ქადაგება მოთმინებას მოითხოვს
1 ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პავლე მოციქული სასიხარულო ცნობას ქადაგებდა, რასაც მისთვის კმაყოფილება მოჰქონდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმის შესრულებისას ის სირთულეებს აწყდებოდა (2 კორ. 11:23—29). მიუხედავად ამისა, პავლე არ წყვეტდა ქადაგებას (2 კორ. 4:1). მას კარგად ესმოდა, რომ იეჰოვა აძლევდა მსახურების შესასრულებლად საჭირო ძალას (ფილ. 4:13). პავლე მოციქული განსაცდელების მიუხედავად, ერთგულად განაგრძობდა მსახურებას. მას სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თქვა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1).
2 მოთმინების გამოვლენა განსაცდელების დროს: ყოველდღე ჩვენი მრავალი და-ძმა ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა თუ თანაკლასელების მხრიდან დაცინვას, წინააღმდეგობასა და გულგრილობას ხვდება (მათ. 10:35; იოან. 15:20). შეიძლება არც შენ ხარ გამონაკლისი. შესაძლოა სუსტი ჯანმრთელობა გაქვს ან ყოველდღიურად ებრძვი ცდუნებას, რაც შენს რწმენასა და მოთმინებას სცდის. ძალას შეგმატებს ძველი დროის ღვთის ერთგულ მსახურთა ცხოვრებაზე დაფიქრება, აგრეთვე იმ თანაქრისტიანების მაგალითები, რომლებიც დღეს განსაცდელებს უძლებენ (1 პეტ. 5:9).
3 ‘ღვთის სრული საჭურვლით შემოსვა’ მსახურების ერთგულად შესრულების ძალას მოგვცემს (ეფეს. 6:10—13, 15). სირთულეების ასატანად ლოცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთი წმინდა სულს გვაძლევს განსაცდელებთან გასამკლავებლად (2 კორ. 6:4—7). სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ გავიმარჯვოთ, ყურად უნდა ვიღოთ ღვთის შეხსენებები (ფსალმ. 119:24, 85—88). შვილი შეიძლება კვლავ და კვლავ კითხულობს მოსიყვარულე მამისგან მიღებულ წერილს. მსგავსად, ჩვენც ყოველდღიურად უნდა ვიკითხოთ ბიბლია იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად. რეგულარული პირადი შესწავლით განსაცდელების ასატანად საჭირო სიბრძნეს შევიძენთ და უკეთ ჩავწვდებით იეჰოვას აზროვნებას, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. პირადი შესწავლა დაგვეხმარება, ერთგულები დავრჩეთ (იგავ. 2:10, 11).
4 განსაცდელების ატანას კურთხევა მოჰყვება: თუ იმ სირთულეებს ავიტანთ, რომლებსაც მსახურების დროს ვხვდებით, პავლეს მსგავსად იეჰოვას გავუხარებთ გულს. მოთმინების გამოვლენა კურთხევებს მოგვიტანს როგორც ჩვენ, ისე სხვებს (იგავ. 27:11). მოდი, კვლავაც განვაგრძოთ მსახურება და ცხადვყოთ, რომ ჩვენი რწმენა მტკიცეა და „ბევრად ძვირფასია ოქროზე, რომელიც ცეცხლშია გამობრძმედილი“ (1 პეტ. 1:6, 7).