ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
1. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ, ვინც სხვებს ბიბლიას ასწავლიან?
1 ღვთის მსახურებას ადამიანი ვერ შეძლებს, თუ თავად ღმერთმა „არ მიიზიდა“ იგი (იოან. 6:44). თუმცა მაუწყებლები, რომელთაც ბიბლიის შემსწავლელები ჰყავთ, ვალდებულნი არიან, დაეხმარონ მათ, რომ დაუახლოვდნენ თავიანთ ზეციერ მამას (იაკ. 4:8). ამისათვის აუცილებელია მომზადება. მხოლოდ აბზაცის წაკითხვითა და დაბეჭდილი კითხვის დასმით ვერ დავეხმარებით ბიბლიის შემსწავლელს წაკითხულის მნიშვნელობის გაგებასა და სულიერ ზრდაში.
2. რა შედეგი მოჰყვება ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლის ჩატარებას?
2 ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მაუწყებელი შემსწავლელს უნდა დაეხმაროს: 1) გაიგოს, რას ასწავლის ბიბლია, 2) ირწმუნოს ბიბლიური სწავლებები და 3) პრაქტიკულად გამოიყენოს ის, რაც ბიბლიიდან ისწავლა (იოან. 3:16; 17:3; იაკ. 2:26). მაუწყებელმა ზემოთ აღნიშნულ სამ მიზანს რომ მიაღწიოს, შეიძლება თვეები დასჭირდეს. თუმცა თითოეული მიზნის მიღწევა იმაზე მეტყველებს, რომ შემსწავლელი იეჰოვას უმეგობრდება და თავს უძღვნის მას.
3. რატომ უნდა დაუსვას კარგმა მასწავლებელმა შემსწავლელს კითხვები?
3 რას ფიქრობს ბიბლიის შემსწავლელი? იმის განსასაზღვრავად, სწვდება თუ არა ბიბლიის შემსწავლელი მასალას, რომელსაც სწავლობს და სჯერა თუ არა ნასწავლის, სულ შენ ნუ ისაუბრებ; მიეცი საშუალება, რომ გამოთქვას საკუთარი აზრი (იაკ. 1:19). მაგალითად, ესმის თუ არა, რას ამბობს ბიბლია განსახილველ საკითხზე? შეუძლია თუ არა მას, რომ აღნიშნული საკითხი საკუთარი სიტყვებით ახსნას? თავად რას ფიქრობს ნასწავლზე? სჯერა, რომ რასაც ბიბლია ასწავლის გონივრულია? (1 თეს. 2:13). ხვდება, რომ ნასწავლის საფუძველზე მან ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს? (კოლ. 3:10). ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, მაუწყებელმა შემსწავლელს ტაქტიანად უნდა დაუსვას კითხვები და შემდეგ მოუსმინოს (მათ. 16:13—16).
4. რა უნდა გავაკეთოთ, როცა შემსწავლელს უჭირს რომელიმე ბიბლიური სწავლების გაგება ან მისი ცხოვრებაში გამოყენება?
4 ხშირ შემთხვევაში ადამიანს აზროვნების მანერა და ჩვევები ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი; მათ გადაჩვევას დრო სჭირდება (2 კორ. 10:5). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბიბლიის შემსწავლელი ან არ ეთანხმება ნასწავლს, ან პრაქტიკულად არ იყენებს მას? ბუნებრივია, მოთმინება აუცილებელია, ვინაიდან შემსწავლელს დრო სჭირდება, რომ ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის დახმარებით საჭირო ცვლილებები მოახდინოს (1 კორ. 3:6, 7; ებრ. 4:12). როცა შემსწავლელს უჭირს რომელიმე ბიბლიური სწავლების გაგება ან მისი ცხოვრებაში გამოყენება, სულ ამაზე კიჟინის ნაცვლად უმჯობესი იქნება, თუ სხვა საკითხის განხილვაზე გადავალთ. თუ შემსწავლელისადმი ყოველთვის სიყვარულსა და მოთმინებას გამოვავლენთ, ის შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს.