‘ვამხობთ სიმაგრეებს’
1 საუკუნეების განმავლობაში ცრუ სწავლებებითა და მზაკვრობით სატანამ ადამიანთა გულსა და გონებაში შექმნა ისეთი „ბარიერები“, რომლებიც მრავალს ხელს უშლის ჭეშმარიტების გაგებაში. მან გაავრცელა ისეთი სწავლებები, როგორიცაა მაგალითად სწავლება სამებაზე, სულის უკვდავებასა და ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე. ის ეჭვქვეშ აყენებს შემოქმედის არსებობას და ბიბლიის უტყუარობას. ხალხს ჭეშმარიტების გაგებაში სატანის მიერ შექმნილი სხვა „ბარიერებიც“ — რასიზმიც და ნაციონალიზმიც — უშლის ხელს (2 კორ. 4:4). როგორ შეგვიძლია ამ „სიმაგრეების“ დამხობა? (2 კორ. 10:4, 5).
2 გასათვალისწინებელია ადამიანის გრძნობები: ის, რაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში სწამს, ხშირად მისთვის ძალიან ძვირფასი ხდება. ზოგს ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს არასწორი სწავლებები. ასეთებს რომ დავეხმაროთ, საუბრისას უნდა დავანახვოთ, რომ მათ შეხედულებებს პატივს ვცემთ (1 პეტ. 3:15).
3 მათდამი პატივისცემას იმით გამოვავლენთ, თუ საშუალებას მივცემთ, აგვიხსნან, რა სწამთ და რატომ (იაკ. 1:19). შესაძლოა ვინმეს სულის უკვდავების იმიტომ სჯერა, რომ საყვარელი ადამიანი დაეღუპა და ძალიან სურს მისი ნახვა. ზოგი კი შეიძლება იმიტომ აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულებს, რომ შესაძლებლობა ეძლევათ, დრო ახლობლებთან ერთად გაატარონ. მათი მოსმენა დაგვეხმარება, ჩავწვდეთ მათ გრძნობებს და ისე მივუდგეთ, რომ ჭეშმარიტებით დავაინტერესოთ (იგავ. 16:23).
4 მიჰბაძე იესოს: ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ პასუხობდა იესო კანონის მცოდნე ერთ კაცს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა. იესოს მისთვის პირდაპირ არ უთქვამს, რა უნდა გაეკეთებინა. მიზეზი ის იყო, რომ ის, რაც ამ კაცს სწამდა, მთელი გულით სწამდა, და თუ იესო მას კონკრეტულ მითითებებს მისცემდა, ამ კაცს შეიძლება მისი სიტყვები არ მიეღო. ნაცვლად ამისა, იესომ მოიშველია წმინდა წერილები და ამ კაცს თავისი აზრი გამოათქმევინა, შემდეგ კი მაგალითის მოყვანით დაეხმარა, რომ სწორ დასკვნამდე მისულიყო (ლუკ. 10:25—37).
5 რა ღრმადაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს გამჯდარი ცრუ რელიგიური სწავლებები, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას მათი ამოძირკვა შეუძლია (ებრ. 4:12). თუ მოთმინებით ვასწავლით სხვებს ღვთის სიტყვას, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ მათ, რომ უარყონ ცრუ სწავლებები და შეიცნონ ჭეშმარიტება, რომელიც მათ გაათავისუფლებს (იოან. 8:32).