საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w23 თებერვალი გვ. 2-7
  • რას გვიმჟღავნებს ბიბლია თავის ავტორზე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას გვიმჟღავნებს ბიბლია თავის ავტორზე?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲝᲑᲐᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ
  • ᲓᲐᲐᲤᲐᲡᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲩᲣᲥᲐᲠᲘ
  • ნამდვილად ღმერთისგან არის თუ არა ბიბლია?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვესაუბრება
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მართლა ღვთისგან არის სასიხარულო ცნობა?
    სასიხარულო ცნობა ღვთისგან
  • ღვთის სიტყვაში ასახული სიბრძნე
    დაუახლოვდი იეჰოვას
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
w23 თებერვალი გვ. 2-7

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 6

რას გვიმჟღავნებს ბიბლია თავის ავტორზე?

„ჩაწერე წიგნში ყველაფერი, რასაც გეუბნები“ (ᲘᲔᲠ. 30:2).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 96 ღვთის წიგნი საუნჯეა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa

1. რატომ აფასებთ ბიბლიას?

ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ სახით რამხელა საჩუქარი გაგვიკეთა იეჰოვამ! მისი მეშვეობით ის გვაძლევს ბრძნულ რჩევებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად და მომავლის შესანიშნავ იმედსაც გვისახავს. რაც ყველაზე მთავარია, ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა გვაცნობს თავს. როცა ღვთის საოცარ თვისებებს უკეთ ვეცნობით, გული სითბოთი გვევსება და სურვილი გვიჩნდება, რომ დავუახლოვდეთ და დავუმეგობრდეთ მას (ფსალმ. 25:14).

2. როგორ აცნობდა იეჰოვა თავს ადამიანებს?

2 იეჰოვას სურს, ვიცნობდეთ მას. ის წარსულში სიზმრების, ხილვებისა და ზოგჯერ ანგელოზების მეშვეობითაც აცნობდა თავს ადამიანებს (რიცხ. 12:6; საქ. 10:3, 4). ფაქტია, ამის შესახებ ჩვენ ვერ გავიგებდით, იეჰოვას წერილობით რომ არ შემოენახა ის ყველაფერი, რაც უნდა გვცოდნოდა (იერ. 30:2). გვჯერა, რომ მან საუკეთესო მეთოდი აირჩია ჩვენთან საურთიერთოდ, რადგან „სრულყოფილია ღვთის გზა“ (ფსალმ. 18:30).

3. როგორ იზრუნა იეჰოვამ იმაზე, რომ ბიბლიას ჩვენამდე მოეღწია? (ესაია 40:8).

3 წაიკითხეთ ესაიას 40:8. საუკუნეების მანძილზე მრავალი ღვთისმოშიში ადამიანი ხელმძღვანელობდა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი სანდო რჩევებით. როგორ გახდა ეს შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მალფუჭებად მასალაზე შესრულებული წმინდა წერილების დედნები დიდი ხნის წინ განადგურდა? იეჰოვამ იზრუნა, რომ ამ ხელნაწერების ასლები გაკეთებულიყო. მართალია, გადამწერები უშეცდომოები არ იყვნენ, მაგრამ ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს. ებრაული წერილების შესახებ ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არცერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა“. შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ დროის სვლის, გამოყენებული მასალისა და გადამწერთა შეცდომების მიუხედავად ბიბლიაში მისი ავტორის, იეჰოვას აზრები ზუსტადაა გადმოცემული.

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ იეჰოვასგანაა (იაკ. 1:17). ერთ-ერთი საუკეთესო ძღვენი სწორედ ბიბლიაა. საჩუქარი ყოველთვის რაღაცას გვეუბნება მის მბოძებელზე, მაგალითად, რამდენად კარგად გვიცნობს და იცის ჩვენი საჭიროებები. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაზეც. როცა მას ვიკვლევთ, ვხვდებით, რამდენად კარგად გვიცნობს იეჰოვა და ვხედავთ, რომ ზუსტად იცის, რა გვჭირდება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რას გვიმჟღავნებს ბიბლია იეჰოვას სამ თვისებაზე: სიბრძნეზე, სამართლიანობასა და სიყვარულზე. მოდი ჯერ ღვთის სიბრძნეზე ვისაუბროთ.

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ

5. როგორ მეტყველებს ბიბლია ღვთის სიბრძნეზე?

5 იეჰოვამ იცის, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მისი რჩევები. ამიტომ თავისი სიტყვა, ბიბლია, სიბრძნის საგანძურად აქცია. ბიბლიური რჩევების გამოყენებამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. როცა ბიბლიის პირველი წიგნები იწერებოდა, მოსემ ღვთის რჩეულ ხალხს, ისრაელს, უთხრა: „ეს არ არის უბრალო სიტყვები, ის თქვენს სიცოცხლეს ნიშნავს!“ (კან. 32:47). ვინც წმინდა წერილებში ჩაწერილს ითვალისწინებდა, ბედნიერი იყო და ყველაფერში ხელი ემართებოდა (ფსალმ. 1:2, 3). დროის სვლამ ვერ დაუკარგა ძალა ღვთის სიტყვას. ის კვლავაც სასიკეთოდ მოქმედებს მორწმუნეებზე (1 თეს. 2:13). ამაზე მოწმობს jw.org-ზე განთავსებული სტატიათა სერია „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“, რომელიც 50-ზე მეტი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს.

6. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბიბლიას ბადალი არ მოეპოვება?

6 ღვთის სიტყვას ბადალი არ მოეპოვება. და ეს იმიტომ, რომ მისი ავტორი იეჰოვა ყოვლისშემძლე, მარადიული და შეუდარებელი სიბრძნის მფლობელია. სხვა წიგნების ავტორები ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები იყვნენ და დროსთან ერთად მათმა ნაშრომებმა აქტუალურობა დაკარგეს. ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები კი მარადიულია და ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრები ადამიანისთვისაა გამოსადეგი. როცა მას ვკითხულობთ და ვუფიქრდებით, მისი ავტორი თავისი წმინდა სულით გვანახვებს, როგორ გამოვიყენოთ ამოკითხული რჩევები (ფსალმ. 119:27; მალ. 3:16; ებრ. 4:12). დიახ, ბიბლიის მარად ცოცხალი ავტორი მზადაა ჩვენ დასახმარებლად. ამის ცოდნა სტიმულს გვაძლევს, ყოველდღე ვიკითხოთ მისი სიტყვა.

ფოტოკოლაჟი: 1) ბიბლიის სხვადასხვა ფორმატი: გრაგნილები, კოდექსები, წიგნები და ელექტრონული ვერსიები; 2) სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები სხვადასხვა გარემოში (სახლი, სამსახური, საზოგადოებრივი ტრანსპორტი) კითხულობენ ბიბლიას როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით.

როგორ აერთიანებდა ბიბლია ღვთის ხალხს წარსულში და როგორ აერთიანებს დღეს? (იხილეთ აბზაცები 7, 8).

7. როგორ უწყობდა ხელს ბიბლია ღვთის ხალხის ერთსულოვნებას წარსულში?

7 იეჰოვას სიბრძნეზე ისიც მეტყველებს, თუ როგორ უწყობდა ხელს წმინდა წერილები ოდითგანვე ღვთის ხალხის ერთსულოვნებას. აღთქმულ მიწაზე ისრაელები დიდ ტერიტორიაზე დასახლდნენ. ზოგმა მეთევზეობას, მესაქონლეობასა თუ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ამის გამო შეიძლება სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ებრაელებს შორის კავშირი გაწყვეტილიყო და ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაეკარგათ. მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, რომ ისინი დროდადრო ერთად შეკრებილიყვნენ მისი სიტყვის მოსასმენად და მასზე სამსჯელოდ (კან. 31:10—13; ნეემ. 8:2, 8, 18). წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად ჩასულ ებრაელს, როცა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მილიონობით თანამემამულეს დაინახავდა. ღვთის ხალხი ასე ინარჩუნებდა ერთსულოვნებას. მოგვიანებით ქრისტიანულ კრებაში გაერთიანდა სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქალი თუ კაცი. მაგრამ ისინი წმინდა წერილების სიყვარულმა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანსაცემად გააერთიანა. თავისით, თანაქრისტიანებისა და კრების შეხვედრების გარეშე, ვერავინ ჩასწვდებოდა ღვთის სიტყვას (საქ. 2:42; 8:30, 31).

8. როგორ აერთიანებს ბიბლია ღვთის ხალხს დღეს?

8 ჩვენი ბრძენი ღმერთი ბიბლიის მეშვეობით დღესაც ასწავლის და აერთიანებს თავის ხალხს. სწორედ ბიბლიაა იმ სულიერი საზრდოს წყარო, რომელსაც დღეს უხვად ვიღებთ. ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით კრების შეხვედრებზე და კონგრესებზე წმინდა წერილების წასაკითხად და განსახილველად. ასე რომ, ბიბლია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმაში, რომ ღვთის განზრახვისამებრ მისი მსახურები „ერთსულოვნად ემსახურონ მას“ (სოფ. 3:9).

9. რა თვისებაა აუცილებელი ბიბლიის გასაგებად? (ლუკა 10:21).

9 იეჰოვას სიბრძნეზე ისიც მეტყველებს, რომ ამ წიგნში ჩაწერილი ბევრი რამის გაგებას მხოლოდ თავმდაბალი მკითხველი თუ შეძლებს (წაიკითხეთ ლუკას 10:21). დღეს ბიბლიას ძალიან ბევრი კითხულობს. ერთმა სწავლულმა სწორად აღნიშნა: „ამდენი მკითხველი სხვა არცერთ წიგნს არ ჰყავს და ასე გულდასმით სხვა არცერთ წიგნს არ კითხულობენ“. და მაინც, მხოლოდ თავმდაბლებს შეუძლიათ ჩასწვდნენ ბიბლიაში ჩაწერილს და გამოიყენონ ცხოვრებაში (2 კორ. 3:15, 16).

10. კიდევ რა მეტყველებს იეჰოვას სიბრძნეზე?

10 იეჰოვას სიბრძნეზე სხვა რამეც მეტყველებს. წმინდა წერილების მეშვეობით იეჰოვა არა მხოლოდ თავის ხალხს ასწავლის, როგორც ჯგუფს, არამედ თითოეულ ჩვენგანს გვმოძღვრავს და გვანუგეშებს. როცა ღვთის სიტყვას ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ ის პირადად ჩვენითაა დაინტერესებული (ეს. 30:21). ალბათ, არაერთხელ გქონიათ ისეთი სიტუაცია, როცა პრობლემის დროს წმინდა წერილებისთვის მიგიმართავთ და სწორედ ის მუხლი წაგიკითხავთ, რომელიც თქვენს სიტუაციას მიესადაგებოდა. მსგავსი რამ მილიონებს უგრძნიათ. რა განაპირობებს იმას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები თითოეული ადამიანის საჭიროებებს ერგება? ისევ და ისევ ის, რომ მისი ავტორი უბადლო სიბრძნის მფლობელია (2 ტიმ. 3:16, 17).

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲝᲑᲐᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ

11. როგორ გამოჩნდა იეჰოვას მიუკერძოებლობა ბიბლიის წერისას?

11 იეჰოვა სამართლიანიცაა (კან. 32:4). სამართლიანობა მჭიდრო კავშირშია მის კიდევ ერთ თვისებასთან, მიუკერძოებლობასთან (საქ. 10:34, 35; რომ. 2:11). იეჰოვას მიუკერძოებლობაზე ისიც მეტყველებს, თუ რა ენები აირჩია თავისი სიტყვის დასაწერად. პირველი 39 წიგნი, ძირითადად, ღვთის ხალხის მშობლიურ ენაზე, ებრაულზე დაიწერა. თუმცა ბიბლიის ბოლო 27 წიგნი ბერძნულად დაიწერა, ახ. წ. I საუკუნის საერთაშორისო ენაზე. დღეს მსოფლიო მოსახლეობა, რომელიც 8 მილიარდს აღწევს, უამრავ ენაზე საუბრობს. როგორ უნდა გაიცნოს ამდენ ენაზე მოლაპარაკე ხალხმა იეჰოვა?

12. როგორ სრულდება დანიელის 12:4 ბოლო დღეებში?

12 დანიელის მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტი ცოდნა უკანასკნელ დროს გამრავლდებოდა და ბევრი ჩასწვდებოდა მას (წაიკითხეთ დანიელის 12:4). ამ ცოდნის გამრავლებას ხელი შეუწყო ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის თარგმნამ, გამოცემამ და გავრცელებამ. დღესდღეობით ბიბლია ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი და ფართოდ გავრცელებული წიგნია. კომერციულად გამოცემული ბიბლიის თარგმანები ხშირად ძალიან ძვირი ღირს. იეჰოვას ხალხმა კი დღემდე ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ 240-ზე მეტ ენაზე თარგმნა; ნებისმიერ მსურველს შეუძლია უსასყიდლოდ მიიღოს ამ თარგმანის ეგზემპლარი. ამის წყალობით „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ დღეს ყველა ერის ხალხი ეხმაურება (მათ. 24:14). ჩვენს სამართლიან ღმერთს ძალიან უყვარს ადამიანები და სურს, რაც შეიძლება მეტმა გაიცნოს ის ბიბლიის მეშვეობით.

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲖᲔ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ

13. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბიბლია იეჰოვას სიყვარულზე მეტყველებს? (იოანე 21:25).

13 ბიბლია თავისი ავტორის უდიდეს თვისებაზე, სიყვარულზეც, მეტყველებს (1 იოან. 4:8). ეს იქიდანაც ჩანს, თუ რა ინფორმაცია შეიტანა იეჰოვამ თავის სიტყვაში. მან ბიბლიაში ის ინფორმაცია ჩააწერინა, რაც მასთან დასაახლოებლად, ბედნიერი ცხოვრებისთვის და მარადიული სიცოცხლის მისაღებად გვჭირდება. იეჰოვას ვუყვარვართ და ამიტომ არ გვტვირთავს არასაჭირო დეტალებით (წაიკითხეთ იოანეს 21:25).

14. კიდევ როგორ ადასტურებს ბიბლია იმას, რომ ღმერთს ვუყვარვართ?

14 ბიბლიის კითხვისას იმასაც ვხვდებით, რომ იეჰოვა გვაფასებს როგორც მოაზროვნე ქმნილებებს. ბიბლია წესების კრებული არაა, რომ ჩვენი ყოველი ფეხის ნაბიჯი გააკონტროლოს. ის გაჯერებულია რეალური შემთხვევებით, ამაღელვებელი წინასწარმეტყველებებითა და პრაქტიკული რჩევებით, რომლებიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ამგვარად ეს წიგნი მკითხველს აყვარებს მის ავტორს და სურვილს უჩენს, რომ მთელი გულით დაემორჩილოს.

ფოტოკოლაჟი: 1) გოგონა კითხულობს წიგნს „იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში“ და ფიქრობს პატარა ებრაელ გოგონაზე, რომელიც თავისი ბატონის ცოლს ესაუბრება; 2) ახალგაზრდა ძმა კითხულობს ბიბლიას და ფიქრობს, როგორ გაექცა იოსები ფოტიფარის ცოლს; 3) ხანდაზმული და კითხულობს ბიბლიას და ფიქრობს, წინასწარმეტყველ ანაზე, რომელმაც ტაძარში ახალშობილი იესო ნახა.

რატომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა წარსულში თავის მსახურებს? (დაბ. 39:1, 10—12; 2 მეფ. 5:1—3; ლუკ. 2:25—38) (იხილეთ აბზაცი 15).

15. ა) როგორ მეტყველებს ბიბლიური ისტორიები, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ ვართ? ბ) რომელ ბიბლიურ პერსონაჟებს წარმოისახავენ სურათზე ნაჩვენები გოგონა, ახალგაზრდა ძმა და ხანდაზმული და?

15 ბიბლიაში მრავლად ვხვდებით ცხოვრებისეულ ისტორიებსა და ადამიანურ გრძნობებს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ არის, რას განვიცდით და ვგრძნობთ. ჩვენ ადვილად შეგვიძლია ბიბლიური პერსონაჟების ადგილას წარმოვიდგინოთ თავი, რადგან მათაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდათ (იაკ. 5:17). და რაც მთავარია, როცა ვიგებთ, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ჩვენნაირ ადამიანებს, უკეთ ვხვდებით, „როგორი თანამგრძნობი და როგორი გულმოწყალეა!“ (იაკ. 5:11).

16. რას ვიგებთ ბიბლიიდან შემცოდველების მიმართ იეჰოვას დამოკიდებულებაზე? (ესაია 55:7).

16 იეჰოვა სხვა მხრივაც ავლენს ჩვენდამი სიყვარულს. როგორც წმინდა წერილებიდან ვიგებთ, ის მაშინაც კი არ გვტოვებს, როცა შეცდომებს ვუშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებმა არაერთხელ შესცოდეს ღმერთს, ყოველ ჯერზე, როცა მთელი გულით ინანიებდნენ, იეჰოვა პატიობდა მათ (წაიკითხეთ ესაიას 55:7). თავისი ხალხისადმი დამოკიდებულება იეჰოვას არც ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ შეუცვლია. ღვთის შთაგონებით პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა, რომ ეპატიებინათ სერიოზული ცოდვის ჩამდენისთვის, რომელმაც მოინანია, და ენუგეშებინათ (2 კორ. 2:6, 7; 1 კორ. 5:1—5). ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა ზურგს არ აქცევდა თავის მსახურებს დაშვებული შეცდომების გამო. პირიქით, სიყვარულით უწვდიდა მათ დახმარების ხელს, რომ გამოსწორებულიყვნენ და მას დაბრუნებოდნენ. დღეს ის იმავეს ჰპირდება ყველა მომნანიებელ შემცოდველს (იაკ. 4:8—10).

ᲓᲐᲐᲤᲐᲡᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲩᲣᲥᲐᲠᲘ

17. რატომ არის ბიბლია შესანიშნავი საჩუქარი?

17 იეჰოვამ ბიბლიის სახით ნამდვილად შესანიშნავი საჩუქარი გვიბოძა. რატომ ვამბობთ ამას? როგორც ამ სტატიიდან გავიგეთ, ბიბლია ღვთის სიბრძნეზე, სამართლიანობასა და სიყვარულზე მეტყველებს და იმაშიც გვარწმუნებს, რომ იეჰოვას სურს, გავეცნოთ და დავუმეგობრდეთ მას.

18. საიდან გამოჩნდება, რომ მადლიერები ვართ ღვთისგან ბოძებული საჩუქრისთვის?

18 არ გვინდა, ჩვენს თვალში ღვთის ამ საჩუქარმა ოდესმე ფასი დაკარგოს (იაკ. 1:17). მადლიერებას იმით გამოვხატავთ, თუ გულდასმით წავიკითხავთ ბიბლიაში ჩაწერილ ძვირფას სიტყვებს და ვიფიქრებთ წაკითხულზე. გვჯეროდეს, რომ მისი დიდებული ავტორი აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას და შევიძენთ ცოდნას მის შესახებ (იგავ. 2:5).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ . . .

  • სიბრძნეზე?

  • სამართლიანობაზე?

  • სიყვარულზე?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 98 ბიბლია — ღვთისგან შთაგონებული წიგნი

a ბიბლია გვეხმარება, დავუახლოვდეთ იეჰოვას. რას გვიმჟღავნებს ეს წმინდა წიგნი ღვთის სიბრძნის, სამართლიანობისა და სიყვარულის შესახებ? ამ კითხვაზე პასუხი მადლიერებას გაგვიღრმავებს ღვთის სიტყვისადმი და დაგვეხმარება, ეს წიგნი ჩვენი ზეციერი მამის საჩუქრად მივიჩნიოთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება