თუ ღმერთს დავემორჩილებით, დღესვე ბედნიერები ვიქნებით.
ღვთის მორჩილთ ბედნიერი მომავალი ელით
როგორც წინასწარმეტყველმა მოსემ თქვა, ღვთის მცნებების თანახმად ცხოვრება კურთხევებს მოგვიტანს (კანონი 10:13; 11:27). ჩვენ იმის შიშით კი არ ვემორჩილებით ღმერთს, რომ სასჯელს დაგვატეხს, არამედ გვიყვარს ის და გვიზიდავს მისი თვისებები. სწორედ ამიტომ გვსურს, დავემორჩილოთ მას და ჩვენი საქციელით გული არ ვატკინოთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3).
რატომაა ჩვენთვისვე კარგი ღვთის მორჩილება? ვიმსჯელოთ ორ მხარეზე:
1. ღვთის მორჩილება გვაბრძენებს
„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ესაია 48:17).
იეჰოვა ღმერთი, ჩვენი შემოქმედი კარგად გვიცნობს და საჭირო ხელმძღვანელობას გვიწევს. თუ გვინდა, ღმერთი ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმაროს, მისი სიტყვიდან უნდა გავიგოთ, რას მოითხოვს ჩვენგან და მიღებული ცოდნის თანახმად ვიცხოვროთ.
2. ღვთის მორჩილებას ბედნიერება მოაქვს
„ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:28).
დღეს ნამდვილ სიხარულს მილიონობით ადამიანი გრძნობს, რადგან ყურად იღებენ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ რჩევებს. დავფიქრდეთ ესპანეთში მცხოვრებ ერთ მამაკაცზე, რომელსაც ფიცხი ხასიათი ჰქონდა და სხვებს, მათ შორის მეუღლეს სასტიკად ეპყრობოდა. ერთხელ მან ბიბლიაში წაიკითხა იაკობის ვაჟის, იოსების ისტორია, რომელიც მოსემ მოგვითხრო. იოსები მონად გაყიდეს და უსამართლოდ დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, ის კვლავაც მშვიდობისმყოფელი, ლმობიერი და მიმტევებელი იყო (დაბადება 37—45 თავები). ეს მამაკაცი აღნიშნავს: „იოსების მაგალითზე ფიქრი დამეხმარა, თავშეკავებული, ლმობიერი და კეთილი გავმხდარიყავი. დღეს ბედნიერი ვარ“.
ღვთის სიტყვა ბევრ სხვა რჩევასაც გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.