მიჰბაძე წინასწარმეტყველებს — ამოსი
1. რატომ შეიძლება გაგვამხნეოს ამოსის მაგალითმა?
1 გიფიქრია ასეთი რამ: როგორ უნდა ვიქადაგო? ერთი უბრალო ადამიანი ვარ; საკმარისი განათლებაც არა მაქვს მიღებული. თუ ასეა, გაბედულებას შეგძენს ამოსის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ის მწყემსი და სეზონური მუშა იყო, იეჰოვამ მას სერიოზული ცნობის ქადაგება მიანდო (ამოს. 1:1; 7:14, 15). დღესაც იეჰოვა თავმდაბალ და უბრალო ადამიანებს აკეთებინებს საქმეს (1 კორ. 1:27—29). კიდევ რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველ ამოსისგან?
2. რატომ უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე, როცა მსახურებაში წინააღმდეგობას ვხვდებით?
2 სიმტკიცის შენარჩუნება წინააღმდეგობის დროს. როდესაც ისრაელის ათტომიანი სამეფოს ხბოს თაყვანისმცემელმა მღვდელმა ამაციამ ამოსის წინასწარმეტყველება მოისმინა, მან წინასწარმეტყველს ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი რამ უთხრა: „წადი აქედან, თავი დაგვანებე, ჩვენ ჩვენი რელიგია გვაქვს“ (ამოს. 7:12, 13). ამაციამ ამოსის საქმიანობის აკრძალვის მიზნით, მეფე იერობოამს მისი წინასწარმეტყველური სიტყვები არასწორად გადასცა (ამოს. 7:7—11). მაგრამ ამან ამოსი ვერ შეაშინა. დღეს ზოგი სასულიერო პირი იეჰოვას ხალხის შესავიწროებლად პოლიტიკოსებისგან მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. თუმცა იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ჩვენ წინააღმდეგ მომართულ არც ერთ იარაღს არ ექნება წარმატება (ეს. 54:17).
3. რა ორი სახის ცნობას ვაუწყებთ?
3 ღვთის განაჩენი და მომავალი კურთხევები. მართალია, ამოსმა ათტომიანი სამეფოს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ იწინასწარმეტყველა, მაგრამ წინასწარმეტყველური წიგნის დასასრულს, რომელიც მისივე სახელს ატარებს, მოიხსენია ის დანაპირები, რომელიც აღდგენას და მასთან დაკავშირებულ უამრავ კურთხევას უკავშირდებოდა (ამოს. 9:13—15). მართალია, დღეს ჩვენც ვსაუბრობთ მოსალოდნელ „გასამართლებაზე“, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობისა, რომელსაც ვაუწყებთ (2 პეტ. 3:7; მათ. 24:14). იეჰოვა არმაგედონში ბოლოს მოუღებს ბოროტებს და შემდეგ დამკვიდრდება სამოთხე დედამიწაზე (ფსალმ. 37:34).
4. რა გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ შევძლებთ იეჰოვას ნების შესრულებას?
4 როდესაც სამეფოს შესახებ ცნობას მთელ მსოფლიოში ვქადაგებთ, ბევრ წინააღმდეგობას ვხვდებით; ამ დროს იცდება ღვთისადმი ჩვენი ერთგულება და ის, თუ რამდენად გვინდა მისი ნების შესრულება (იოან. 15:19). მიუხედავად ამისა, ერთ რამეში ვართ დარწმუნებულნი: იეჰოვა დაეხმარა ამოსს და ის ჩვენც დაგვეხმარება, რომ შევასრულოთ მისი ნება! (2 კორ. 3:5).