2015 წელს თეოკრატიული მსახურების სკოლა დაგვეხმარება, დავხელოვნდეთ როგორც მასწავლებლები
1 ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო და ჩემო გამომსყიდველო!“ (ფსალმ. 19:14). ჩვენც ძლიერ გვსურს, რომ ბაგით იეჰოვა განვადიდოთ, რადგან ჩვენთვის უდიდესი პატივია ჭეშმარიტებაზე საუბარი როგორც კრებაში, ისე მსახურებაში. თეოკრატიული მსახურების სკოლა ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც იეჰოვა მსახურებისთვის გვამზადებს. ეს სკოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველკვირეულად 111 000-ზე მეტ კრებაში ტარდება. თეოკრატიული მსახურების სკოლა დედამიწის ზურგზე მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებისა თუ წარსულის მქონე და-ძმებს ეხმარება, ღირსეულად იქადაგონ სასიხარულო ცნობა და დამაჯერებლად, ტაქტიანად და გაბედულად ასწავლონ ხალხს ბიბლიური ჭეშმარიტება (საქ. 19:8; კოლ. 4:6).
2 თეოკრატიული მსახურების სკოლის 2015 წლის გეგმაში მოცემული საკითხები აღებულია შემდეგი სახელმძღვანელოებიდან: ბროშურა „ძირითადი ბიბლიური საკითხები“, ონლაინ ბიბლიოთეკაში განთავსებული „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ და სხვა პუბლიკაციები. ამასთანავე, დროის მხრივ ცვლილებები შეეხო „მნიშვნელოვან აზრებსა“ და დავალება №1-ს. ამ ცვლილებებსა და სხვა მითითებებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნას წარმოდგენილი სკოლაში ესა თუ ის დავალება, ქვემოთ ვიმსჯელებთ.
3 მნიშვნელოვანი აზრები: ძმები, რომლებიც ამ დავალებით გამოვლენ, ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან ორ წუთში განიხილავენ ერთ საინტერესო და პრაქტიკულ ბიბლიურ აზრს. კარგი მომზადების წყალობით, ძმა განსაზღვრულ დროში შეძლებს კრებისთვის ღირებული აზრის გაზიარებას. აქედან გამომდინარე, კრების წევრებს დარჩებათ ექვსი წუთი, რომლის განმავლობაშიც ისინი 30 წამში ან უფრო ნაკლებ დროში გააკეთებენ კომენტარებს მათთვის საინტერესო აზრებზე მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან. მართალია, წინასწარ მომზადებაა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა 30 წამში შეძლოს აზრიანი კომენტარის გაკეთება, მაგრამ ასეთი ძალისხმევა მისთვისვე იქნება სასარგებლო. გარდა ამისა, მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, გააკეთოს კომენტარი პირადი შესწავლისას გამოკვლეულ საკითხებზე.
4 დავალება №1: ბიბლიის კითხვისთვის განკუთვნილი დრო შემცირდა — სამი წუთი ან ნაკლები; ძმა ბიბლიიდან წაიკითხავს შედარებით ნაკლები მოცულობის მასალას. ვინც ამ დავალებას მიიღებს, მოცემული მონაკვეთი სახლში ხმამაღლა რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს და დააკვირდეს, სწორად და გამართულად გამოთქვამს თუ არა ყველა სიტყვას, რათა გასაგებად გადმოსცეს ბიბლიაში ჩაწერილი აზრები. იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელი კარგად უნდა კითხულობდეს, ვინაიდან თაყვანისმცემლობაში კითხვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გვიხარია, რომ კრებებში ბევრი ბავშვი კარგად კითხულობს, რისთვისაც მშობლები ქებას იმსახურებენ.
5 დავალება №2: ეს იქნება ხუთწუთიანი დავალება და ის მიეცემა დას. მოსწავლემ თემა უნდა შეუსაბამოს სამქადაგებლო მსახურებას და პრაქტიკული გახადოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის. თუ წყარო არ არის მითითებული, თემა შეიძლება მომზადდეს ჩვენს პუბლიკაციებზე დაყრდნობით. როდესაც დავალება ეხება ბიბლიურ პერსონაჟს, მოსწავლემ თემა უნდა განავითაროს, შეარჩიოს შესაბამისი ბიბლიური მუხლები და დაანახვოს მოსაუბრეს, თუ რის სწავლა შეიძლება ამა თუ იმ ბიბლიური პერსონაჟის მაგალითიდან. მოსწავლეს შეუძლია მოიყვანოს დამატებითი მუხლები, რომლებიც თემას უკავშირდება. სკოლის ზედამხედველი თავად შეურჩევს მოსწავლეს ერთ დამხმარეს.
6 დავალება №3: ეს იქნება ხუთწუთიანი დავალება, რომელიც შესაძლოა მიეცეს ძმას ან დას. როდესაც ეს დავალება დას მიეცემა, ის დავალება №2-ის მსგავსად უნდა იქნას წარმოდგენილი. როცა დავალება ეძლევა ძმას და ის ეხება ბიბლიურ პერსონაჟს, მან ეს დავალება მოხსენების სახით უნდა გააკეთოს და გაითვალისწინოს აუდიტორია. თუ წყარო არ არის მითითებული, მოსწავლემ დავალების მოსამზადებლად ინფორმაცია ჩვენს პუბლიკაციებში უნდა მოიძიოს. თემა უნდა განავითაროს, შეარჩიოს შესაბამისი ბიბლიური მუხლები და დაანახვოს მსმენელს, თუ რის სწავლა შეიძლება ამა თუ იმ ბიბლიური პერსონაჟის მაგალითიდან.
7 სიახლე — დავალება №3 ძმებისთვის: როდესაც მასალა დაფუძნებულია ბროშურაზე „ძირითადი ბიბლიური საკითხები“ [igw] ან თუ წყარო არ არის მითითებული და არ ეხება ბიბლიურ პერსონაჟს, ძმამ ის უნდა წარმოადგინოს ინსცენირების სახით, როგორც ოჯახური შესწავლა ან შემთხვევა სამქადაგებლო მსახურებიდან. მოსწავლის დამხმარე უნდა იყოს ოჯახის წევრი ან რომელიმე ძმა მისივე კრებიდან. მოსწავლეს შეუძლია თემასთან დაკავშირებული ისეთი დამატებითი მუხლების ჩართვაც, რომლებიც ხაზს უსვამს ბიბლიურ პრინციპებს. დროდადრო ეს დავალება შეიძლება უხუცესსაც მიეცეს. უხუცესს თავად შეუძლია აირჩიოს დამხმარე და პირობითი სიტუაცია. უდავოდ, კრებისთვის გამამხნევებელი იქნება იმის დანახვა, თუ რა დახელოვნებულად ასწავლის უხუცესი თავისი ოჯახის წევრსა თუ ძმას.
მიიღე და გამოიყენე რჩევები და იყავი წარმატებული
8 რჩევა: სკოლის ზედამხედველი თითოეული მოსწავლის გამოსვლის შემდეგ ორ წუთს გამოიყენებს იმისათვის, რომ მოსწავლე შეაქოს და ამავე დროს სასარგებლო რჩევა მისცეს, რომელიც დაფუძნებული იქნება „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნზე. როდესაც სკოლის ზედამხედველი აცხადებს, ვინ გამოვა დავალებით, მან წინასწარ არ უნდა გამოაცხადოს, რომელ გაკვეთილზე მუშაობს მოსწავლე. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაასრულებს თავის დავალებას და სკოლის ზედამხედველი სათანადოდ შეაქებს მას, ზედამხედველმა უნდა აღინიშნოს, რომელ გაკვეთილზე მუშაობდა მოსწავლე და როგორ შეძლო მისი წარმატებით შესრულება ან რბილად ახსნას, რატომ არის კარგი, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ გაკვეთილში მოცემულ ამა თუ იმ რჩევას.
9 სკოლის თითოეულ მოსწავლეს „რჩევების ბლანკის“ მოძიება შეუძლია წიგნში „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვერდებზე 79—81. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გამოვა სკოლაში დავალებით, სკოლის ზედამხედველი მის წიგნში შესაბამის აღნიშვნას გააკეთებს და ჰკითხავს, შეასრულა თუ არა გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშო. შემდეგ სკოლის ზედამხედველი მოსწავლეს შეაქებს და მისცემს სასარგებლო რჩევას; ეს შეიძლება მოხდეს კრების დასრულების შემდეგ ან სხვა დროს. თეოკრატიული მსახურების სკოლაში თითოეული მოსწავლის მიმართ გამოვლენილი ყურადღება იმის საწინდარია, რომ მათ სულიერად წინ წაიწიონ (1 ტიმ. 4:15).
10 თუ მოსწავლე მისთვის გამოყოფილ დროს გადააცილებს, სკოლის ზედამხედველმა ან მისმა დამხმარემ ზარის დარეკვის ან მსუბუქი კაკუნის საშუალებით გამომსვლელს ტაქტიანად უნდა ანიშნოს, რომ მისი დრო ამოიწურა. მოსწავლისთვის ეს იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ დაწყებული წინადადება დაასრულოს და სცენიდან ჩამოვიდეს („თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვ. 282, აბზ. 4).
11 ყველას, ვინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეუძლია ჩაეწეროს თეოკრატიული მსახურების სკოლაში (იხილე წიგნი „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვ. 282, აბზ. 6). სკოლაში მიღებული განათლების წყალობით იეჰოვას ხალხი შეძლებს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ადამიანებს გაუზიარონ დამაჯერებლად, ღირსეულად და სიყვარულით. უდავოდ, იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როცა მისი ხალხი იღებს თეოკრატიულ განათლებას და ამგვარად განადიდებს მის დიდებულ სახელს (ფსალმ. 148:12, 13; ეს. 50:4).