მკითხველთა შეკითხვები
რა იგულისხმა იესომ სიტყვებში „არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი“?
იესო მშვიდობისკენ მოუწოდებდა თავის მსმენელებს. თუმცა ერთხელ თავის მოციქულებს ასეთი სიტყვები უთხრა: „არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი; მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის“ (მათ. 10:34, 35). რა იგულისხმა იესომ?
ცხადია, იესოს არ უნდოდა, რომ ოჯახის წევრები დაეშორებინა ერთმანეთისგან. მაგრამ იცოდა, რომ ის, რასაც ასწავლიდა, ზოგიერთ ოჯახში განხეთქილების მიზეზი გახდებოდა. ამიტომ, ვისაც ქრისტეს მიმდევრობა და ნათლობა სურდა, უნდა სცოდნოდა, რა შედეგი შეიძლება გამოეწვია მის ამ გადაწყვეტილებას. მეუღლის ან ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა მას ქრისტეს მცნებების დაცვას გაურთულებდა.
ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, ყველასთან მშვიდობიანად იყვნენ (რომ. 12:18). მაგრამ იესოს სწავლებებმა შეიძლება მახვილივით იმოქმედოს ანუ მშვიდობა დაარღვიოს ოჯახში. ასე მაშინ ხდება, როცა ოჯახიდან ვინმე ქრისტეს სწავლებების თანახმად იწყებს ცხოვრებას, სხვები კი არ იღებენ და აკრიტიკებენ კიდეც ამ სწავლებებს. ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრები მტრებად ექცევიან მას, ვინც ჭეშმარიტებას სწავლობს (მათ. 10:36).
რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში დროდადრო იქმნება ისეთი სიტუაციები, როცა იეჰოვასა და იესოსადმი ქრისტეს მიმდევრების სიყვარული იცდება. მაგალითად, ნათესავებმა შეიძლება მათ მოსთხოვონ რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობა. ამ დროს ისინი სერიოზული არჩევანის წინაშე დგებიან, ვის დაუჭერენ მხარს. იესომ თქვა: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის“ (მათ. 10:37). ცხადია, იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ მის ღირსად ვერ ჩავითვლებით, თუ ძალიან გვიყვარს მშობლები. მან უბრალოდ დაგვანახვა, რა უნდა იყოს ჩვენთვის უმთავრესი. თუ ოჯახის წევრები ხელს გვიშლიან იეჰოვას მსახურებაში, ჩვენ მაინც გვიყვარს ისინი, მაგრამ მათ გამო უარს არ ვამბობთ ღმერთზე.
ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა შეიძლება რთული ასატანი იყოს, მაგრამ ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებს, ყოველთვის გვახსოვს იესოს სიტყვები: „ვინც არ იღებს თავის წამების ძელს და არ მომყვება, ჩემი ღირსი არ არის“ (მათ. 10:38). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა იმ სირთულეებს შორისაა, რომლებსაც ქრისტიანული ცხოვრების გზაზე ვხვდებით. ამავე დროს იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენმა კარგმა საქციელმა შეიძლება გული მოულბოს ოჯახის წევრებს და აღძრას კიდეც, დაინტერესდნენ ბიბლიური ცნობით (1 პეტ. 3:1, 2).