ლოცვა და ფიქრი აუცილებელია გულმოდგინე მქადაგებლისთვის
1. რა დაეხმარა იესოს, რომ სხვა რამეს ხელი არ შეეშალა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაში?
1 იესო მთელი საღამო ხალხს კურნავდა და მათგან დემონებს დევნიდა. მეორე დღეს, როცა მოწაფეებმა იესო იპოვეს, მას უთხრეს: „ყველა შენ გეძებს“. ისინი ეუბნებოდნენ, რომ კვლავაც ეკეთებინა სასწაულებრივი საქმეები. მაგრამ იესოს არ სურდა, რომ სხვა რამეს ხელი შეეშალა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის, სასიხარულო ცნობის ქადაგების შესრულებაში. მან მოწაფეებს უპასუხა: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის ვარ მოსული“. რა დაეხმარა იესოს, რომ ქადაგება კვლავაც პირველ ადგილზე დაეყენებინა? ის იმ დღისით დილაადრიან ადგა, რომ ელოცა და ეფიქრა (მარ. 1:32—39). როგორ დაგვეხმარება ლოცვა და ფიქრი გულმოდგინედ ქადაგებაში?
2. რაზე უნდა ვიფიქროთ, რაც გულმოდგინედ ქადაგებაში დაგვეხმარება?
2 რაზე უნდა ვიფიქროთ? იესო ხედავდა, რომ ხალხი „უმწყემსო ცხვარივით იყო გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:36). მსგავსადვე, ჩვენც შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენად სჭირდება ხალხს სასიხარულო ცნობა და რომ დრო ცოტაღა დარჩა (1 კორ. 7:29). აგრეთვე შეგვიძლია ვიფიქროთ იეჰოვას საქმეებზე და თვისებებზე, იმ უპირატესობაზე, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და იმ სულიერ საგანძურზე, რაც ღვთის სიტყვიდან ვისწავლეთ და რომელიც ჯერ არ გაუგია ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს (ფსალმ. 77:11—13; ეს. 43:10—12; მათ. 13:52).
3. როდის შეგვიძლია ვიფიქროთ?
3 როდის უნდა ვიფიქროთ? იესოს მსგავსად ზოგი დილით ადრე დგება, როცა სიწყნარეა, სხვები კი ძილის წინ ამჯობინებენ ფიქრს (დაბ. 24:63). გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც შეგვიძლია დრო გამოვუყოთ ფიქრს. ზოგი ამას ტრანსპორტში აკეთებს, ზოგიც სამუშაოზე შესვენების დროს, როცა ხელის შემშლელი ფაქტორები ნაკლებია. ბევრი ხედავს, რომ მსახურების წინ ფიქრი, თუნდაც რამდენიმე წუთით, მათ გულმოდგინედ და გაბედულად ქადაგებაში ეხმარება.
4. რატომ უნდა ვიფიქროთ?
4 ლოცვა და ფიქრი იეჰოვასადმი მსახურების სურვილს გაგვიძლიერებს, დაგვეხმარება, რომ ღვთისადმი თაყვანისცემა ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე იდგეს და განგვამტკიცებს, რომ კვლავაც ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა. ღმერთის მთავარ მსახურს, იესოს ფიქრი ეხმარებოდა ღვთის ნების შესრულებაში, რაც ჩვენც დაგვეხმარება.