რა აღგვძრავს ქადაგებისკენ?
1. რა კავშირია სიყვარულსა და ქადაგებას შორის?
1 ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა დღეს. ამ საქმეში მონაწილეობით ვიცავთ ორ უდიდეს მცნებას — გვიყვარდეს იეჰოვა და გვიყვარდეს მოყვასი (მარ. 12:29—31). სწორედ სიყვარულია ის აღმატებული ძალა, რომელიც გულმოდგინე ქადაგებისკენ აღგვძრავს (1 იოან. 5:3).
2. როგორ ვავლენთ ქადაგებით იეჰოვასადმი სიყვარულს?
2 გვიყვარს იეჰოვა. ჩვენი უძვირფასესი მეგობრის, იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, ვისაუბროთ მის შესახებ. დაახლოებით 6 000 წლის წინ ღმერთს სატანამ ცილი დასწამა (2 კორ. 4:3, 4). ამიტომ ხალხს სჯერა, რომ ღმერთი შემცოდველებს ჯოჯოხეთის ცეცხლში სტანჯავს, რომ ის საიდუმლოებით მოცული სამების ნაწილია და არ აღელვებს ხალხის მომავალი. ბევრს ღვთის არსებობაშიც კი ეპარება ეჭვი. ძალიან გვსურს, ადამიანებმა გაიგონ ჭეშმარიტება ჩვენი ზეციერი მამის შესახებ. ჩვენი გულმოდგინე ქადაგება გულს უხარებს იეჰოვას და არისხებს სატანას (იგავ. 27:11; ებრ. 13:15, 16).
3. როგორ ვავლენთ ქადაგებით მოყვასისადმი სიყვარულს?
3 გვიყვარს მოყვასი. როცა ვინმეს ბიბლიურ ცნობაზე ვესაუბრებით, ამით მის მიმართ სიყვარულს ვავლენთ. ხალხს ამ კრიტიკულ დროს ჰაერივით სჭირდება სასიხარულო ცნობა. ბევრი დღეს იონას დროს მცხოვრები ნინეველების მსგავს მდგომარეობაშია. ნინეველებს „მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაერჩიათ“ (იონ. 4:11). ჩვენ ხალხს ვასწავლით, როგორ იყვნენ წარმატებულები და როგორ იცხოვრონ ბედნიერად (ეს. 48:17—19). ჩვენი ქადაგება ხალხს იმედს უნერგავს (რომ. 15:4). თუ მოისმენენ ამ ცნობას და ცხოვრებაში გამოიყენებენ, გადარჩებიან (რომ. 10:13, 14).
4. რას არ დაგვივიწყებს იეჰოვა არასდროს?
4 კარგი შვილები ყოველთვის ავლენენ სიყვარულს მშობლების მიმართ. მსგავსადვე, ჩვენ იეჰოვასა და მოყვასის ძლიერი სიყვარული აღგვძრავს, არა მხოლოდ მაშინ ვიქადაგოთ, როცა დაგეგმილი გვაქვს მსახურება, არამედ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ დაუღალავად უნდა ვიმსახუროთ (საქ. 5:42). ასეთ სიყვარულს იეჰოვა არასდროს არ დაგვივიწყებს (ებრ. 6:10).