ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია! (1 თეს. 2:2).