ანუგეშეთ მგლოვიარენი
1. რატომ სჭირდებათ ნუგეში მგლოვიარეებს?
1 საყვარელი ადამიანის სიკვდილი ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სამეფოს იმედი არა აქვთ (1 თეს. 4:13). ბევრი ხშირად სვამს კითხვებს: „რატომ კვდება ადამიანი? სად მიდის ის? ვიხილავ ოდესმე ჩემს გარდაცვლილ ახლობელს?“ ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა იმაზე, თუ როგორ ვანუგეშოთ ოჯახის წევრისა თუ მეგობრის სიკვდილით დამწუხრებული ადამიანები, რომელთაც მსახურების დროს ვხვდებით (ეს. 61:2).
2. თუ მობინადრე მგლოვიარეა, აუცილებელია, დიდი ხანი გავჩერდეთ მასთან საქადაგოდ?
2 კარდაკარ: შეიძლება კარდაკარ მსახურების დროს შემდეგ სიტუაციებს ვაწყდებით: შეიძლება მობინადრისგან ვიგებთ, რომ მას სულ ახლახან დაეღუპა ოჯახის წევრი; შესაძლოა, მობინადრეს ვატყობთ, რომ ის ძალიან დამწუხრებულია, ან შეიძლება სახლი მგლოვიარე ნათესავებითაა სავსე. ასეთ შემთხვევებში უმჯობესი იქნება, თუ დიდხანს არ გავჩერდებით მათთან საქადაგოდ (ეკლ. 3:1, 7). შეგვიძლია, მივუსამძიმროთ მას, მივცეთ სათანადო ტრაქტატი, ჟურნალი ან ბროშურა და თავაზიანად დავშორდეთ. შემდეგ შეგვიძლია შესაფერის დროს დავბრუნდეთ და უფრო მეტი ბიბლიური ინფორმაციის გაზიარებით ვანუგეშოთ ის.
3. თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომელი ბიბლიური მუხლების ჩვენება შეგვეძლო დამწუხრებული მობინადრისთვის?
3 არის შემთხვევები, როდესაც უფრო მეტი რამის თქმა შეიძლება პირველივე მონახულებისას. მართალია, ეს შესაფერისი დრო არ არის იმისთვის, რომ მობინადრეს არასწორი შეხედულებები შევუსწოროთ, მაგრამ შეგვიძლია გავუზიაროთ მას მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური დანაპირები (იოან. 5:28, 29). ან შეგვეძლო გვეთქვა, რას ამბობს ბიბლია იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები (ეკლ. 9:5, 10). ბიბლიის ის მონაკვეთი, რომელშიც მკვდრეთით აღდგომის შემთხვევაა აღწერილი, შეიძლება მისთვის მანუგეშებელი აღმოჩნდეს (იოან. 11:39—44). ასევე, შეიძლება მანუგეშებელი იყოს ერთგული იობის სიტყვები, რომელიც იეჰოვაზე იყო დაიმედებული (იობ. 14:14, 15). ვიდრე მობინადრეს დავემშვიდობებოდეთ, შეგვეძლო შეგვეთავაზებინა მისთვის ბროშურები „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“ ან სხვა შესაფერისი ბროშურა ან ტრაქტატი. ან შეგვეძლო დაგვეტოვებინა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“, ყურადღება გაგვემახვილებინა მე-6 თავში მოცემულ ინფორმაციაზე და შევთანხმებულიყავით, რომ ამ საკითხს შემდეგ მისვლაზე განვიხილავდით მასთან.
4. კიდევ რა შემთხვევებში შეგვიძლია სხვების ნუგეშისცემა?
4 სხვა შემთხვევებში: თუ დაკრძალვასთან დაკავშირებული მოხსენება სამეფო დარბაზში წარმოითქმება და იქ იმყოფებიან ისინი, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები, დარბაზში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ლიტერატურა, რომელიც მათ ნუგეშს მოჰგვრის. ზოგჯერ გაზეთებში ჩნდება ხოლმე სამგლოვიარო განცხადებები, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის მოკლე მანუგეშებელი წერილის მიწერის შესაძლებლობას გვაძლევს. ერთხელ, ასეთი წერილის მიღების შემდეგ, რომელშიც რამდენიმე ტრაქტატიც იყო ჩადებული, დაქვრივებული კაცი თავის გოგონასთან ერთად მაუწყებლის მისამართზე მივიდა და ჰკითხა: „თქვენ გამომიგზავნეთ ეს წერილი? მსურს, უფრო მეტი გავიგო ბიბლიის შესახებ!“ ამ კაცმა თავის შვილთან ერთად ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო.
5. რატომ უნდა ვიყოთ მზად, რომ ვანუგეშოთ მგლოვიარენი?
5 ეკლესიასტეს 7:2-ში ნათქვამია: „ნადიმზე წასვლას გლოვის სახლში წასვლა სჯობია“. ჩვეულებრივ, დამწუხრებული ადამიანი უფრო მეტად ისმენს ღვთის სიტყვას, ვიდრე ის, ვისაც მხოლოდ გართობა აინტერესებს. ყველა ჩვენგანი მზად უნდა ვიყოთ, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ მათ სანუგეშებლად, ვინც საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამოა დამწუხრებული.