იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“
როცა რომაელმა ქრისტიანებმა გაიგეს, რომ პავლე მალე რომში იქნებოდა, 64 კილომეტრი გაიარეს, რათა გზაში შეგებებოდნენ. როგორ იმოქმედა პავლეზე ძმების თავგანწირულმა სიყვარულმა? „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქ. 28:15). მართალია, პავლე ამხნევებდა კრებებს, რომლებსაც ინახულებდა, მაგრამ ამჯერად, როგორც პატიმარი, თავად გამხნევდა (2 კორ. 13:10).
დღეს სარაიონო ზედამხედველები ინახულებენ კრებებს, რათა გაამხნეონ და-ძმები. ღვთის სხვა მსახურების მსგავსად, ისინიც იღლებიან, დროდადრო პრობლემების წინაშე დგებიან ან გულგატეხილობა ეუფლებათ. რის გაკეთება შეგიძლია სარაიონო ზედამხედველის და მისი მეუღლის გასამხნევებლად, როცა ისინი თქვენს კრებას ესტუმრებიან? (რომ. 1:11, 12).
დაესწარი სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს. სარაიონო ზედამხედველს ამხნევებს იმის დანახვა, თუ როგორ ცდილობენ მაუწყებლები, სრულად ისარგებლონ პროგრამით, რომელიც მონახულების კვირისთვისაა გათვალისწინებული (1 თეს. 1:2, 3; 2:20). მიზნად დაისახე, დამხმარე პიონერად იმსახურო იმ თვეში, როცა მონახულება გაქვს. შეგიძლია მასთან ან მის მეუღლესთან იმსახურო, ან ბიბლიის შესწავლაზე წაიყვანო? ისინი სიამოვნებით თანამშრომლობენ და-ძმებთან, მათ შორის ისეთებთან, ვინც ახალი მონათლულია ან მსახურებაში გამოცდილება აკლია.
გამოიჩინე სტუმართმოყვარეობა. შეგიძლია სახლში დარჩენა შესთავაზო ან სადილად დაპატიჟო? ამგვარად სიყვარულს გამოავლენ მათ მიმართ. ისინი არ მოელიან, რომ განსაკუთრებული სახით გაუმასპინძლდები (ლუკ. 10:38—42).
მოუსმინე რჩევას და გაითვალისწინე მითითებები, რომლებსაც სარაიონო ზედამხედველი გვაძლევს. ის სიყვარულით გვირჩევს, როგორ გავუმჯობესდეთ მსახურებაში. ზოგჯერ შესაძლოა სათქმელი პირდაპირ გვითხრას (1 კორ. 5:1—5). მათ ახარებთ, როცა მორჩილებას ვავლენთ (ებრ. 13:17).
გამოხატე მადლიერება. უთხარი სარაიონო ზედამხედველს და მის მეუღლეს, როგორ დაგეხმარა მათთან თანამშრომლობა; დაანახვე, რომ ფუჭად არ ჩაუვლია მათ შრომას. შეგიძლია ეს პირადად უთხრა ან სამადლობელი წერილი მისწერო (კოლ. 3:15).