როგორ შეგიძლია უპასუხო?
1. კითხვებზე პასუხის გაცემის დროს რატომ უნდა მივბაძოთ იესოს?
1 პირველ საუკუნეში ხალხი გაოცებული იყო იმით, თუ რა ეფექტურად პასუხობდა იესო დასმულ შეკითხვებს. როდესაც მსახურებაში კითხვებს გვისვამენ, კარგი იქნება, თუ პასუხის გაცემისას იესოს მივბაძავთ (1 პეტ. 2:21).
2. რა დაგვეხმარება, რომ კითხვებზე ეფექტური პასუხები გავცეთ?
2 ყურადღებით მოუსმინე: იესო ცდილობდა, გაეგო, რატომ უსვამდნენ მას ამა თუ იმ კითხვას. ზოგჯერ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, ის თავად უსვამდა კითხვებს მოსაუბრეს, რომ გაეგო, სინამდვილეში რას გულისხმობდა ეს ადამიანი. როცა ვინმე გეკითხება, „გწამს იესო?“, სინამდვილეში მას შეიძლება აინტერესებს, რატომ არ აღნიშნავ შობას. თუ მიხვდები, რა აინტერესებს მოსაუბრეს, ეს საუბრის უფრო საინტერესოდ წარმართვაში დაგეხმარება (ლუკ. 10:25—37).
3. რა დაგვეხმარება ამომწურავი ბიბლიური პასუხების გაცემაში?
3 უპასუხე ღვთის სიტყვიდან: ჩვეულებრივ უკეთესია, პასუხები ბიბლიიდან გასცე (2 ტიმ. 3:16, 17; ებრ. 4:12). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ მოცემული „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ და წიგნი „მსჯელობა“ დაგეხმარება, რომ დასმულ კითხვას ბიბლიიდან გასცე პასუხი. მაშინაც კი, თუ მოსაუბრე ბიბლიას ავტორიტეტად არ თვლის, შენ შეგიძლია ტაქტიანად აუხსნა, რას ასწავლის ბიბლია. აღძარი მოსაუბრე, სერიოზულად დაფიქრდეს ბიბლიაში ჩაწერილ სიბრძნეზე, რომელიც საუკუნეებია ეხმარება ადამიანებს. თუ იესოს მიჰბაძავ, შენი პასუხები ‘ნაჭედ ვერცხლზე დალაგებული ოქროს ვაშლებივით’ იქნება — ღირსეული და ფასეული (იგავ. 25:11).
4. რა შემთხვევებში არ ღირს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა?
4 უნდა ვუპასუხოთ ყველა კითხვას? თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ იცი, ნუ მოგერიდება, მობინადრეს უთხრა: „არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ გამოვიკვლევ ამ საკითხს და შემდეგ გიპასუხებთ“. ასეთმა მოკრძალებამ და მისდამი გამოვლენილმა ინტერესმა შეიძლება აღძრას მობინადრე, რომ დაგთანხმდეს განმეორებით მონახულებაზე. თუ ატყობ, რომ მოსაუბრე ჭეშმარიტების წინააღმდეგ არის განწყობილი და კითხვას იმიტომ გისვამს, რომ სიტყვაში გამოგიჭიროს, მიჰბაძე იესოს და მოკლე პასუხით შემოიფარგლე (ლუკ. 20:1—8). თუ ვინმეს გულწრფელი ინტერესი არა აქვს და ცდილობს, კამათში გამოგიწვიოს, თავაზიანად შეწყვიტე მასთან საუბარი და ეს დრო გულწრფელი ადამიანების მოსაძებნად გამოიყენე (მათ. 7:6).
5. კითხვებზე პასუხების გაცემის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
5 იესომ იცოდა, რომ იეჰოვაზე უნდა ყოფილიყო მინდობილი, რომ „ჭეშმარიტების შესახებ დამოწმების“ საქმე შეესრულებინა და პასუხი გაეცა გულწრფელი ადამიანების მიერ დასმულ კითხვებზე (იოან. 18:37). ჩვენთვის დიდი პატივია, მივბაძოთ იესოს და ვუპასუხოთ მათ, ვინც „მარადიული სიცოცხლისთვის“ არის განწყობილი (საქ. 13:48).