ავტობიოგრაფია
იეჰოვას მსახურებაში გატარებული ბედნიერი წლები
1958 წელი იდგა. მაშინ, სულ რაღაც, 18 წლის ვიყავი. ჩემი პირველი დავალება კანადის ბეთელში იატაკის წმენდა იყო იმ შენობაში, სადაც საბეჭდი დანადგარი იდგა. მომწონდა ჩემი საქმე. მალე დავალება შემეცვალა და იმ დანადგარზე დავიწყე მუშაობა, რომელიც დაბეჭდილ პუბლიკაციებს გვერდებს აჭრიდა. ბეთელში მსახურება დიდ სიხარულს მანიჭებდა.
მომდევნო წელს ბეთელში განცხადება გაკეთდა, რომ მოხალისეები სჭირდებოდათ სამხრეთ აფრიკის ფილიალში, სადაც ახალი როტაციული საბეჭდი მანქანა იყო დასამონტაჟებელი. მოხალისედ მსახურების სურვილი მეც გამოვთქვი და ძალიან გამიხარდა, როცა დადებითი პასუხი მივიღე. ჩემთან ერთად კანადის ფილიალიდან კიდევ სამი ძმა აირჩიეს: დენის ლიჩი, ბილ მაკლელანი და კენ ნორდინი. გვითხრეს, რომ იქ კარგა ხანს მოგვიწევდა დარჩენა.
დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი: „დე, შენთვის ახალი ამბავი მაქვს. სამხრეთ აფრიკაში მივდივარ!“ დედაჩემი მშვიდი ქალი იყო, მაგრამ მტკიცე რწმენა და კარგი სულიერი ხედვა ჰქონდა. ბევრი არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ მივხვდი, რომ მხარს მიჭერდა. ჩემმა მშობლებმა მოიწონეს ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა გული სწყდებოდათ, ასე შორს რომ მომიწევდა ყოფნა.
სამხრეთ აფრიკაში მივემგზავრები
კეიპტაუნიდან იოჰანესბურგისკენ მიმავალ მატარებელში დენის ლიჩთან, კენ ნორდინთან და ბილ მაკლელანთან ერთად (1959 წ.).
ოთხივენი 60 წლის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის ფილიალში (2019 წ.).
ბრუკლინის ბეთელში ოთხივემ გავიარეთ სტამბური ბეჭდვის სამთვიანი გადამზადების კურსი. შემდეგ სატვირთო გემით გავემგზავრეთ კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა). იმ დროს უკვე 20 წლის ვიყავი. საღამო ხანი იყო, როცა მატარებელში ჩავსხედით, რომ კეიპტაუნიდან იოჰანესბურგამდე გრძელ გზას დავდგომოდით. გამთენიისას პირველად გავჩერდით ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რომელიც კარუში, ნახევრად უდაბნოს ტიპის პლატოზე მდებარეობს. საშინლად ცხელი და მტვრიანი ადგილი იყო. ოთხივენი ფანჯრიდან ვიყურებოდით და ვფიქრობდით, ეს სად მოვხვდითო. წარმოდგენა არ გვქონდა, წინ რა გველოდა. წლების შემდეგ, როცა კიდევ არაერთხელ მოგვიწია ამ მხარის მონახულება, უფრო მეტად დავაფასეთ იქ მიმოფანტული პატარ-პატარა ქალაქები და იქაური მშვიდი ცხოვრება.
რამდენიმე წელი ვმუშაობდი ლინოტიპის რთულ სასტამბო მანქანაზე, რომელსაც ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“ დასაბეჭდად ვიყენებდით. ჩვენს ფილიალში იბეჭდებოდა პუბლიკაციები არა მარტო ადგილობრივ აფრიკულ ენებზე, არამედ სხვა აფრიკული ქვეყნების ენებზეც. ახალ როტაციულ საბეჭდ მანქანას, რომელზე სამუშაოდაც იმ სიშორედან ჩამოვედით, მთელი დატვირთვით ვამუშავებდით.
მოგვიანებით იმ განყოფილებაში გადამიყვანეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ლიტერატურის თარგმნაზე, ბეჭდვასა და ტრანსპორტირებაზე. საკმაოდ დატვირთული, თუმცა სასიამოვნო და აზრიანი ცხოვრება მქონდა.
დაოჯახება და ახალი დავალება
მე და ლორა სპეციალურ პიონერებად მსახურების დროს (1968 წ.).
1968 წელს დავქორწინდი ლორა ბოუენზე, რომელიც ფილიალთან ახლოს ცხოვრობდა. ის პიონერადაც მსახურობდა და ბეთელში მთარგმნელობით განყოფილებაში მბეჭდავადაც მუშაობდა. იმ დროს დაქორწინების შემდეგ ბეთელში არავის ტოვებდნენ, ამიტომ სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს. ცოტა შეფიქრიანებული ვიყავი, რადგან ბეთელში 10-წლიანი მსახურების შემდეგ საკვებზე და სხვა ძირითად საჭიროებებზე ზრუნვა თავად მოგვიწევდა. გვაფიქრებდა, როგორ შევძლებდით ამას ჩვენი მწირი ფულადი შემწეობით. თითოეული ყოველთვიურად მივიღებდით 25 რანდს (35 აშშ დოლარი), ისიც იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიურად საათების, განმეორებითი მონახულებებისა და პუბლიკაციების დადგენილ ნორმას შევასრულებდით. ეს ფული უნდა გვყოფნოდა გადასახადების, საკვების, ტრანსპორტის, მედიკამენტებისა და სხვა პირადი ხარჯებისთვის.
ჩვენ დაგვნიშნეს პატარა ჯგუფში ქალაქ დურბანთან ახლოს, რომელიც ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. ეს ტერიტორია დასახლებული იყო ინდოელებით, რომელთა უმეტესობაც 1800-იანი წლების მიწურულს ინდოეთიდან შაქრის პლანტაციებში სამუშაოდ ჩამოყვანილი მუშების შთამომავალი იყო. მართალია, ახლა სხვა საქმეს მისდევდნენ, მაგრამ თავიანთ კულტურულ თავისებურებებს ინარჩუნებდნენ, მათ შორის სამზარეულოს. ასე რომ, ხშირად ამზადებდნენ კარით შეკაზმულ გემრიელ კერძებს. გარდა ამისა, ისინი ინგლისურად საუბრობდნენ, რაც გვიადვილებდა მათთან ურთიერთობას.
ვინაიდან სპეციალურ პიონერებს ყოველთვიურად 150 საათი მოეთხოვებოდათ ქადაგება, მე და ლორამ პირველ დღეს 6-საათიანი მსახურება დავგეგმეთ. ცხელი და ნესტიანი დღე იყო. არც განმეორებითი მონახულებები გვქონდა და არც ბიბლიის შესწავლები. გამოდიოდა, რომ 6 საათი კარდაკარ უნდა გვექადაგა. რაღაც პერიოდის შემდეგ საათს დავხედე და მხოლოდ 40 წუთი იყო გასული. ამიტომ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, როგორ გავართმევდით თავს ამ დავალებას.
მალე გადავეწყვეთ ახალ განრიგზე. ყოველდღე, სახლიდან გასვლამდე ვიმზადებდით ბუტერბროდებს და თერმოსით სუპი ან ყავა მიგვქონდა. შესვენების დროს წასახემსებლად ჩვენს პატარა „ფოლკსვაგენს“ სადმე ჩრდილქვეშ ვაჩერებდით. ზოგჯერ საყვარელი ინდოელი ბავშვები გვეხვეოდნენ გარს და ცნობისმოყვარეობით გვადევნებდნენ თვალს. რამდენიმე დღეში მივხვდით, რომ პირველი 2-3 საათის შემდეგ დრო სწრაფად გადიოდა.
უდიდეს სიხარულს გვანიჭებდა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები სტუმართმოყვარე ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება. ინდოელი ხალხი თავაზიანი და ღვთის მოშიში აღმოჩნდა. ინდუსების უმეტესობა კარგად ეხმაურებოდა ჩვენს ცნობას. მათ სიამოვნებდათ იეჰოვაზე, იესოზე, ბიბლიაზე, მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებასა და მკვდრეთით აღდგომაზე საუბარი. ერთ წელიწადში უკვე 20 ბიბლიის შესწავლას ვატარებდით. ყოველდღე ვსადილობდით რომელიმე ოჯახთან, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდით. ის დრო სასიამოვნოდ გვახსენდება.
მალე ახალი დავალება მივიღეთ. სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს ტერიტორიაზე, რომელიც ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლს მოიცავდა. კრებების მონახულების დროს ყოველკვირეულად ახალ-ახალ ოჯახში ვრჩებოდით. მათთან თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობდით, მათ ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან თამაშითაც ვერთობოდით. ორმა მშვენიერმა წელმა სწრაფად გაირბინა. მოულოდნელად ფილიალიდან დაგვირეკეს და გვთხოვეს, ისევ ბეთელში გაგვეგრძელებინა მსახურება. ვუპასუხე, რომ აქაც კარგად ვგრძნობდით თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვამს ამ შემოთავაზებაზე.
ბეთელში დაბრუნება
ბეთელში სამსახურებრივ განყოფილებაში დამნიშნეს, სადაც ბევრ გამოცდილ და სულიერად მოწიფულ ძმასთან მომიწია თანამშრომლობა. იმ დროს კრებებს სარაიონო ზედამხედველის მონახულების შემდეგ მისი ანგარიშის საფუძველზე სპეციალურ წერილს ვუგზავნიდით, რომლის მიზანიც კრებების გამხნევება და საჭირო მითითებების მიცემა იყო. ეს კი დიდ შრომას მოითხოვდა ჩვენი მდივნებისგან, რომლებიც კოსა, ზულუ თუ სხვა ენებზე მოწერილ წერილებს ჯერ ინგლისურად თარგმნიდნენ და შემდეგ ფილიალის წერილებს ინგლისურიდან — სხვა აფრიკულ ენებზე. ძალიან ვემადლიერები ამ გამრჯე მთარგმნელებს, რომლებმაც უკეთ დამანახვეს ის სირთულეები, რომლებსაც ჩვენი შავკანიანი აფრიკელი და-ძმები ხვდებოდნენ.
იმ დროს სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის ხანა იდგა. თითოეულ რასობრივ ჯგუფს გამოყოფილი ჰქონდა საცხოვრებელი ტერიტორია, რის გამოც სხვადასხვა რასის ადამიანები ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. შესაბამისად, ჩვენი შავკანიანი აფრიკელი ძმები მხოლოდ თავიანთ ენებზე საუბრობდნენ, ქადაგებდნენ და კრებებსაც ამ ენებზე ესწრებოდნენ.
ბევრი არაფერი ვიცოდი შავკანიანი აფრიკელების შესახებ, რადგან მხოლოდ ინგლისურენოვან ხალხში მიწევდა ტრიალი. ახლა კი საშუალება მომეცა, უკეთ გავცნობოდი ამ ხალხს, მათ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს. ისიც გავიგე, რა სირთულეებს ხვდებოდნენ ჩვენი ძმები ადგილობრივი ტრადიციებისა და რელიგიური შეხედულებების გამო. მათი მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვდა არა მხოლოდ არაბიბლიური ტრადიციების უარყოფა, არამედ სპირიტულ რიტუალებში მონაწილეობაზე უარის თქმაც, რის გამოც ოჯახის წევრები თუ მთელი სოფელი მათ წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. სოფლებში ხალხს დიდ სიღარიბეში უწევდა ცხოვრება. ბევრს საბაზისო განათლებაც კი არ ჰქონდა, მაგრამ ისინი ძალიან აფასებდნენ ბიბლიას.
მუშაობა მომიწია რამდენიმე იურიდიულ საქმეზე, რომელიც ეხებოდა აღმსარებლობის თავისუფლებასა და ნეიტრალიტეტს. რწმენა განმიმტკიცა მოწმეების ბავშვების ერთგულებამ და გაბედულებამ, რომლებიც სკოლიდან იმის გამო გარიცხეს, რომ მონაწილეობას არ იღებდნენ რელიგიურ რიტუალებში.
ჩვენი ძმები დიდ განსაცდელს შეხვდნენ პატარა აფრიკულ ქვეყანაში, იმდროინდელ სვაზილენდში. როცა მეფე სობჰუზა II გარდაიცვალა, მთელ მოსახლეობას დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობა მოსთხოვეს. მამაკაცებს თავი უნდა გადაეპარსათ, ქალებს კი თმა მოკლედ უნდა შეეჭრათ. მრავალ და-ძმას დაუწყეს დევნა იმის გამო, რომ უარი თქვეს ამ სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობაზე, რომელიც წინაპართა თაყვანისცემას უკავშირდებოდა. იეჰოვასადმი მათმა ერთგულებამ დიდი სიხარული მოგვანიჭა. ჩვენი აფრიკელი ძმების სიმტკიცემ და მოთმინებამ ბევრი რამ გვასწავლა და რწმენა გაგვიძლიერა.
სტამბაში დაბრუნება
1981 წელს დამევალა, რომ დავხმარებოდი ძმებს ბეჭდვის კომპიუტერული მეთოდების დანერგვაში. ასე რომ, ისევ სტამბაში მომიწია დაბრუნება. ეს ნამდვილად საოცარი დრო იყო, რადგან ბეჭდვითი საქმე ახალ საფეხურზე გადადიოდა. ერთი-ერთი კომპანიის სავაჭრო აგენტმა ფილიალს გამოსაცდელად შესთავაზა ფოტოსაამწყობო მანქანა, თანაც უსასყიდლოდ. შედეგად, ცხრა ლინოტიპის მანქანა ხუთმა ფოტოსაამწყობო მანქანამ ჩაანაცვლა. გარდა ამისა, დავამონტაჟეთ ახალი როტაციული მანქანა ოფსეტური ბეჭდვისთვის, რამაც საქმე კიდევ უფრო დააჩქარა.
კომპიუტერიზაციამ საშუალება მოგვცა, დაკაბადონება დაგვეწყო „მრავალენოვანი ელექტრონული საგამომცემლო სისტემით“ (MEPS). ეს ყველაფერი სრულიად განსხვავდებოდა მოუქნელი და ნელი ლინოტიპისა თუ ლიტერებიანი მექანიკური მანქანებისგან, რის გამოც ჩვენ, ოთხ კანადელ ბეთელელს, სამხრეთ აფრიკაში მოგვიწია ჩასვლა (ეს. 60:17). იმ დროისთვის ოთხივენი დაქორწინებული ვიყავით სულიერად მოწიფულ, სრული დროით მსახურ თანაქრისტიანებზე. მე და ბილი ისევ ბეთელში ვმსახურობდით, კენი და დენისი ბეთელთან ახლოს დასახლდნენ და შვილებს ზრდიდნენ.
ფილიალში საქმე დღითი დღე მატულობდა. ბიბლიური ლიტერატურა სულ უფრო მეტ ენაზე ითარგმნებოდა, იბეჭდებოდა და იგზავნებოდა სხვა ფილიალებში. შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი შენობის აშენება. ამიტომ იოჰანესბურგის დასავლეთით მშვენიერ ადგილას აშენდა ახალი ფილიალი, რომლის მიძღვნაც 1987 წელს მოხდა. მიხარია, რომ მეც ვიყავი ამ საქმეში ჩართული და არაერთი წელი ვიმსახურე სამხრეთ აფრიკის ფილიალის კომიტეტში.
კიდევ ერთი ახალი დავალება
ჩვენთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როცა 2001 წელს შეერთებული შტატების ფილიალის ახალჩამოყალიბებული კომიტეტის წევრად დამნიშნეს. გული გვწყდებოდა, რომ მოგვიწევდა ჩვენი საქმისა და მეგობრების დატოვება სამხრეთ აფრიკაში, თუმცა წინ ახალი და საინტერესო ცხოვრება გველოდა შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახში.
ერთი რამ გვაფიქრებდა, კერძოდ, ვინ იზრუნებდა ლორას ასაკოვან დედაზე. ნიუ-იორკიდან მასზე ზრუნვა გაგვიჭირდებოდა. მაგრამ ლორას სამმა დამ გამოთქვა იმის სურვილი, რომ დედის ფიზიკურ, ემოციურ და ფინანსურ მოთხოვნილებებზე იზრუნებდნენ. მათ გვითხრეს: „ჩვენ ვერ ვახერხებთ სრული დროით მსახურებას, ამიტომ დედაზე ჩვენ ვიზრუნებთ და ასე დაგეხმარებით თქვენი დავალების შესრულებაში“. ამისთვის მათ ძალიან ვემადლიერებით.
მსგავსად მოიქცნენ ჩემი ძმა და მისი მეუღლეც, რომლებიც ტორონტოში (კანადა) ცხოვრობდნენ. მათ საკუთარ თავზე აიღეს დაქვრივებულ დედაზე ზრუნვა, რომელიც 20 წელზე მეტხანს ცხოვრობდა მათ ოჯახში. ისინი სიყვარულს და მზრუნველობას არ აკლებდნენ დედას, რომელიც ჩვენი ნიუ-იორკში ჩასვლიდან მალევე გარდაიცვალა. რამხელა კურთხევაა ასეთი ოჯახის წევრების ყოლა, რომლებიც მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ ეს რთული პასუხისმგებლობა.
წლების განმავლობაში შეერთებული შტატების ფილიალში იმ განყოფილებაში ვმუშაობდი, რომელიც ლიტერატურის გამოცემაზე იყო პასუხისმგებელი. დროის სვლასთან ერთად ეს სფერო გაცილებით დაიხვეწა და გამარტივდა. ბოლო პერიოდში შესყიდვების განყოფილებას ვეხმარები. 20 წელია, რაც ამ დიდ ფილიალში ვმსახურობთ, რომლის ოჯახის წევრების რაოდენობა დაახლოებით 5 000-ს, შტატგარეშე თანამშრომლების კი — 2 000-ს შეადგენს. აქ მსახურება ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის.
60 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეერთებული შტატების ფილიალში მომიწევდა მსახურება. მთელი ამ დროის განმავლობაში ლორა ერთგულად მიდგას მხარში. ერთად ნამდვილად საინტერესო ცხოვრება განვვლეთ. ძალიან ვაფასებთ იმას, რომ მრავალი დავალების შესრულება მოგვიწია და ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანთან ვითანამშრომლეთ, მათ შორის იმ და-ძმებთან, რომლებიც სხვადასხვა ფილიალის მონახულების დროს გავიცანით. რახან 80 წელს გადავაბიჯე, ნაკლები დატვირთვით მიწევს მუშაობა. საქმეს, ძირითადად, ახალგაზრდა და უნარიანი ძმები უძღვებიან.
ფსალმუნმომღერალი წერდა: „ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“ (ფსალმ. 33:12). ეს სრული ჭეშმარიტებაა! ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვას თავის ბედნიერ ხალხთან ერთად ვემსახურები!