რამდენი დაგრჩა გასავლელი ნათლობისკენ მიმავალ გზაზე?
ქრისტიანული ცხოვრება
აირჩიეთ იეჰოვას მსახურება
ახალგაზრდებო, თუ მოუნათლავი მაუწყებლები ხართ ან ბიბლიას სწავლობთ, ალბათ, მონათვლა ერთ-ერთი თქვენი მთავარი მიზანია. რატომ უნდა ვისწრაფოთ ნათლობისკენ? როცა თავს ვუძღვნით იეჰოვას და ვინათლებით, მასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას ვუყრით საფუძველს (ფსალმ. 91:1). გარდა ამისა, ნათლობა ჩვენს ხსნას ემსახურება (1 პეტ. 3:21). რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ მონათლული ქრისტიანი გახდე?
დარწმუნდი, რომ, რასაც სწავლობ, ჭეშმარიტებაა. როცა კითხვები დაგებადება, უფრო ღრმად გამოიკვლიე საკითხები (რომ. 12:2). დააკვირდი, რაში გჭირდება გამოსწორება და კარგად გააანალიზე შენი მოტივები — ცდილობ თუ არა, ყველაფერი იეჰოვას მოსაწონად აკეთო (იგავ. 27:11; ეფეს. 4:23, 24). ყოველთვის სთხოვე იეჰოვას დახმარება ლოცვაში. დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა მხარს დაგიჭერს და თავისი უშრეტი ძალით, წმინდა სულით გაგაძლიერებს (1 პეტ. 5:10, 11). ძალისხმევა უეჭველად დაგვიფასდება, რადგან იეჰოვას მსახურება ცხოვრების საუკეთესო გზაა! (ფსალმ. 16:11).
უყურე ვიდეორგოლს „ნათლობა — უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რა დაბრკოლებები გადალახა ზოგმა იმისთვის, რომ მონათლულიყო?
როგორ უნდა განივითარო რწმენა, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას?
რამ აღძრა ზოგი და-ძმა, მომზადებულიყვნენ ნათლობისთვის?
რა კურთხევებს იღებენ ისინი, რომლებიც იეჰოვას მსახურებას ირჩევენ?
რას ნიშნავს მიძღვნა და ნათლობა?