საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w20 მარტი გვ. 24-29
  • მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • იყავით მშვიდობისმყოფელი
  • იყავით მიუკერძოებელი
  • იყავით სტუმართმოყვარე
  • სტუმართმოყვარეობა მნიშვნელოვანი თვისებაა და სიხარულს გვანიჭებს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • კვლავაც გაიღრმავეთ სიყვარული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • ყოველთვის ძლიერ გიყვარდეთ ერთმანეთი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • გაიხარეთ საკუთარი წარმატებით!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
w20 მარტი გვ. 24-29

სასწავლო სტატია 13

მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი

„მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 1:22).

სიმღერა 109 გულითადად გიყვარდეთ

მოკლე შინაარსიa

იესო ესაუბრება თავის ერთგულ მოციქულებს

სიკვდილის წინა ღამეს იესომ მოწაფეებს სიყვარულის აუცილებლობაზე გაუმახვილა ყურადღება (იხილეთ აბზაცები 1, 2)

1. რისკენ მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს? (იხილეთ სურათი გარეკანზე)

სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა: „როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“. შემდეგ კი დასძინა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35).

2. რატომ არის მნიშვნელოვანი, ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ?

2 იესომ თქვა, რომ სხვები ადვილად მიხვდებოდნენ, ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მოწაფეები, თუ ისეთივე სიყვარულს გამოავლენდნენ, როგორსაც თავად ავლენდა. აქედან გამომდინარე, როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც შეუძლია ხალხს იმის გაგება, თუ ვინ არიან ნამდვილი ქრისტიანები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიმართ მაშინაც გამოვავლინოთ სიყვარული, როცა ეს არც ისე ადვილია.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ჩვენი თუ სხვების არასრულყოფილება ხშირად ხელს გვიშლის, მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი. მიუხედავად ამისა, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ მივბაძოთ იესოს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვეხმარება სიყვარული, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები, მიუკერძოებლები და სტუმართმოყვარეები. სტატიის შესწავლისას დაფიქრდით: რას ვსწავლობთ იმ და-ძმებისგან, რომლებიც ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად კვლავაც ავლენენ სიყვარულს სხვების მიმართ?

იყავით მშვიდობისმყოფელი

4. მათეს 5:23, 24-ის თანახმად, რატომ უნდა აღვადგინოთ მშვიდობა მასთან, ვინც ჩვენზე განაწყენებულია?

4 იესომ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი ურთიერთობა აღვადგინოთ მასთან, ვინც ჩვენზე განაწყენებულია (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თუ გვსურს, ღმერთს გული გავუხაროთ, სხვებთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. იეჰოვას სიამოვნებს იმის დანახვა, რომ ყველანაირად ვცდილობთ და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას. თუ გულში წყენას ჩავიტოვებთ და არაფერს ვიღონებთ მშვიდობის აღსადგენად, იეჰოვასთვის ჩვენი თაყვანისცემა მიუღებელი იქნება (1 იოან. 4:20).

5. რამ შეუშალა ხელი მარკს, მშვიდობიანი ურთიერთობა აღედგინა თანაქრისტიანთან?

5 მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა ყოველთვის ადვილი არ არის. ამაზე მარკისb შემთხვევაც მოწმობს. მას ძალიან ეტკინა გული, როდესაც ერთმა ძმამ გააკრიტიკა და უარყოფითად ისაუბრა მასზე თანაქრისტიანებთან. როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე მარკს? ის იხსენებს: „ემოციები ვეღარ მოვთოკე და ძალიან გავბრაზდი“. მოგვიანებით მარკმა ინანა თავისი საქციელი, მოუბოდიშა ძმას და ურთიერთობის აღდგენას შეეცადა. თუმცა მან მარკისგან მობოდიშება არ მიიღო. თავიდან მარკი ფიქრობდა: „მე რატომ უნდა ვცდილობდე ურთიერთობის აღდგენას, როცა მას არა აქვს ამის სურვილი?!“. სარაიონო ზედამხედველმა მარკს ურჩია, რომ ხელი არ ჩაექნია. როგორ მოიქცა ის?

6. ა) როგორ შეეცადა მარკი მშვიდობის აღდგენას? ბ) როგორ გაითვალისწინა მარკმა კოლოსელების 3:13, 14-ში ჩაწერილი რჩევა?

6 როცა მარკი შექმნილ სიტუაციაზე კარგად დაფიქრდა, მიხვდა, რომ თავმდაბლობა აკლდა და მეტისმეტად იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში. მან საკუთარ თავში ცვლილებების მოხდენის აუცილებლობა დაინახა (კოლ. 3:8, 9, 12). მარკმა თავმდაბლობა გამოავლინა და კიდევ ერთხელ მოუბოდიშა ძმას თავისი საქციელის გამო; თანაც არაერთხელ მისწერა, რომ წუხდა მომხდარზე და ძალიან სურდა ძველებური ურთიერთობის აღდგენა. მარკმა გაითვალისწინა ამ ძმის გემოვნება და რამდენჯერმე საჩუქარიც კი გაუკეთა. სამწუხაროდ, ძმა მაინც ბრაზობდა მარკზე და არ პატიობდა. მიუხედავად ამისა, მარკი კვლავ იესოს მოწოდების თანახმად მოქმედებდა და სიყვარულსა და მიმტევებლობას ავლენდა (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13, 14). მაშინაც კი, თუ მშვიდობის აღსადგენად ჩვენს გადადგმულ ნაბიჯს არ აფასებენ, ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული დაგვეხმარება, ვაპატიოთ სხვებს და ვილოცოთ, რომ ჩვენმა მცდელობამ შედეგი გამოიღოს (მათ. 18:21, 22; გალ. 6:9).

ფოტოკოლაჟი: და განაწყენებული მეგობრის მიმართ არაერთხელ ავლენს სიყვარულს; 1) განაწყენებული და არ პასუხობს მეგობრის სატელეფონო ზარს; 2) განაწყენებული და უარს ამბობს მეგობრის საჩუქარზე; 3) განაწყენებული და უსმენს მეგობარს, რომელიც მას გულწრფელ სიყვარულში არწმუნებს

თუ ვინმე ჩვენზე განაწყენებულია, მასთან მშვიდობის აღსადგენად შეიძლება არაერთი მცდელობა დაგვჭირდეს (იხილეთ აბზაცები 7, 8)c

7. ა) რისკენ მოგვიწოდა იესომ? ბ) რა სირთულის წინაშე აღმოჩნდა ერთი და?

7 იესომ მოგვიწოდა, სხვებს ისე მოვექცეთ, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდნენ. მან ისიც დასძინა, რომ სიყვარული მხოლოდ მათ მიმართ არ უნდა გამოვხატოთ, ვისაც ვუყვარვართ (ლუკ. 6:31—33). მაგალითად, როგორ იგრძნობდით თავს, თუ ვინმე კრებაში ისე აგივლიდათ გვერდს, რომ არ მოგესალმებოდათ? მართალია, ასეთი რამ იშვიათია, მაგრამ ასე მოხდა ლარას შემთხვევაში. ის გვიყვება: „ერთი და თავს მარიდებდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ იქცეოდა ასე. ამან ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ კრებაზე მისვლის სურვილიც აღარ მქონდა“. თავიდან ლარა თვლიდა, რომ მას ბრალი არაფერში მიუძღოდა; თანაც კრებაში სხვებიც ფიქრობდნენ, რომ იმ დას ცოტა უცნაური ხასიათი ჰქონდა.

8. რა გააკეთა ლარამ მშვიდობის აღსადგენად და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

8 მშვიდობის აღსადგენად ლარამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. მან ილოცა და გადაწყვიტა, დას დალაპარაკებოდა. მათ ისაუბრეს პრობლემაზე, შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნენ და შერიგდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, თუმცა მოგვიანებით ეს და კვლავ თავს არიდებდა ლარას. ამ დის საქციელმა მას გული ძალიან ატკინა. თავიდან ლარა ფიქრობდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობდა თავს კარგად, თუ ეს და მისდამი დამოკიდებულებას შეიცვლიდა. თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, კვლავაც სიყვარული გამოევლინა ამ დის მიმართ და ეპატიებინა (ეფეს. 4:32—5:2). ლარამ გააცნობიერა, რომ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორ. 13:5, 7). მან შინაგანი სიმშვიდე დაიბრუნა. დროთა განმავლობაში ის და უფრო მეგობრულად განეწყო ლარას მიმართ. როცა გვიყვარს და-ძმები და მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი“ ჩვენთან იქნება (2 კორ. 13:11).

იყავით მიუკერძოებელი

9. საქმეების 10:34, 35-ის თანახმად, რატომ უნდა ვიყოთ მიუკერძოებლები?

9 იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია (წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35). როცა მას ვბაძავთ და მიუკერძოებლობას ვავლენთ, ცხადვყოფთ, რომ მისი შვილები ვართ. ამასთანავე, ვემორჩილებით მცნებას, მოყვასი საკუთარი თავივით გვიყვარდეს და სულიერ ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას ვუწყობთ ხელს (რომ. 12:9, 10; იაკ. 2:8, 9).

10, 11. როგორ დაძლია რუთმა უარყოფითი განწყობა?

10 ზოგისთვის არც ისე ადვილია მიუკერძოებლობის გამოვლენა. დავფიქრდეთ ერთი დის, რუთის შემთხვევაზე. ბავშვობაში სხვა ეროვნების ადამიანი მას და მის ოჯახს ძალიან ცუდად მოექცა. როგორ იმოქმედა ამან რუთზე? ის გულწრფელად ამბობს: „ყველაფერი მძულდა, რაც იმ ქვეყანას უკავშირდებოდა. ვფიქრობდი, რომ ყველა, ვინც იმ ქვეყნიდან იყო, მათ შორის ჩვენი და-ძმები, მისნაირები იყვნენ“. როგორ დაძლია რუთმა უარყოფითი განწყობა?

11 რუთი მიხვდა, რომ როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ასეთი უარყოფითი ფიქრები უნდა მოეშორებინა. ის იმ ქვეყნის შესახებ წელიწდეულში მოყვანილ შემთხვევებსა და სხვა ინფორმაციას გაეცნო. რუთი იხსენებს: „ძალისხმევას არ ვიშურებდი, რომ ამ ეროვნების ადამიანებზე დადებითად მეფიქრა. ნელ-ნელა ვამჩნევდი, რომ ეს და-ძმები იეჰოვას მთელი გულით ემსახურებოდნენ და დავრწმუნდი, რომ ისინიც მსოფლიო საძმოს მიეკუთვნებიან“. დროთა განმავლობაში რუთმა გააცნობიერა, რომ უფრო მეტის გაკეთება მართებდა. ის ამბობს: „როცა იმ ეროვნების და-ძმებს ვხვდებოდი, ძალისხმევის ფასად მიჯდებოდა, რომ მათ მიმართ სითბო და სიყვარული გამომეხატა. ვცდილობდი, გამოვლაპარაკებოდი და უკეთ გამეცნო ისინი“. რუთის მცდელობამ შედეგი გამოიღო და დროთა განმავლობაში მისი უარყოფითი გრძნობები უკვალოდ გაქრა.

სამეფო დარბაზში ორი წყვილი ტელეფონს უყურებს და იცინის; უკანა ფონზე სამი ახალგაზრდა ძმა საუბრობს; ხანდაზმული ძმა გულგატეხილია, რადგან არცერთი მათგანი არ გამოელაპარაკა მას

თუ ძალიან გვიყვარს „მთელი საძმო“, მიკერძოებას არ გამოვავლენთ (იხილეთ აბზაცები 12, 13)d

12. რა არასწორი თვალსაზრისი ჰქონდა სარას?

12 ზოგი შეიძლება ისე ავლენდეს მიკერძოებას, რომ ვერც კი ხვდებოდეს. მაგალითად, სარა ფიქრობდა, რომ მიუკერძოებელი იყო, რადგან ხალხს ეროვნების, ფინანსური მდგომარეობისა თუ ორგანიზაციაში რაიმე პასუხისმგებლობის მიხედვით არ აფასებდა. თუმცა ის აღიარებს: „თანდათან გავაცნობიერე, რომ მიკერძოებული ვიყავი“. რაში გამოიხატებოდა ეს? სარა ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ამიტომ კრებაშიც ისეთ ადამიანებთან არჩევდა ურთიერთობას, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა. მან ერთხელ მეგობარს ასეთი სიტყვებიც კი უთხრა: „მე მხოლოდ წიგნიერ და განათლებულ თანამორწმუნეებთან ვურთიერთობ, სხვებისგან კი თავს შორს ვიჭერ“. აშკარაა, რომ სარას თვალსაზრისი უნდა შეეცვალა. რა დაეხმარებოდა მას ამაში?

13. როგორ შეიცვალა სარამ თვალსაზრისი და რას ვსწავლობთ მისგან?

13 სარაიონო ზედამხედველი სარას თვალსაზრისის შეცვლაში დაეხმარა. ის იხსენებს: „მან შემაქო, რომ ერთგულად ვმსახურობდი, კარგ კომენტარებს ვაკეთებდი და ბიბლიური ცოდნა მქონდა. შემდეგ კი ამიხსნა, რომ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა თავმდაბლობა, მოკრძალება და გულმოწყალება“. სარაიონო ზედამხედველის სიტყვები სარამ გულთან ახლოს მიიტანა. ის დასძენს: „მივხვდი, რომ სინამდვილეში ყველაზე მთავარი სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენაა“. მას შემდეგ სარა და-ძმებს სხვა თვალით უყურებს და ცდილობს, დაინახოს, რომელი თვისებების გამო არიან ისინი ღვთის თვალში ძვირფასები. რას ვიტყოდით ჩვენზე? ნამდვილად არ გვსურს, რომ ჩვენი განათლების გამო სხვებს თავი გადავამეტოთ. თუ ძალიან გვიყვარს „მთელი საძმო“, მიკერძოებას არ გამოვიჩენთ (1 პეტ. 2:17).

იყავით სტუმართმოყვარე

14. ებრაელების 13:16-ის თანახმად, რას გრძნობს იეჰოვა, როცა სტუმართმოყვარეობას ვიჩენთ?

14 იეჰოვა ძალიან აფასებს სტუმართმოყვარეობას (წაიკითხეთ ებრაელების 13:16). ის თვლის, რომ სტუმართმოყვარეობა წმინდა თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ დახმარების ხელი განსაკუთრებით გასაჭირში მყოფთ უნდა გავუწოდოთ (იაკ. 1:27; 2:14—17). წმინდა წერილები მოგვიწოდებს, სტუმართმოყვარენი ვიყოთ (რომ. 12:13). როცა სტუმართმოყვარეობას ვავლენთ, ცხადვყოფთ, რომ ვზრუნავთ სხვებზე, გვიყვარს ისინი და მათთან დამეგობრება გვსურს. იეჰოვას ახარებს, როცა ერთმანეთს დროს ვუთმობთ, წასახემსებლად ვეპატიჟებით ან თუნდაც ჩაით ან ყავით ვუმასპინძლდებით (1 პეტ. 4:8—10). თუმცა სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს სტუმართმოყვარეობის გამოვლენაში.

და თავის სახლში სასტუმრო ოთახს აჩვენებს წყვილს, რომლებსაც სამშენებლო ტანსაცმელი აცვიათ

„ადრე თავს ვიკავებდი სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან, თუმცა ამ საკითხზე თვალსაზრისი შევიცვალე და ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ“ (იხილეთ აბზაცი 16)e

15, 16. ა) რატომ შეიძლება ზოგმა თავი შეიკავოს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან? ბ) რა დაეხმარა ედიტს, რომ სტუმართმოყვარე გამხდარიყო?

15 სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო შევიკავოთ თავი. დავფიქრდეთ ერთი ქვრივი დის, ედიტის მაგალითზე. სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, მას მაინცდამაინც არ უყვარდა ხალხთან ურთიერთობა. ედიტი ფიქრობდა, რომ სტუმართმოყვარეობის გამოვლენას სხვები უკეთ შეძლებდნენ.

16 მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გახდა, ედიტმა თვალსაზრისი შეიცვალა. მან კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად. ედიტი იხსენებს: „როცა ჩვენი სამეფო დარბაზი შენდებოდა, უხუცესმა მკითხა, ხომ არ შემეძლო ორი კვირით დამებინავებინა ცოლ-ქმარი, რომლებსაც სამშენებლო პროექტზე უნდა ემუშავათ. მის ნათქვამზე სარეფთელი ქვრივი გამახსენდა, რომელსაც იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა“ (1 მეფ. 17:12—16). ედიტი დათანხმდა სტუმრების მიღებაზე. როგორ აკურთხა ის იეჰოვამ? ედიტი გვიყვება: „გამიხარდა, რომ ისინი ორი კვირის ნაცვლად ორ თვეს დარჩნენ ჩემთან. იმ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით“. მან კრებაში სხვა მეგობრებიც შეიძინა. ახლა ის პიონერად მსახურობს და სიამოვნებით ეპატიჟება ხოლმე იმ და-ძმებს, რომლებთან ერთადაც მსახურობს. „გაცემა შინაგან კმაყოფილებას მანიჭებს, — ამბობს ედიტი. — სიმართლე გითხრათ, სანაცვლოდ უფრო მეტს ვიღებ, ვიდრე გავცემ“ (ებრ. 13:1, 2).

17. რას მიხვდნენ ლუკა და მისი მეუღლე?

17 შეიძლება სტუმართმოყვარეები ვართ, მაგრამ ხომ არ შეგვიძლია ამ მხრივ უფრო გავუმჯობესდეთ? მაგალითად, ლუკას და მის მეუღლეს უყვართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა. ისინი ხშირად ეპატიჟებოდნენ მშობლებს, ნათესავებს, ახლო მეგობრებს თუ სარაიონო ზედამხედველსა და მის მეუღლეს. თუმცა ლუკა გულახდილად ამბობს: „მივხვდით, რომ მხოლოდ მათ ვეპატიჟებოდით, ვისთანაც ახლოს ვიყავით“. როგორ შეძლეს ლუკამ და მისმა მეუღლემ, უფრო სტუმართმოყვარეები გამხდარიყვნენ?

18. რა დაეხმარათ ლუკას და მის მეუღლეს, უფრო სტუმართმოყვარეები გამხდარიყვნენ?

18 ლუკას და მის მეუღლეს თვალსაზრისის შეცვლაში იესოს შემდეგ სიტყვებზე დაფიქრება დაეხმარა: „თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?“ (მათ. 5:45—47). მათ გააცნობიერეს, რომ იეჰოვასთვის უნდა მიებაძათ, რომელიც ყველას მიმართ გულუხვია. ამიტომ გადაწყვიტეს, ის და-ძმები დაეპატიჟებინათ, რომლებიც მათთან ჯერ არ იყვნენ ნამყოფი. ლუკა დასძენს: „ერთად შეკრება ყველას დიდ სიხარულს გვანიჭებს. ეს ერთმანეთთანაც გვაახლოებს და სულიერადაც გვაძლიერებს“.

19. როგორ ცხადვყოფთ, რომ იესოს მოწაფეები ვართ, და რა გაქვთ გადაწყვეტილი?

19 ზემოთ ვისაუბრეთ, როგორ გვეხმარება სიყვარული, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები, მიუკერძოებლები და სტუმართმოყვარეები. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოვიშოროთ უარყოფითი გრძნობები და მთელი გულით შევიყვაროთ და-ძმები. თუ ასე მოვიქცევით, სიხარულს ვიგრძნობთ და იმასაც ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად იესოს მოწაფეები ვართ (იოან. 13:17, 35).

როგორ ვავლენთ გულითად სიყვარულს, როცა . . .

  • მშვიდობისმყოფელები ვართ?

  • მიუკერძოებლები ვართ?

  • სტუმართმოყვარეები ვართ?

სიმღერა 88 მაუწყე შენი გზები

a იესომ თქვა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიყვარული გამოარჩევდათ. და-ძმების სიყვარული აღგვძრავს, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები, მიუკერძოებლები და სტუმართმოყვარეები. თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის. ამ სტატიიდან გავიგებთ, რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც მთელი გულით გვიყვარდეს ერთმანეთი.

b ზოგი სახელი შეცვლილია.

c სურათის აღწერა: და ცდილობს თანაქრისტიანთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენას. მართალია, მისი პირველი მცდელობა არ ამართლებს, მაგრამ გულს არ იტეხს. საბოლოოდ თანაქრისტიანის მიმართ გამოვლენილმა სიყვარულმა შედეგი გამოიღო.

d სურათის აღწერა: ხანდაზმული ძმა თანაქრისტიანებისგან თავს გარიყულად გრძნობს.

e სურათის აღწერა: თავიდან და თავს იკავებდა სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან, თუმცა მოგვიანებით შეიცვალა თვალსაზრისი და უფრო მეტი სიხარული იგრძნო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება