ასწავლე შვილებს, განადიდონ იეჰოვა
1. შეუძლიათ ბავშვებს იეჰოვას განდიდება?
1 ფსალმუნის 148:12, 13 მუხლები ბიჭებსაც და გოგონებსაც მოუწოდებს, რომ ‘ადიდონ იეჰოვას სახელი’. ბიბლიაში მოცემულია მრავალი ახალგაზრდის მაგალითი, რომლებიც იეჰოვას განადიდებდნენ. მაგალითად, ‘ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე მსახურობდა’ (1 სამ. 2:18). „პატარა გოგონამ“ უთხრა ნაამანის ცოლს, რომ ისრაელში მცხოვრებ იეჰოვას წინასწარმეტყველს შეეძლო, ნაამანი კეთრისგან განეკურნა (2 მეფ. 5:1—3). როდესაც იესო ტაძარში შევიდა და ძლევამოსილი საქმეები მოიმოქმედა, „ბავშვები . . . ხმამაღლა გაიძახოდნენ, გევედრებით, იხსენი დავითის ძეო“ (მათ. 21:15). როგორ შეუძლიათ მშობლებს ასწავლონ შვილებს, განადიდონ იეჰოვა?
2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა კარგი მაგალითი მისცენ შვილებს?
2 მიეცი მაგალითი: ვიდრე შვილებს ჭეშმარიტებას ჩაუნერგავდნენ, ისრაელ მამებს ჯერ თავად უნდა ჰყვარებოდათ იეჰოვა და მისი სიტყვები გულში უნდა ჩაებეჭდათ (კან. 6:5—9). თუ სამქადაგებლო მსახურებაზე დადებითად ლაპარაკობ და მსახურება შენს ყოველკვირეულ განრიგში შედის, ის შენი შვილებისთვისაც მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გახდება.
3. რა სარგებლობა მოუტანა მშობლების მაგალითმა ერთ დას?
3 ერთი და სიამოვნებით იხსენებს: „ჩემი ოჯახი ყოველ შაბათ-კვირა მონაწილეობდა სამქადაგებლო მსახურებაში. ვხედავდი, რომ ჩემს მშობლებს ქადაგება სიხარულს ანიჭებდა. ისე გავიზარდეთ, რომ ბავშვები მსახურებას ძალიან სასიამოვნო საქმედ მივიჩნევდით“. ეს და 7 წლის ასაკში გახდა მოუნათლავი მაუწყებელი და უკვე 33 წელია, რაც სრული დროით მსახურობს.
4. რას ნიშნავს ასწავლო თანდათანობით?
4 თანდათანობით ასწავლე: ბავშვებსაც მიაღებინე მონაწილეობა მსახურებაში. შეიძლება მათ ზარი დარეკონ, მობინადრეს ტრაქტატი გაუწოდონ ან ბიბლიური მუხლი წაიკითხონ. ეს უფრო მეტ სიხარულს შესძენს მათ და დაარწმუნებს, რომ თავადაც შეუძლიათ სასიხარულო ცნობის გადაცემა. რაც უფრო წამოიზრდებიან, უფრო მეტად მიაღებინე მონაწილეობა მსახურებაში. დაეხმარე მათ, რომ წინ წაიწიონ და სულიერი მიზნები დაისახონ.
5. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი მოუნათლავი მაუწყებელი გახდეს?
5 დაუყოვნებლივ დაელაპარაკე კრების უხუცესებს, თუ შენს შვილებს მოუნათლავ მაუწყებლებად მსახურება სურთ და შეესაბამებიან კიდეც ამისთვის საჭირო მოთხოვნებს. როცა მაუწყებლები გახდებიან, ისინი უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ, რომ განადიდონ იეჰოვა. გახსოვდეს, რომ საჭირო არ არის ბავშვმა იმდენი იცოდეს, რამდენიც მონათლულმა სრულწლოვანმა. იცის ბავშვმა ბიბლიის ძირითადი სწავლებები? ცხოვრობს ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად? სურს, მონაწილეობა მიიღოს მსახურებაში და გახდეს იეჰოვას მოწმე? თუ დიახ, უხუცესებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მან მოუნათლავ მაუწყებლად იმსახუროს (იხილე წიგნი „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვ. 79—82).
6. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა შვილებს ღვთის განდიდება ასწავლონ?
6 მშობლების მხრიდან ძალისხმევაა საჭირო, რომ ასწავლონ შვილებს, მთელი გულით განადიდონ იეჰოვა, მაგრამ მშობლებს იმდენად დიდ სიხარულს ანიჭებს შვილების სულიერი წინსვლა, რომ ეს ძალისხმევად ღირს. რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას სიამოვნებს, როდესაც ხედავს, რომ ბავშვები მის დიდებულ საქმეებზე საუბრობენ.