საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 ივლისი გვ. 8-13
  • არჩევთ სიმართლეს სიცრუისგან?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არჩევთ სიმართლეს სიცრუისგან?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲒᲐᲕᲐᲠᲩᲘᲝᲗ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ ᲡᲘᲪᲠᲣᲘᲡᲒᲐᲜ
  • ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲓ ᲘᲓᲔᲥᲘᲗ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲡ
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ყურად იღეთ მოსეს, დავითისა და იოანეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • კიდევ უფრო დააფასეთ იეჰოვას ორგანიზაცია!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 ივლისი გვ. 8-13

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 28

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

არჩევთ სიმართლეს სიცრუისგან?

„მტკიცედ იდექით ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი“ (ᲔᲤᲔᲡ. 6:14).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

Მართალია, ჩვენ ვიცით ჭეშმარიტება, მაგრამ სატანა და მისი მომხრეები ცდილობენ, შეცდომაში შეგვიყვანონ. ამ სტატიიდან დავინახავთ, რა დაგვეხმარება, სიმართლე სიცრუისგან გავარჩიოთ.

1. რატომ აფასებთ ჭეშმარიტებას?

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ თაყვანისმცემლები ძალიან ვაფასებთ ჭეშმარიტებას, რომელიც ღვთის სიტყვიდან გავიგეთ. სწორედ ისაა ჩვენი რწმენის საფუძველი (რომ. 10:17). ჩვენ დავრწმუნდით, რომ იეჰოვამ „ჭეშმარიტების სვეტად და ბურჯად“ ქრისტიანული კრება აირჩია (1 ტიმ. 3:15). ამასთანავე, სიხარულით ვემორჩილებით მათ, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ და ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს გვაძლევენ (ებრ. 13:17).

2. რა საფრთხის წინაშე ვდგავართ? (იაკობი 5:19).

2 მართალია, ჭეშმარიტებაც ვიცით და იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვხელმძღვანელობს, მაგრამ მაინც შეიძლება შევცდეთ და სწორი გზიდან გადავუხვიოთ (წაიკითხეთ იაკობის 5:19). სატანის მიზანიც ხომ სწორედ ისაა, რომ ბიბლიისა და ღვთის ორგანიზაციისადმი ნდობა შეგვირყიოს (ეფეს. 4:14).

3. რატომაა მნიშვნელოვანი, ბიბლიიდან ნასწავლის თანახმად ვიცხოვროთ? (ეფესოელები 6:13, 14).

3 წაიკითხეთ ეფესოელების 6:13, 14. ძალიან მალე სატანა მძლავრი პროპაგანდის მეშვეობით მთელ ერებს აუმხედრებს იეჰოვას (გამოცხ. 16:13, 14). ის მეტად შეეცდება იეჰოვას ხალხის შეცდომაში შეყვანასაც (გამოცხ. 12:9). ამიტომ მნიშვნელოვანია, სიმართლის სიცრუისგან გარჩევა შეგვეძლოს და ბიბლიიდან ნასწავლის თანახმად ვიცხოვროთ (რომ. 6:17; 1 პეტ. 1:22). დიდი გასაჭირის გადატანას მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ.

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ამ სტატიაში თავიდან იმაზე ვისაუბრებთ, რა თვისებებია აუცილებელი, რომ გავარჩიოთ სიმართლე სიცრუისგან და მივყვეთ ღვთის ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. შემდეგ კი განვიხილავთ რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეს.

ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲒᲐᲕᲐᲠᲩᲘᲝᲗ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ ᲡᲘᲪᲠᲣᲘᲡᲒᲐᲜ

5. რატომ უადვილდება ღვთისმოშიშ ადამიანს სიმართლის სიცრუისგან გარჩევა?

5 ღვთისმოშიშება. ღვთისმოშიშ ადამიანს უყვარს იეჰოვა, ამიტომ არ უნდა, რაიმეთი გული ატკინოს. ის ყველანაირად ცდილობს, ჩასწვდეს, რა არის ღვთის თვალში სწორი და არასწორი და გაარჩიოს სიმართლე სიცრუისგან (იგავ. 2:3–6; ებრ. 5:14). ღვთისმოშიში ადამიანისთვის მთავარი ისაა, რომ იეჰოვას ასიამოვნოს. ამიტომ კაცთმოშიშების გამო ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც იეჰოვასთვის მიუღებელია.

6. რა დაემართა ათ თავკაცს?

6 თუ კაცთმოშიშება გვძლევს, შეიძლება იეჰოვას ხსნის ძალაში დავეჭვდეთ. ვნახოთ, რა მოხდა, როცა 12 თავკაცი აღთქმული მიწის დასაზვერად წავიდა. ათ მათგანს ისე შეეშინდა ქანაანელების, რომ უკან დაბრუნებულებმა ხალხს უთხრეს: „ჩვენ ვერ გავილაშქრებთ მათ წინააღმდეგ; ისინი ჩვენზე ძლიერები არიან“ (რიცხ. 13:27–31). ერთი შეხედვით ქანაანელები მართლაც იყვნენ ისრაელზე ძლიერები, მაგრამ ეს თავკაცები სრულ სურათს ვერ ხედავდნენ. მათ მხედველობიდან გამორჩათ, რომ მათ გვერდით ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, იყო და მასთან ქანაანელები ვერაფერს გახდებოდნენ. რატომ დაემართათ ეს? როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, რომ აღთქმული მიწის დაპყრობა იეჰოვას დავალება იყო და არც იმაზე ფიქრობდნენ, როგორ სასწაულებრივად გამოიყვანა მან ისინი ეგვიპტიდან სულ ცოტა ხნით ადრე. მაგრამ მათგან განსხვავებით იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძისთვის მთავარი იეჰოვას ნება იყო. ამიტომაც უთხრეს ხალხს: „თუ იეჰოვა ჩვენ მხარესაა, აუცილებლად დაგვამკვიდრებინებს იმ მიწას“ (რიცხ. 14:6–9).

7. რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო ღვთისმოშიშები გავხდეთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 უფრო ღვთისმოშიშები რომ გავხდეთ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დავფიქრდეთ, რა იქნება მოსაწონი იეჰოვასთვის (ფსალმ. 16:8). ეს რომ შევძლოთ, ბიბლიის კითხვის დროს უნდა დავფიქრდეთ: „მე როგორ მოვიქცეოდი ამ სიტუაციაში?“. მაგალითად, რა რეაქცია გვექნებოდა ჩვენც რომ მოგვესმინა ათი თავკაცის სიტყვები? ფაქტია, მაშინ თითქმის ვერავინ შეძლო სიმართლის სიცრუისგან გარჩევა, ამიტომ იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის კი არა, ამ ათი თავკაცის ნათქვამი დაიჯერეს. ამის გამო ისინი ვერ შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. ჩვენც ხომ არ დავიჯერებდით მათ ნათქვამს და შიში ხომ არ შეგვიპყრობდა? თუ შიშზე გაცილებით ძლიერი ჩვენთვის იეჰოვას მოსაწონად მოქცევის სურვილი აღმოჩნდებოდა? (რიცხ. 14:10, 22, 23).

იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ცდილობენ, დააშოშმინონ ებრაელები, რომლებიც მათ ჩაქოლვას აპირებენ. უკან ღრუბლის სვეტი ჩანს.

თქვენ ვის დაუჯერებდით? (იხილეთ აბზაცი 7)


8. რა თვისება გვჭირდება და რატომ?

8 თავმდაბლობა. იეჰოვა მხოლოდ თავმდაბლებს უმჟღავნებს ჭეშმარიტებას (მათ. 11:25). თავმდაბლობის გარეშე ვერ გავაცნობიერებდით, რომ ჭეშმარიტების გასაგებად სხვების დახმარება გვჭირდებოდა (საქ. 8:30, 31). თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ სიამაყე არ შემოგვეპაროს და იმდენად არ გავხდეთ დარწმუნებული საკუთარი შეხედულებების სისწორეში, რომ ბიბლიური პრინციპები და იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებული მითითებები მხედველობიდან გამოგვრჩეს.

9. როგორ შევინარჩუნოთ თავმდაბლობა?

9 თავმდაბლობა რომ შევინარჩუნოთ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რა მდგომარეობა გვიკავია იეჰოვასთან შედარებით და როგორი აღმატებულია ის (ფსალმ. 8:3, 4). იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისგან სასწავლად. ამ შემთხვევაში შევძლებთ, მისი აზრები, რომლებსაც ის ბიბლიისა და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიმხელს, საკუთარ შეხედულებებზე წინ დავაყენოთ. გარდა ამისა, ბიბლიის კითხვის დროს უნდა დავუკვირდეთ, საიდან ჩანს, რომ იეჰოვა აფასებს თავმდაბლობას, სიამაყე და ამპარტავნობა კი სძულს. ამ ყველაფრის გაკეთება და სიფრთხილის გამოჩენა განსაკუთრებით მაშინ გვმართებს, თუ რაიმე საპასუხისმგებლო დავალებას მოგვანდობენ.

ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲓ ᲘᲓᲔᲥᲘᲗ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲡ

10. როგორ უწევს იეჰოვა დღემდე თავის ხალხს ხელმძღვანელობას?

10 კვლავაც ენდეთ იეჰოვას ორგანიზაციას. ძველად იეჰოვა თავის ხალხს ჯერ მოსეს, შემდეგ კი იესო ნავეს ძის მეშვეობით ხელმძღვანელობდა (იეს. 1:16, 17). როცა ერი ემორჩილებოდა მათ, საქმეც კარგად მისდიოდათ. პირველ საუკუნეში, ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ, ღვთის ხალხს 12 მოციქული უწევდა ხელმძღვანელობას (საქ. 8:14, 15). მოგვიანებით ამ ჯგუფს იერუსალიმში მცხოვრები უხუცესებიც შეემატნენ. იმის წყალობით, რომ ქრისტიანები მიჰყვებოდნენ მათგან მიღებულ მითითებებს, „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:4, 5). იეჰოვა დღესაც გვიწევს ხელმძღვანელობას თავისი ორგანიზაციის მეშვეობით და მოელის, რომ მის მიერ დანიშნული ძმების მითითებებს გავითვალისწინებთ. ამიტომ დავფიქრდეთ, რას გრძნობს იეჰოვა, როცა ვინმე ასე არ იქცევა და გავიხსენოთ, რა მოხდა აღთქმული მიწის დამკვიდრებამდე.

11. რა დაემართათ ურჩ ებრაელებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 სანამ ისრაელი ერი აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდა, ზოგი რჩეული და სახელოვანი კაცი მოსეს აუმხედრდა. მათ ეჭვქვეშ დააყენეს მოსესთვის იეჰოვასგან ბოძებული უფლებამოსილება. აი რა თქვეს მათ: „მთელი ხალხი წმინდაა და იეჰოვაა მათ შორის. რატომ გაბატონდით იეჰოვას ხალხზე?!“ (რიცხ. 16:1–3). ხალხი მართლაც წმინდა იყო იეჰოვას თვალში, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მათ ხელმძღვანელად მოსე თავად მას ჰყავდა არჩეული (რიცხ. 16:28). ამიტომ ისინი, ფაქტობრივად, იეჰოვას დაუპირისპირდნენ. ძალაუფლებისა და აღიარების სურვილმა ეს კაცები ისე დააბრმავა, რომ მხედველობიდან გამორჩათ იეჰოვას ნება. ამიტომ იეჰოვამ დასაჯა როგორც ისინი, ისე ათასობით მათი მომხრე (რიცხ. 16:30–35, 41, 49). იეჰოვას დღესაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ვინც უპატივცემულობას ავლენს მისი ორგანიზაციისადმი.

მოსე და აარონი კლდოვან ადგილას დგანან, გამწარებული ებრაელები კი უყვირიან მათ და მუშტებს უღერებენ.

თქვენ ვის დაუჭერდით მხარს? (იხილეთ აბზაცი 11)


12. რა გვაძლევს ღვთის ორგანიზაციის ნდობის საფუძველს?

12 რა გვაძლევს ღვთის ორგანიზაციის ნდობის საფუძველს? ხელმძღვანელი საბჭო არასდროს იხევს უკან, როცა ხედავს, რომ გარკვეული ბიბლიური საკითხი განახლებულ ახსნას საჭიროებს ან ორგანიზაციული ცვლილებაა მოსახდენი (იგავ. 4:18). რატომ იქცევიან ეს ძმები ასე? მათთვის უმთავრესი ისაა, რომ ყველაფერი ღვთის მოსაწონად ხდებოდეს. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი გადაწყვეტილებები ჩვენს მთავარ სახელმძღვანელოზე, ბიბლიაზე, დააფუძნონ.

13. ა) რა იგულისხმება „ჯანსაღ მოძღვრებაში“? ბ) ჩვენგან რისი გაკეთება მოითხოვება?

13 ჩაეჭიდეთ „ჯანსაღ მოძღვრებას“ (2 ტიმ. 1:13). „ჯანსაღ მოძღვრებაში“ იგულისხმება ყველაფერი, რაც ქრისტემ გვასწავლა და რაც ბიბლიაში წერია (იოან. 17:17). სწორედ მას ეფუძნება მთელი ჩვენი მრწამსი. ორგანიზაციაც ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ არ ავცდეთ ამ მოძღვრებას, რადგან ჩვენი სულიერი კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული.

14. რა დაემართა ზოგ ქრისტიანს პირველ საუკუნეში?

14 რა შეიძლება მოხდეს, თუ არ ვიხელმძღვანელებთ „ჯანსაღი მოძღვრებით“? მოდი ეს თესალონიკელი ქრისტიანების მაგალითზე ვნახოთ. პირველ საუკუნეში ქრისტიანებს შორის ხმა დაირხა, უკვე დადგაო იეჰოვას დღე. როგორც ჩანს, ამ ჭორის საფუძველი ერთი წერილი გახდა, რომლის ავტორობასაც პავლეს მიაწერდნენ. ეს ჭორი ზოგმა თესალონიკელმა ქრისტიანმაც დაიჯერა და მისი გავრცელებაც კი დაიწყო ისე, რომ არ გადაამოწმა ფაქტები. რატომ მოტყუვდნენ? იმიტომ რომ, არ გაიხსენეს ის, რაც უშუალოდ პავლესგან ჰქონდათ ნასწავლი (2 თეს. 2:1–5). ამიტომ პავლემ გააფრთხილა ისინი, რომ არ დაეჯერებინათ ყველაფერი, რასაც გაიგებდნენ. ხოლო იმისთვის, რომ მსგავსი რამ სამომავლოდ აღარ დამართნოდათ, წერილის ბოლოს მისწერა: „მოკითხვას გწერთ მე, პავლე, ჩემი ხელით, რითაც ამოიცნობა ჩემი წერილები. აი, ასე ვწერ“ (2 თეს. 3:17).

15. როგორ დავიცვათ თავი სიცრუისგან? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათები).

15 თესალონიკელებისთვის მიცემული პავლეს რჩევა ჩვენთვისაც საყურადღებოა. ჩვენც გვმართებს გამჭრიახობის გამოვლენა, თუ რაიმე სენსაციურ ამბავს ან ისეთ რამეს გავიგებთ, რაც არ შეესაბამება ბიბლიიდან ნასწავლს. ვნახოთ, რა მოხდა საბჭოთა კავშირში. ერთხელ მთავრობის წარმომადგენლებმა ჩვენს ძმებს, თითქოსდა, მთავარი სამმართველოდან გამოგზავნილი წერილი გადასცეს, რომელიც საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა. ამ წერილში იყო მოწოდება, რომ მათ ცალკე ორგანიზაცია შეექმნათ. თუმცა ერთგულ ძმებს გამჭრიახობა ეყოთ და მიხვდნენ, რომ წერილის შინაარსი არ შეესაბამებოდა იმას, რაც ბიბლიიდან ჰქონდათ ნასწავლი. ღვთის მტრები დღესაც ცდილობენ, შეცდომაში შეგვიყვანონ და ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოაგდონ, რისთვისაც აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. თუმცა, თუ მოსმენილსა და წაკითხულს ბიბლიიდან ნასწავლს შევადარებთ, ადვილად არ აგვებნევა თავგზა (2 თეს. 2:2; 1 იოან. 4:1).

ფოტოკოლაჟი: 1) საბჭოთა კავშირის დროს ერთი ძმა სახლში შეკრებილ ძმებს აჩვენებს, თითქოსდა, მთავარი სამმართველოდან მიღებულ წერილს; 2) თანამედროვე დროს ერთი ძმა მეგობრულ შეხვედრაზე შეკრებილ და-ძმებს აჩვენებს იეჰოვას მოწმეებზე ინტერნეტში განთავსებულ ვიდეოს.

ნუ მოგატყუებთ, ერთი შეხედვით, დამაჯერებელი ინფორმაცია! (იხილეთ აბზაცი 15)a


16. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ზოგი ზურგს შეაქცევს ჭეშმარიტებას? (რომაელები 16:17, 18).

16 ნუ ჩამოშორდებით იეჰოვას ერთგულ მსახურებს. იეჰოვას სურს, რომ მისი ხალხი ერთსულოვნად სცემდეს თაყვანს. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მტკიცედ ვიდგებით ჭეშმარიტების მხარეს. ამიტომ, როგორც იეჰოვა გვაფრთხილებს, უნდა ვერიდოთ მათთან ურთიერთობას, ვინც ზურგს აქცევს ჭეშმარიტებას და კრებაში განხეთქილება შემოაქვს (წაიკითხეთ რომაელების 16:17, 18).

17. რატომაა მნიშვნელოვანი ამ სტატიაში განხილული რჩევების გათვალისწინება?

17 როგორც დავინახეთ, თუ გვინდა, რომ რწმენა არ შეგვერყეს და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ, უნდა შეგვეძლოს სიმართლის სიცრუისგან გარჩევა და ჭეშმარიტების მხარეს მტკიცედ დგომა (ეფეს. 4:15, 16). ამ შემთხვევაში ვერც ცრუმოძღვრებები და ვერც სატანის პროპაგანდა ვერ შეგვიყვანს შეცდომაში და არც „დიდი გასაჭირის“ დროს გაგვიჭირდება იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა. ასე რომ, კვლავაც მტკიცედ იდექით ჭეშმარიტების მხარეს, და „მშვიდობის ღმერთიც თქვენთან იქნება“ (ფილ. 4:8, 9).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომაა მნიშვნელოვანი, გავარჩიოთ სიმართლე სიცრუისგან?

  • რატომაა მნიშვნელოვანი, ღვთისმოშიშები და თავმდაბლები ვიყოთ?

  • რა შემთხვევაში შევძლებთ ჭეშმარიტების მხარეს მტკიცედ დგომას?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!

a ᲡᲣᲠᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დადგმული სცენები: წლების წინ საბჭოთა კავშირში ძმებმა წერილი მიიღეს, თითქოსდა, მთავარი სამმართველოდან, არადა სინამდვილეში ის მოწინააღმდეგეთა დაწერილი იყო. თანამედროვე დროს ღვთის ხალხის მოწინააღმდეგეები ინტერნეტითაც ავრცელებენ დეზინფორმაციას იეჰოვას ორგანიზაციაზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება