სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ემსახურება თავის მიზანს
1. რა მიზანს ემსახურება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა?
1 სანამ იესო თავის 70 მოწაფეს მსახურებაში გაგზავნიდა, ის შეხვდა მათ (ლუკ. 10:1—11). მან ისინი გაამხნევა — შეახსენა, რომ მარტონი არ იქნებოდნენ და „სამკლის ბატონი“, იეჰოვა, უხელმძღვანელებდა მათ. იესომ მოამზადა ისინი — მისცა მითითებები, რაც დაკისრებული საქმის შესრულებაში დაეხმარებოდა და ორგანიზებაც გაუწია — ორ-ორად დაგზავნა. დღესაც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა სამ მიზანს — ჩვენს გამხნევებას, მომზადებასა და ორგანიზებულად ქადაგებას — ემსახურება.
2. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა?
2 დღემდე სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა 10—15 წუთს გრძელდებოდა. როგორც ვიცით, ეს დრო აგრეთვე ეთმობოდა მაუწყებლების განაწილებას, მათთვის სამქადაგებლო უბნების დარიგებას და დასკვნითი ლოცვის წარმოთქმას. გვსურს, გაუწყოთ მცირეოდენი ცვლილების შესახებ, რომელიც ამ შეხვედრისთვის განკუთვნილ დროს შეეხება. აპრილიდან სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას 5—7 წუთი დაეთმობა. თუმცა, თუ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა კრების შემდეგ ტარდება, ის კიდევ უფრო ხანმოკლე უნდა იყოს, ვინაიდან მაუწყებლებმა კრების შეხვედრაზე ისედაც არაერთი ბიბლიური აზრი მოისმინეს. ხანმოკლე სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები მაუწყებლებს საშუალებას მისცემს, მსახურებას უფრო მეტი დრო დაუთმონ. გარდა ამისა, პიონერებსა და მაუწყებლებს, რომლებიც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრამდეც ქადაგებდნენ, მხოლოდ მცირე დროით მოუწევთ მსახურების შეწყვეტა.
3. როგორ უნდა გაეწიოს ორგანიზება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს, რომ მაუწყებლებს გაუადვილდეთ მასზე დასწრება?
3 სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ისე უნდა გაეწიოს ორგანიზება, რომ მაუწყებლებს დასწრება გაუადვილდეთ. ბევრი კრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ უმჯობესია, თუ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ჯგუფები ცალ-ცალკე ჩაატარებენ და არა — გაერთიანებულად. ასეთ შემთხვევაში მაუწყებლისთვის შესაძლოა უფრო ადვილი იყოს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე დასწრება და სამქადაგებლო უბანზე მისვლაც. ამან შესაძლოა გააადვილოს მაუწყებლების მსახურებაში განაწილება; ამას გარდა, ჯგუფის ზედამხედველსაც გაუადვილდება ჯგუფის ცალკეული წევრებისადმი ყურადღების გამოვლენა. უხუცესთა საბჭოებს შეუძლიათ ადგილობრივი ვითარების გათვალისწინებით გადაწყვიტონ, რა უფრო პრაქტიკულია მათ შემთხვევაში. სანამ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა მოკლე ლოცვით დასრულდება, ყველამ უნდა იცოდეს, სად და ვისთან ერთად გადის მსახურებაში.
4. რატომ არის სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც კრების სხვა შეხვედრები?
4 ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც კრების სხვა შეხვედრები. მართალია, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები ძირითადად მათთვის ტარდება, ვინც მსახურებაში გადის და შესაძლოა მათზე მთელი კრება არ ესწრებოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შეხვედრები კრების სხვა შეხვედრებზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებიც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე, რაც გვეხმარება, „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24, 25). ამიტომ, ის, ვინც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას უძღვება, კარგად უნდა მოემზადოს, რათა სამქადაგებლო მსახურების შეხვედრამ იეჰოვას სახელსაც მიაგოს დიდება და მაუწყებლებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს. ამიტომ, თუ მსახურებაში გასვლას გეგმავ, სერიოზული მიზეზის გარეშე ნუ გააცდენ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას.
სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კრების სხვა შეხვედრები
5. ა) რა შედის სამსახურებრივი ზედამხედველის მოვალეობაში, როცა საქმე სამქადაგებლო შეხვედრების ორგანიზებაზე მიდგება? ბ) როგორ უნდა ჩაატაროს დამ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა?
5 როგორ უნდა მოემზადოს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩამტარებელი. როგორც წესი, ძმამ კრების შეხვედრისთვის დავალება რომ სათანადოდ მოამზადოს, მას წინასწარ უნდა მიეცეს ის. ეს წესი სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზეც ვრცელდება. როდესაც კრებაში სამქადაგებლო ჯგუფები ცალ-ცალკე ატარებენ შეხვედრებს, თითოეულ ჯგუფს ზედამხედველი ან მისი დამხმარე უძღვება. თუმცა, თუ კრებაში გაერთიანებული სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ტარდება, სამსახურებრივი ზედამხედველი ავალებს რომელიმე ძმას, წაუძღვეს ამ შეხვედრას. ზოგი სამსახურებრივი ზედამხედველი სამქადაგებლო შეხვედრის ჩატარების განრიგს ყველა ჩამტარებელ ძმას აძლევს; იგი ამ განრიგს საინფორმაციო დაფაზეც ათავსებს. სამსახურებრივმა ზედამხედველმა გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოს სამქადაგებლო მსახურების ჩამტარებლის დანიშვნისას; მას მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს, რომ სამქადაგებლო შეხვედრების ხარისხი აგრეთვე დამოკიდებულია ჩამტარებლის სწავლების უნარსა და მის ორგანიზატორულ ნიჭზე. თუ კრებაში ზოგჯერ უხუცესი, მომსახურე ან რომელიმე მონათლული ძმა, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ვერ ახერხებს სამქადაგებლო შეხვედრის ჩატარებას, სამსახურებრივმა ზედამხედველმა ეს საქმე უნარიან დას უნდა მიანდოს (იხილე ჩარჩო „რა შემთხვევაში უნდა ჩაატაროს დამ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა“).
6. რატომ არის აუცილებელი, რომ სამქადაგებლო შეხვედრის ჩამტარებელი კარგად იყოს მომზადებული?
6 როდესაც თეოკრატიული მსახურების სკოლაში ან სამსახურებრივ შეხვედრაზე დავალებას ვიღებთ, ამ დავალებას სერიოზულად ვეკიდებით და კარგადაც ვემზადებით. ალბათ, არც ერთი ჩვენგანი არ მოვამზადებდით დავალებას გზაში, კრებაზე მისვლამდე. მსგავსი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მსახურების შეხვედრის ჩატარების მიმართ მას, ვინც ამ შეხვედრას ატარებს. ვინაიდან სამქადაგებლო მსახურების შეხვედრისთვის გათვალისწინებული დრო შემცირდა, აუცილებელია კარგი მომზადება, რათა ეს შეხვედრა შინაარსიანიც იყო და დროულადაც დასრულდეს. კარგ მომზადებაში ისიც შედის, რომ შეხვედრის ჩამტარებელმა წინასწარ იზრუნოს იმაზე, რომ თან ჰქონდეს სამქადაგებლო უბნები.
7. რის განხილვა შეუძლია სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ჩამტარებელს?
7 რა უნდა იქნას განხილული სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე. ვინაიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებს განსხვავებულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, „ერთგული და გონიერი მონა“ კონკრეტულ გეგმას არ გვიდგენს, თუ რა უნდა იქნას განხილული თითოეული სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე, თუმცა ჩარჩოში, „სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე შეგიძლია ისაუბრო“, მოცემულია რამდენიმე ვარიანტი. ძირითადად, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა განხილვის სახით უნდა წარიმართოს. ამ შეხვედრაზე ჩამტარებელმა დროდადრო შეიძლება ჩართოს კარგად მომზადებული ინსცენირება ან ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ისეთი ვიდეორგოლები, როგორებიცაა „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ და „რა მიზანს ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“. სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩამტარებელმა მომზადებისას უნდა იფიქროს, თუ როგორ გაამხნეოს და მოამზადოს მაუწყებლები, რომლებიც იმ დღეს მსახურებაში გადიან.
სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩამტარებელმა მომზადებისას უნდა იფიქროს, თუ როგორ გაამხნეოს და მოამზადოს მაუწყებლები, რომლებიც იმ დღეს მსახურებაში გადიან
8. რის განხილვა შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო შაბათ-კვირას სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე?
8 მაგალითად, შაბათობით მაუწყებელთა უმეტესობა ხალხს ჟურნალებს, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, სთავაზობს. ბევრი, ვინც კვირის სხვა დღეებში ვერ მსახურობს, შაბათობით ქადაგებს; ამიტომ მათ შესაძლოა დაავიწყდეთ ოჯახური თაყვანისცემის დროს განხილული შეთავაზება. აქედან გამომდინარე, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სამქადაგებლო მსახურების ჩამტარებლის მიერ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ბოლო გვერდზე მოცემული შეთავაზების ნიმუშებიდან ერთ-ერთის განხილვა. სხვა დროს ჩამტარებელს შეუძლია იმსჯელოს, როგორ ჩართოს ახალი ამბები, მიმდინარე მოვლენები და დღესასწაულები ჟურნალის შეთავაზებაში ან როგორ ჩაუყაროს საფუძველი განმეორებით მონახულებას იმ ადამიანთან, ვინც ჟურნალს აიღებს. თუ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე დამსწრე რომელიმე მაუწყებელმა უკვე მსახურებაში ხალხს შესთავაზა მიმდინარე თვის ჟურნალები, ჩამტარებელს შეუძლია სთხოვოს მას, აღნიშნოს მოკლედ, როგორ შესთავაზა ესა თუ ის ჟურნალი ან მოჰყვეს გამამხნევებელ შემთხვევებს. კვირაობით ჩამტარებელს შეუძლია მსგავსი მეთოდით განიხილოს, თუ როგორ უნდა იქნას შეთავაზებული მიმდინარე თვეში გასავრცელებელი პუბლიკაციები. ვინაიდან ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ბროშურები, „სასიხარულო ცნობა“, „მოუსმინეთ ღმერთს“ და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ შეგვიძლია კვირის ნებისმიერ დღეს შევთავაზოთ ხალხს მსახურებაში, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ჩამტარებელს შეუძლია მოკლედ მიმოიხილოს, თუ როგორ შეიძლება ამ პუბლიკაციებიდან ერთ-ერთის შეთავაზება.
9. რის განხილვა შეიძლება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე კამპანიების პერიოდში შაბათ-კვირას?
9 თუ კრება სპეციალურ კამპანიაში იღებს მონაწილეობას, შაბათ-კვირას სამქადაგებლო შეხვედრაზე ჩამტარებელს შეუძლია განიხილოს, თუ როგორ შეიძლება მოსაწვევებთან ან ბუკლეტებთან ერთად მიმდინარე თვის ჟურნალების შეთავაზება, ან იმაზე ისაუბროს, რა უნდა გააკეთოს მაუწყებელმა იმ შემთხვევაში, თუ მოსაუბრე ჭეშმარიტებისადმი ინტერესს გამოავლენს. ჩამტარებელს აგრეთვე შეუძლია მოჰყვეს ისეთ შემთხვევებს, რაც ხაზს უსვამს ამგვარი კამპანიების მნიშვნელოვნებას.
10, 11. რატომ უნდა მივიდნენ მაუწყებლები მომზადებულები სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე?
10 როგორ უნდა მოემზადონ მაუწყებლები. მაუწყებლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ამ შეხვედრის წარმატებით ჩატარებაში. თუკი ისინი წინასწარ მოემზადებიან მსახურებისთვის, მაგალითად, ოჯახური თაყვანისცემის დროს, მათ შეეძლებათ, გაუზიარონ ნასწავლი თანაქრისტიანებს. კარგ მომზადებაში ისიც იგულისხმება, რომ მაუწყებლებს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე მისვლამდე ჩანთაში ეწყოთ ჟურნალები და სხვა პუბლიკაციები საჭირო რაოდენობით, რათა შეხვედრის დასრულებისთანავე დროულად წავიდნენ სამქადაგებლო უბნებზე.
11 ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლები სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე რამდენიმე წუთით ადრე მივიდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ კრების ყველა შეხვედრაზე დროულად მივიდეთ და სხვებს ხელი არ შევუშალოთ. თუმცა, თუ სამქადაგებლო შეხვედრაზე ვიგვიანებთ, ამით კიდევ უფრო მეტად ვუშლით სხვებს ხელს. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ სამქადაგებლო შეხვედრის ჩამტარებელი ძმა მაუწყებლების განაწილებამდე მხედველობაში იღებს რამდენიმე ფაქტორს. თუ შეხვედრას ცოტა ესწრება, მან შესაძლოა ეს მაუწყებლები ნაწილობრივ დამუშავებულ ტერიტორიაზე გაგზავნოს. თუ ზოგი მაუწყებელი შეხვედრაზე ფეხით მოვიდა და სამქადაგებლო უბანი შორსაა, მან შესაძლოა ეს მაუწყებლები მათთან ერთად გაუშვას მსახურებაში, რომლებიც მანქანებით არიან. თუ სამქადაგებლო უბანზე მტრულად განწყობილი მოსახლეობაა, ჩამტარებელს შეუძლია იზრუნოს იმაზე, რომ ასეთ უბნებზე და-ძმა მივიდეს ან დები გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ შორიახლოს იმსახურებენ ძმებიც. მსახურების შეხვედრის ჩამტარებელმა სუსტი ჯანმრთელობის მქონენი შესაძლოა ისეთ ქუჩებში საქადაგოდ გაუშვას, სადაც მათ სიარული არ გაუჭირდებათ ან ისეთ უბნებზე, სადაც კერძო სახლებია. მან ახალბედა მაუწყებლები შესაძლოა გამოცდილ მაუწყებლებთან ერთად გაანაწილოს. მაგრამ, თუ მაუწყებლები სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე დაგვიანებით მივლენ, ხშირ შემთხვევაში ჩამტარებელს მაუწყებლების ხელახლა განაწილება მოუწევს. თუმცა დროდადრო ჩვენ შეიძლება სერიოზული მიზეზის გამო დავიგვიანოთ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე. მაგრამ, თუ დაგვიანება ჩვევად გვაქვს, კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, რის გამო გვაგვიანდება — სათანადოდ არ ვაფასებთ მსახურების შეხვედრას თუ ორგანიზებულობა გვაკლია?
12. რაზე უნდა დაფიქრდე, თუ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრამდე ყოველთვის თავად ირჩევ პარტნიორს?
12 მაუწყებლებს, რომლებიც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე მიდიან, შეუძლიათ წინასწარ დაგეგმონ, ვისთან იმსახურებენ ან შეხვედრაზე განაწილდნენ. მაგრამ, თუ ყოველთვის თავად ირჩევ მსახურების პარტნიორს, კარგი იქნება, თუ „გაფართოვდები“ და მხოლოდ ახლო მეგობრებთან ერთად კი არ იმსახურებ, არამედ — სხვებთანაც (2 კორ. 6:11—13). აგრეთვე უმჯობესი იქნება, თუ დროდადრო ახალბედა მაუწყებლებთან ითანამშრომლებ, რათა ისინი ღვთის სიტყვის წარმატებული მქადაგებლები გახდნენ (1 კორ. 10:24; 1 ტიმ. 4:13, 15). სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე გულისყურით მოუსმინე მითითებებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნურაფერს შეცვლი და დროულად წადი სამქადაგებლო უბანზე.
13. რა მხრივ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა, თუ თითოეული მაუწყებელი კეთილსინდისიერად მოიქცევა და თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ ეს შეხვედრა წარმატებით წარიმართოს?
13 ქადაგების შემდეგ 70 მოწაფე, რომლებიც იესომ მსახურებაში ორ-ორად გაგზავნა, „გახარებული დაბრუნდა“ (ლუკ. 10:17). რა თქმა უნდა, მოწაფეებისთვის ერთობ სასარგებლო აღმოჩნდა მსახურებაში წასვლამდე იესოსთან შეხვედრა. დღესაც, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები დიდ დახმარებას უწევს მაუწყებლებს. თუ თითოეული მაუწყებელი კეთილსინდისიერად მოიქცევა და თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა წარმატებით წარიმართოს, ეს შეხვედრა ჩვენს გამხნევებას, მომზადებასა და ორგანიზებულად ქადაგებას მოემსახურება, რათა ყველა ხალხს დავუმოწმოთ და ამგვარად შევასრულოთ ჩვენი დავალება (მათ. 24:14).