„იარეთ რწმენით და არა ხილვით!“
იერუსალიმისთვის ალყის შემორტყმამდე და მის საბოლოო განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე, მოციქულმა პავლემ ქრისტიანები, როგორც ქრისტეს ღირსეული მეომრები, გააფრთხილა, რომ სირთულეები ელოდათ და პირადი კომფორტი თუ სურვილები ცხოვრებაში უკანა პლანზე გადაეწიათ (2 ტიმ. 2:3, 4). ვინაიდან ახლოსაა ამ უღვთო ქვეყნიერების განადგურება, სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად ჩვენც მტკიცე რწმენა უნდა გვქონდეს (2 კორ. 4:18; 5:7). უყურეთ ვიდეოფილმს „იარეთ რწმენით და არა ხილვით!“ და ყურადღება მიაქციეთ, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს მატერიალურ ნივთებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას, როგორც ეს ნახამის და აბიტალის შემთხვევაში მოხდა. ფილმის ყურების შემდეგ დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე:
1) რა იყო პირველ საუკუნეში წმინდა ადგილზე მდგომი „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ და რა უნდა გაეკეთებინათ დაუყოვნებლივ იერუსალიმელ ქრისტიანებს, როცა მას იხილავდნენ? (მათ. 24:15, 16). 2) რატომ იყო საჭირო რწმენა ქალაქის დასატოვებლად? 3) რა მსხვერპლზე მოუწევდათ წასვლა ქრისტიანებს, რომლებიც ქალაქის დატოვებას გადაწყვეტდნენ? 4) რატომ აყოვნებდნენ გაქცევას ნახამი და აბიტალი? (მათ. 24:17, 18). 5) რა დამატებით განსაცდელს შეხვდა რახელი, როდესაც იგი იერუსალიმს ტოვებდა? (მათ. 10:34—37; მარ. 10:29, 30). 6) როგორ დაგვიტოვა ეთანმა რწმენისა და იეჰოვაზე მინდობის შესანიშნავი მაგალითი? 7) რა სირთულეებს შეხვდნენ ქრისტიანები პელაში? 8) როგორ შეუსუსტდა რწმენა ნახამსა და აბიტალს დროთა განმავლობაში? 9) როგორ ზრუნავდა იეჰოვა პელაში მცხოვრებ ქრისტიანებზე? (მათ. 6:33; 1 ტიმ. 6:6—8). 10) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამსა და სარას ამ ქვეყნიერების მიწურულს? (ებრ. 11:8—10). 11) რატომ გადაწყვიტეს ნახამმა და აბიტალმა იერუსალიმში დაბრუნება და რატომ იყო მათი გადაწყვეტილება მცდარი? (ლუკ. 21:21). 12) რა სურათი დახვდათ იერუსალიმში დაბრუნებულ ნახამსა და აბიტალს? 13) რატომ გვმართებს რწმენის განმტკიცება დღესვე, ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე? (ლუკ. 17:31, 32; 21:34—36).
რწმენით სიარული ნიშნავს: 1) ენდო იეჰოვას ხელმძღვანელობას, 2) მისცე მას საშუალება, წარმართოს შენი ნაბიჯები და 3) ცხადყო, რომ ცხოვრებაში მატერიალურ ნივთებზე წინ სულიერ მემკვიდრეობას აყენებ. მოდი, ვიაროთ რწმენით და ბოლომდე ვენდოთ ამ სიტყვებში ჩაწერილ ჭეშმარიტებას: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17).