უკვე საუკუნეა, რაც ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ვამცნობთ!
1. რისკენ მოუწოდა ორგანიზაციამ იეჰოვას ხალხს დაახლოებით საუკუნის წინ?
1 „მეფე მეფობს! თქვენა ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. ჯოზეფ რუტერფორდის მიერ დაახლოებით საუკუნის წინ წარმოთქმულმა ამაღელვებელმა სიტყვებმა იეჰოვას ხალხს გაბედულება შემატა, რომ მათ სამეფოს შესახებ ცნობა მთელი დედამიწისთვის ემცნოთ. ჩვენ პირნათლად შევასრულეთ დავალება! პირველი ქრისტიანების მსგავსად, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ვამცნეთ „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). მოდი, თვალი გადავავლოთ გასულ საუკუნეს და დავსვათ კითხვები: რა გავაკეთეთ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის გასაცხადებლად? და ახლა, როცა სამეფოს მმართველობის 100 წლისთავს ვუახლოვდებით, როგორღა უნდა განვაგრძოთ სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადება?
2. როგორ უჭერს მხარს ღვთის სამეფოს ჩვენი ლიტერატურა?
2 თვალი გადავავლოთ წარსულს. უკვე ათწლეულებია, რაც ჩვენი ლიტერატურა ღვთის სამეფოს ერთგულად უჭერს მხარს. 1939 წლიდან ჩვენი მთავარი ჟურნალის სახელწოდებაა: „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ამ ჟურნალში ხშირად განიხილება ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული თემები და აგრეთვე ის, თუ რას გააკეთებს ეს სამეფო. სამეფოზე, როგორც კაცობრიობის ერთადერთ იმედზე, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“-იც ამახვილებს ყურადღებას. ნამდვილად მართებულია, რომ დღეს მსოფლიოში ეს ჟურნალები ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნება და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული (გამოცხ. 14:6).
3. ღვთის სამეფოს საუწყებლად რა მეთოდებს მიმართავდნენ ადრე და რა მეთოდს მიმართავენ დღეს იეჰოვას მოწმეები?
3 იეჰოვას მოწმეებმა ღვთის სამეფოს საუწყებლად არაერთი მეთოდი მოსინჯეს. თავიდან ისინი ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილ ავტომობილებს, რადიოგადაცემებსა და პორტატიულ პატეფონებს იყენებდნენ. მაშინ, როცა ძალიან ცოტა სამეფოს მაუწყებელი იყო, ამ მეთოდების დახმარებით სასიხარულო ცნობას უფრო ფართო აუდიტორია ეზიარა (ფსალმ. 19:4). ბოლო წლებია, რაც ინფორმაციას ვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org და ამგვარად ვაუწყებთ სამეფოს შესახებ ცნობას მილიონებს, მათ შორის მათაც, ვინც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია.
4. რომელი განსხვავებული მეთოდებით დაიწყეს იეჰოვას მოწმეებმა ქადაგება 1990-იანი წლებიდან?
4 იეჰოვას ხალხმა სამეფოს შესახებ ცნობის გასავრცელებლად სხვა მეთოდებსაც მიმართა. მაგალითად, 1990-იან წლებში კარდაკარ მსახურების გარდა მათ დაიწყეს პარკებში, ავტოსადგომებსა და საქმიან ადგილებში ქადაგება. არც ისე დიდი ხნის წინ კი წამოიწყეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება დიდ ქალაქებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთანავე, ზოგი კრება ადგილობრივადაც უწევს ხელმძღვანელობას, რომ თავიანთი კრების ტერიტორიაზეც დაიდგას ლიტერატურის სტენდები და მაგიდები. თუმცა, რა თქმა უნდა, კარდაკარ მსახურებას სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს (საქ. 20:20).
5. რის შესაძლებლობა ეძლევა მრავალს ახალი სამსახურებრივი წლის დასაწყისში?
5 მზერა მომავლისკენ მივმართოთ. ახალი სამსახურებრივი წლის დასაწყისში, სექტემბერში, ბევრი იეჰოვას მოწმე დაიწყებს სრული დროით მსახურებას. შეძლებ, რომ მათ რიგებს შენც შეუერთდე? თუკი პიონერულ მსახურებას ვერ მოახერხებ, შეგიძლია დროდადრო დამხმარე პიონერად იმსახურო. იმისდა მიუხედავად, იმსახურებ თუ არა სრული დროით, დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა აკურთხებს შენს მსხვერპლს, რომელსაც იმისთვის იღებ, რომ სრულად ჩაერთო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში (მალ. 3:10).
6. რატომ იქნება 2014 წლის ოქტომბრის თვე განსაკუთრებული?
6 ღვთის სამეფოს მმართველობის დაწყებიდან 2014 წლის ოქტომბერში 100 წელი შესრულდება. ამიტომ სავსებით ბუნებრივია, ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომელიც ოქტომბრის თვეში ფართო მკითხველისთვის გამოიცემა, ყურადღებას სწორედ რომ ღვთის სამეფოზე გაამახვილებს. მოდი, ვეცადოთ, რომ ეს ჟურნალი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცეთ. რაკი ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ, დაე, თითოეულმა ჩვენგანმა განვაგრძოთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (საქ. 8:12).