‘ერთგულად მიჰყევი მის ნაკვალევს’
1. როგორ შეგვიძლია გავხდეთ ეფექტური მსახურები?
1 იესოს არ მიუღია განათლება რაბინების სკოლებში, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ის ღვთის ყველაზე გამორჩეული მსახური იყო. საბედნიეროდ, იესოს მსახურების შესახებ გაკეთებული ჩანაწერები ჩვენთვის იქნა შემონახული, საიდანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ეფექტური მსახურები რომ ვიყოთ, ‘ერთგულად უნდა მივყვეთ მის ნაკვალევს’ (1 პეტ. 2:21).
2. რა დაგვეხმარება იმაში, რომ იესოს მსგავსად გვიყვარდეს ადამიანები?
2 გამოავლინე ხალხისადმი სიყვარული: იესოს სიყვარული აღძრავდა, რომ ხალხზე ეზრუნა (მარ. 6:30—34). ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებთაგან მრავალი „იტანჯება“ და მათ ძალიან სჭირდებათ ჭეშმარიტების გაგება (რომ. 8:22). ამ ადამიანების მძიმე მდგომარეობასა და მათ მიმართ იეჰოვას სიყვარულზე ფიქრი აღგვძრავს, რომ უფრო მეტი გულმოდგინებით განვაგრძოთ მსახურება (2 პეტ. 3:9). თავის მხრივ, ისინიც უფრო მეტად გამოეხმაურებიან ჩვენს ცნობას, თუ დაინახავენ, რომ გულწრფელად ვართ მათით დაინტერესებულნი.
3. რა შემთხვევებს იყენებდა იესო საქადაგებლად?
3 გამოიყენე ყველა შესაძლებლობა: იესო ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რათა სხვებისთვის სასიხარულო ცნობა გაეზიარებინა (მათ. 4:23; 9:9; იოან. 4:7—10). მსგავსადვე, ჩვენც გვსურს, რომ ყოველდღიური საქმეების კეთებისას ყოველთვის მზად ვიყოთ, სხვებს ჭეშმარიტება გავუზიაროთ. ზოგს ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა ყოველთვის ხელთ აქვს, რათა შეძლოს დამოწმება სამსახურში, სკოლაში, მგზავრობისას, საყიდლებზე სიარულისას თუ სხვა სიტუაციებში.
4. როგორ შეგვიძლია, სამეფო ჩვენი ქადაგების მთავარ თემად ვაქციოთ?
4 ყურადღება ღვთის სამეფოზე გადაიტანე: იესოს ქადაგების მთავარი თემა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იყო (ლუკ. 4:43). შესაძლოა, შეთავაზების გაკეთებისას მაშინვე არ მოვიხსენიოთ სამეფო, მაგრამ გონებაში ის უნდა გვქონდეს, რომ დავანახვოთ მობინადრეს, რამდენად გვჭირდება ეს სამეფო. მაშინაც კი, როცა მოვიხსენიებთ მსოფლიოში დღეს არსებულ ცუდ მდგომარეობას, რაც ბოლო დღეებზე მიუთითებს, პირველ რიგში მაინც „კარგის მახარობელნი“ ვართ (რომ. 10:15).
5. რა როლს ასრულებს ბიბლია იმაში, რომ ჩვენი მსახურება ეფექტური იყოს?
5 გამოიყენე ღვთის სიტყვა: მსახურების დროს იესო ყოველთვის წმინდა წერილებს იყენებდა. ის არაფერს ასწავლიდა თავისით (იოან. 7:16, 18). ის ძალებს ღვთის სიტყვიდან იღებდა და ღვთის სიტყვითვე იგერიებდა სატანის თავდასხმებს (მათ. 4:1—4). სხვებს რომ ეფექტურად ვასწავლოთ, ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (რომ. 2:21). როდესაც მსახურებაში ვინმე შეკითხვას გვისვამს, ჩვენი პასუხი ბიბლიაზე უნდა დავაფუძნოთ და, რამდენადაც შესაძლებელია, პირდაპირ ბიბლიური მუხლი ამოვუკითხოთ. ჩვენ გვინდა, დავანახვოთ მობინადრეს, რომ მას საკუთარ შეხედულებებს კი არ ვუზიარებთ, არამედ ღვთის აზრებს.
6. რას აკეთებდა იესო იმისთვის, რომ მსმენელის გულს შეხებოდა?
6 სწავლების დროს ადამიანების გულს შეეხე: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“ (იოან. 7:46). ასეთი სიტყვები თქვეს მცველებმა იესოზე, როცა მღვდლებმა და ფარისევლებმა ჰკითხეს მათ, თუ რატომ არ დააპატიმრეს იესო. სწავლებისას იესოს მხოლოდ ფაქტები არ მოჰყავდა, ის მსმენელთა გულებს ეხებოდა (ლუკ. 24:32). იესო ცხოვრებისეულ მაგალითებს იყენებდა იმისთვის, რომ მსმენელს უფრო ადვილად გაეგო მისი სიტყვები (მათ. 13:34). მას არ გადაუტვირთავს ხალხი ძალიან ბევრი ინფორმაციის მიწოდებით (იოან. 16:12). ადამიანების ყურადღებას ის იეჰოვასკენ მიმართავდა და არა საკუთარი თავისკენ. იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია კარგი მასწავლებლები გავხდეთ, თუკი ‘ყოველთვის დავუკვირდებით, რას და როგორ ვასწავლით’ (1 ტიმ. 4:16).
7. რატომ განაგრძობდა იესო თავის საქმეს შეუპოვრად?
7 განაგრძე გულმოდგინედ მსახურება გულგრილობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად: მიუხედავად იმისა, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, მრავალი მაინც არ უსმენდა მას (ლუკ. 10:13). იესოს ოჯახის წევრებსაც კი ეგონათ, რომ ის „ჭკუაზე შეიშალა“ (მარ. 3:21). მიუხედავად ამისა, იესო შეუპოვრად განაგრძობდა თავის საქმეს. ის დადებით განწყობას ინარჩუნებდა, რადგან აბსოლუტურად იყო დარწმუნებული, რომ ჰქონდა ჭეშმარიტება, რომელსაც ადამიანების გათავისუფლება შეეძლო (იოან. 8:32). ჩვენც არ ვეცემით სულით, რადგან იეჰოვა გვეხმარება (2 კორ. 4:1).
8, 9. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად მსხვერპლი გავიღოთ?
8 მსახურებაში სრული მონაწილეობისთვის საჭიროა მსხვერპლის გაღებაა: მსახურებისთვის იესომ უარი თქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე (მათ. 8:20). მართალია, იესო იღლებოდა, მაგრამ ის ზოგჯერ გვიანობამდეც ქადაგებდა (მარ. 6:35, 36). იესოს ესმოდა, რომ ცოტა დრო ჰქონდა თავისი საქმის შესასრულებლად. რადგან „დრო ცოტაღა დარჩა“, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ იესოს მსგავსად მსხვერპლი გავიღოთ — ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები მსახურებას მოვახმაროთ (1 კორ. 7:29—31).
9 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ეფექტური მსახურები იყვნენ, რადგან ისინი იესოს მიერ იყვნენ განსწავლულნი (საქ. 4:13). ჩვენც შეგვიძლია სრული მონაწილეობა მივიღოთ მსახურებაში, თუ მივბაძავთ კაცობრიობის ისტორიაში ღვთის ყველაზე გამორჩეულ მსახურს (2 ტიმ. 4:5).