როგორ ვასწავლოთ ახალ მაუწყებლებს ქადაგება
1. რას გრძნობდი, როცა პირველად მსახურებაში გახვედი?
1 გახსოვს კარდაკარ შენი პირველი მსახურება? ალბათ, ძალიან ნერვიულობდი. თუ მსახურებაში მასთან ერთად გახვედი, ვინც ბიბლიას გასწავლიდა, ან სხვა მაუწყებელთან, მისი გვერდით ყოფნა ძალიან დაგეხმარებოდა. ახლა მსახურებაში შენი გამოცდილება შეგიძლია ახალი მაუწყებლების დასახმარებლად გამოიყენო.
2. რა უნდა ისწავლონ ახალმა მაუწყებლებმა?
2 ახალმა მაუწყებლებმა უნდა ისწავლონ კარდაკარ ქადაგებისას საუბრის დაწყება და ბიბლიის გამოყენება, განმეორებითი მონახულების გაკეთება და ბიბლიის შესწავლის დაწყება და ჩატარება. მათ აგრეთვე მსახურების სხვადასხვა სფეროში უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად ქუჩაში და საქმიან უბნებზე ქადაგება. შენ შეგიძლია საკუთარი მაგალითითა და რჩევებით დაეხმარო მას.
3. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს ჩვენი მაგალითით?
3 ასწავლე შენი მაგალითით: იესომ თავისი მაგალითით აჩვენა მოწაფეებს, როგორ უნდა ექადაგათ (ლუკ. 8:1; 1 პეტ. 2:21). როცა ახალ მაუწყებელთან მსახურებას დაგეგმავ, მოამზადე ისეთი შეთავაზება, რომლის გამეორებაც მას გაუადვილდება; ასეთი შეთავაზება შეგიძლია ჩვენი პუბლიკაციებიდან აიღო. პირველ ორ კართან შეგიძლია შენ გააკეთო შეთავაზება, რათა მაუწყებელმა მოგისმინოს. სანამ შემდეგ კართან მიხვალთ, ჰკითხე მას, რამდენად ეფექტური იყო შენი შეთავაზება. ეს დაეხმარება, დააფასოს მსახურებაში სხვებთან თანამშრომლობა და მის მიერ გაკეთებულ შეთავაზებებზე შენგან რჩევების მიღებას გაუადვილებს.
4. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ახალ მაუწყებელს მისი შეთავაზების მოსმენის შემდეგ?
4 მიეცი რჩევები: იესო აგრეთვე მითითებებს აძლევდა თავის მოწაფეებს ქადაგებასთან დაკავშირებით (მათ. 10:5—14). შენც შეგიძლია მსგავსად დაეხმარო ახალ მაუწყებელს. როცა შეთავაზებას აკეთებს, ყურადღებით მოუსმინე. კარს რომ გასცდებით, გულწრფელად შეაქე კონკრეტულ საკითხზე მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ მის შეთავაზებას დახვეწა სჭირდება. რჩევის მიცემამდე შეგიძლია დააკვირდე, გაიმეორებს თუ არა იმავე შეცდომას შემდეგ კართან. შესაძლოა, ის უბრალოდ ნერვიულობდა. გახსოვდეს, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არა აქვს და რაიმეს სწორად გაკეთება სხვადასხვანაირად შეიძლება (1 კორ. 12:4—7).
5. რისი თქმა შეგვიძლია მაუწყებლისთვის რჩევის მიცემის დროს?
5 ზოგჯერ შეიძლება ახალმა მაუწყებელმა რჩევისთვის მოგმართოს. თუ ამას არ აკეთებს, ინიციატივა შენ გამოავლინე. როგორ შეგიძლია რჩევის ტაქტიანად მიცემა? ზოგი გამოცდილი მაუწყებელი პირდაპირ ეკითხება: „შეიძლება რჩევა მოგცე?“ ან „როგორ ფიქრობ, პრაქტიკული იყო შენი შეთავაზება?“. შეგიძლია ასევე უთხრა: „როცა ახალი მაუწყებელი ვიყავი, ჩემთვის რთული იყო . . . მაგრამ ძალიან დამეხმარა . . .“. ზოგჯერ კარგი იქნება, თუ წიგნ „მსჯელობიდან“ რაიმე საკითხს ერთად განიხილავთ. შეეცადე, მისი შეთავაზების მხოლოდ ერთ მხარეზე მისცე რჩევა, რომ ძალიან არ დაითრგუნოს.
6. რა გაგებით ‘ვლესავთ ერთმანეთს’ მსახურებაში?
6 რკინა რკინით ილესება: გამოცდილ მქადაგებელ ტიმოთეს პავლე მოუწოდებდა, რომ კვლავაც ესწავლებინა სხვებისთვის და ცხადი გაეხადა წარმატება (1 ტიმ. 4:13, 15). შეიძლება უკვე არაერთი წელია, რაც მსახურობ, მაგრამ გაუმჯობესებისკენ ყოველთვის უნდა ისწრაფო. ისწავლე იმ მაუწყებლებისგან, ვისთან ერთადაც ქადაგებ, თუნდაც მათგან, ვისაც ნაკლები გამოცდილება აქვს; მზად იყავი, ტაქტიანად დაეხმარო სხვებს, განსაკუთრებით ახალ მაუწყებლებს, რათა სასიხარულო ცნობის დახელოვნებული მქადაგებლები გახდნენ (იგავ. 27:17).