წიგნ „ესაიას“ მკვდარი ზღვის ხელნაწერების ფრაგმენტი და ამ ფრაგმენტის თანამედროვე თარგმანი არაბულ ენაზე ადასტურებს, რომ ღვთის სიტყვა დღემდე უცვლელად არის შემონახული.
ღვთის სიტყვამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია
ზოგს აინტერესებს, უცვლელი სახით მოვიდა თუ არა ჩვენამდე ღვთის სიტყვა. წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა, რომ „ღვთის სიტყვა მარადიულად დარჩება“ (ესაია 40:8). რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ წმინდა წერილებმა უცვლელი სახით მოაღწია ჩვენამდე?
ღმერთს ძალუძს, თავისი სიტყვა ისე შემოინახოს, რომ მასში ჩაწერილი ცნობა არ დამახინჯდეს. ძველ დროში, როცა წმინდა წერილების ორიგინალი ტექსტების ხელნაწერები კეთდებოდა, გადამწერები დიდი სიფრთხილით ითვლიდნენ თითოეულ ასოს, რათა არაფერი გამორჩენოდათ ან შემთხვევით რამე არ დაემატებინათ. თუმცა ეს გადამწერებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ამიტომ უმნიშვნელო შეცდომებს ისინიც უშვებდნენ.
რა გვარწმუნებს, რომ ღვთის სიტყვამ უცვლელი სახით მოაღწია ჩვენამდე?
დღემდე წმინდა წერილების ათასობით უძველესი ხელნაწერია შემონახული, ამიტომ შესაძლებელია მათი ერთმანეთთან შედარება. თუ ერთშია დაშვებული უმნიშვნელო შეცდომა, სხვა ხელნაწერებით დასტურდება, სად არის დაშვებული ეს შეცდომა და სინამდვილეში, რა წერია ორიგინალში. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ვებგვერდზე jw.org გაეცანით სტატიას „უცვლელად მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე?“.
მაგალითისთვის მოვიყვანოთ მკვდარი ზღვის ხელნაწერები, რომლებიც ბედუინებმა 1947 წელს მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარე გამოქვაბულებში აღმოაჩინეს. ეს ხელნაწერები, რომლებიც 2 000 წელზე მეტი ხნის წინათ შესრულდა, ბიბლიის წიგნების სხვადასხვა მონაკვეთს შეიცავს.
მკვლევრებმა აღმოჩენილი ხელნაწერები თანამედროვე ბიბლიის ტექსტებს შეადარეს და დაინახეს, რომ ღვთის სიტყვამ მართლაც უცვლელი სახით მოაღწია ჩვენამდე.a მკვდარი ზღვის ხელნაწერები ადასტურებს, რომ თანამედროვე ბიბლიებში დედნისეული ტექსტი შეიძლება ითქვას უცვლელი სახით არის გადმოტანილი. ამიტომ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ღმერთმა თავის სიტყვაში ჩაწერილი ცნობა ზუსტად ისე შემოგვინახა, როგორც თავდაპირველად იყო.
ასე რომ, შეგვიძლია გულდაჯერებით ვიკითხოთ ღვთის სიტყვა იმაში დარწმუნებულებმა, რომ მასში ჩაწერილი ცნობა დედნისეულ ტექსტს ზუსტად შეესაბამება. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, რას გვიმჟღავნებენ წინასწარმეტყველები ღვთის შესახებ.
a გეზა ვერმესის მიერ შესრულებული მკვდარი ზღვის ხელნაწერების სრული ვერსია ინგლისურ ენაზე, გვერდი 16.